Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ გოგოლაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოკრიბა, ტყიბულის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1955 წელს. 1955 წელს გამოდის მისი პირველი ლექსების კრებული "მახსენდება მშობლიური სკოლა". შემდგომ პერიოდში გამოდის მისი ლექსების კრებულები: "ჟუჟუნა წვიმა მოვიდა", "უკვდავება", "გემბანიდან დანახული სანაპირო" და სხვები. განსაკუთრებული წარმატება ხვდა მისი მოთხრობების კრებულს - "იქ, სადაც ლურჯი მთებია", რომელიც ითარგმნა რუსულ, უკრაინულ, ლიტვურ, სომხურ ენებზე, გამოიცა სტამბოლში თურქულ ენაზე. შემდეგ ზედიზედ გამოდის მისი მოთხრობების კრებული: "მუშკეტერის სიკვდილი", "ჭინკების ბრიგადა", "მოუსვენარი ზაფხული", "მფრინავი უფლისწული", "ქოხი, რომელიც უხელო კაცმა ააშენა" და სხვა. პირველი დრამატული ნაწარმოები, რომელიც ვ. გოგოლაშვილის კალამს ეკუთვნის, არის პიესა "წეროები", რომელიც დაიდგა 1961 წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრში (რეჟისორი ა. გამსახურდია). სპეკტაკლმა საბავშვო თეატრების საკავშირო ფესტივალზე პირველი პრემია დაიმსახურა. იგივე პიესა დაიდგა 1962 წელს მოსკოვის ცენტრალურ საბავშვო თეატრში, შემდეგ ამავე წელს ლენინგრადის, კიევის, ერევნის, ოდესის, სვერდლოვსკის თეატრებში. დაიდგა საზღვარგარეთ - ბულგარეთში, უნგრეთში, იაპონიაში. რესპუბლიკის თეატრებში წარმატებით იდგმებოდა მისი პიესები: "ალვები", "ეშმაკის გული", "გახსენება", "ირმისა", "ზღაპრის დასაწყისი", "სინათლის ჩიტი", "მე, ელენე, ერასტი და მედეა", "მშვიდობით, სიყვარულო", "შორეული ქალის ეშხი" და სხვა. წარმატებით ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას, თარგმნილი აქვს პ. სეროვისა და ვ. ხალემსკის რომანი "უკანასკნელი ორთაბრძოლა", იანუშ კორჩაკის მოთხრობები, ი. ეფრემოვის "ანდრომედას ნისლეული", ლევ კასილის "გლადიატორის თასი", ბ. პასტერნაკის ლექსები. 1962-2006 წლებში საქართველოს სახ. ფილარმონიის სალიტერატურო სამმართველოს უფროსად მუშაობს. ავტორია მრავალი პოპულარული სიმღერის ტექსტისა: "დაღამებულხარ ჩემო აპრილო", "პატარა ქალბატონი", "სიმღერა თბილისზე", "გურია", "მოგონება" და სხვა. დაწერილი აქვს საესტრადო იუმორისტული პიესები: "აცდენილი თერთმეტმეტრიანი", "გაკვეთილი 45 წუთი გრძელდება", "ესა ვართ, რაცა ვართ", "სიყვარულის წამალი" წარმატებით იდგმებოდა ესტრადაზე. ვ. გოგოლაშვილი ავტორია მონოგრაფიებისა: "ჯანო ბაგრატიონი", "ორნი ესტრადაზე", "ფილარმონიის ისტორიის საკითხები"; მისი საესტრადო ნაწარმოებები იყო ქართული ესტრადის ცნობილი ოსტატების - ვ. გოძიაშვილის, აკ. კვანტალიანის, ს. ჯაფარიძის, ნ. მოსეშვილის რეპერტუარებში. მის მახვილგონივრულ იუმორს თავისი ადგილი აქვს დათმობილი ქართლოს კასრაძის, ბადრი ბეგალიშვილის და სხვათა საკონცერტო გამოსვლებში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.67; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო თბ., 1992 - გვ.57-58; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.181; ქართული ლიტერატურა და ხელოვნება: da-dk.facebook.com; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.45 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |