The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ ბებუთოვი

ვასილ ბებუთოვი
Legal name:ვასილ ბებუთაშვილი
Date of birth:1 January, 1791
Date of death:10 March, 1858  (at 67 years)
Burial location:სურბ-გევორქის სომხური ეკლესიის ტერიტორია, ტფილისი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

1783 წელს ბებუთოვების გვარს ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ს სიგელის თანახმად ებოძა თავადის წოდება.

1807- 1809წწ. სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის კადეტთა 1-ლ კორპუსში.

სამხედრო სამსახური დაიწყო 1809 წელს, ხერსონის გრენადერთა პოლკის პრაპორშჩიკად, რომელიც განლაგებული იყო საქართველოში. ერთხანს მსახურობდა გენერალ ტორმასოვის ადიუტანტად, მონაწილეობდა ოსმალეთის კამპანიაში და ახალციხის ბრძოლაში (1819). 1812 წელს, როგორც მარკიზ პაულუჩის ადიუტანტი, იმყოფებოდა მაკდონალდის ჯარების დევნაში, რიგიდან მემელამდე და მემელის დაკავებისას (15 დეკემბერს). 1813 წელს გადაყვანილ იქნა ლაიბ-გვარდიის სემიონოვსკის პოლკში. 1816 წელს დაბრუნდა კავკასიაში და დაინიშნა მხარის ახალ უფროსთან, გენერალ ა. ერმოლოვის ადიუტანტად. ამ დროიდან მისი სამსახური იყო ხან სუფთა სამხედრო, ხან ადმინისტრაციული. 1817 წელს თან ახლდა გენერალ ა. ერმოლოვს თეირანში, განსაკუთრებული ელჩობისას, სადაც ეცნობოდა ევროპეიზირებული სპარსეთის ჯარის მოწყობას. დიპლომატიური მისიის მსვლელობისას ასრულებდა სამხედრო ატაშეს მოვალეობას. იმყოფებოდა თავრიზსა და თეირანში. გაეცნო თავდაცვითი გამაგრებების სისტემას. ბრწყინვალედ ფლობდა თურქულ, სპარსულ, სომხურ, ფრანგულ, ქართულ და რუსულ ენებს. სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ, იმყოფებოდა დაღესტნის ორ ექსპედიციაში, 1819 წელს მონაწილეობდა კაჩელიკელებისა და აკუშელების (სოფლები დაღესტანში) დარბევაში, ხოლო 1820 წელს კი ყაზი-ყუმუხის სახანოს დამორჩილებაში. თავად მადათოვის რაზმის შემადგენლობაში მონაწილეობდა აულ ხოზრეხის შტურმში. 1821 წლის 4 იანვარს ჩარიცხულ იქნა ლაიბ-გვარდიის მოსკოვის პოლკის სიებში. 1821 წლის 14 იანვარს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. იმავე წელს გადაყვანილ იქნა კარაბინერთა მე-7 პოლკში, ხოლო იმავე წლის 23 ივლისს დაინიშნა მინგრელსკის ეგერთა პოლკში, რომლის მეთაურად დარჩა 1825 წლამდე. შემდეგ ჩაუდგა სათავეში 22-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადას და, იმავდროულად დაინიშნა იმერეთის მმართველად და იმერეთში განლაგებული ჯარების სარდლად. ოსმალეთთან კამპანიის დაწყების წინ, 1828 წლის 25 მარტს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და დაინიშნა 22-ე ქვეითი დივიზიის უფროსის განკარგულებაში. 1830 წლის 13 თებერვალს დაინიშნა ახლად შემოერთებულ სომხეთის ოლქის უფროსად. ბებუთოვის მიერ დამთავრდა სპარსეთთან რუსეთის იმპერიის სამფლობელოების საბოლოოო საზღვრების დადგენა. 1830 წლის 17 აგვისტოს დაინიშნა ახალციხის პაშალიკის უფროსად. 1838 წელს თავადი ბებუთოვი დაინიშნა ამიერკავკასიის მხარის მთავარი სამმართველოს საბჭოს წევრად, ხოლო 1840 წლის 2 მაისს გადაყვანილ იქნა პოლონეთის სამეფოში, სადაც იმყოფებოდა მოქმედი არმიის მთავარ შტაბთან. 1842 წელს დაინიშნა ზამოსტიეს ციხესიმაგრის კომენდანტად. 1843 წლის 10 ოქტომბერს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. იმავე წლის 5 დეკემბერს იყო მიწერილი კავკასიის ცალკეულ კორპუსთან და 1844 წლის 13 თებერვალს დაინიშნა ჯარების სარდლად ჩრდილოეთ და მთიან დაღესტანში. 1845 წელს ბებუთოვმა მიიღო მონაწილეობა შამილის მიურიდების წინააღმდეგ ლაშქრობაში. 1847 წელს მონაწილეობდა დაღესტნის რაზმით, გამაგრებულ სოფელ გერგებილის გარემოცვასა და შტურმში. იმავე წლის 8 ნოემბერს დაინიშნა ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო სამმართველოს უფროსად და საბჭოს მთავარი სამმართველოს თავმჯდომარედ. 1853-1856წწ. ყირიმის (აღმოსავლეთის) ომის დროს 1853 წლის 19 სექტემბერს დავალებული ჰქონდა განსაკუთრებული კორპუსის მეთაურობა, რომელიც განლაგებული იყო ოსმალეთის საზღვარზე ახალქალაქიდან ერევნის ჩათვლით. მისი სამხედრო კარიერის უმაღლეს მწვერვალად უნდა ჩაითვალოს 1854 წლის 24 ივლისის ბრძოლა სოფელ ქურუქ-დარასთან, სადაც მან 18-ათასიანი რაზმით გაანადგურა თურქების 60-ათასიანი ჯარი, მუშირ ზარიფ მუსტაფა ფაშას სარდლობით. ამ ბრძოლაში ბებუთოვმა გამოავლინა ნამდვილი მხედართმთავრული ხელოვნება, ჯარების მართვის და მოქმედებების მსვლელობათა ხედვა. 1854 წლის 29 ნოემბერს მას დაეკისრა იმ ჯარების სამოქალაქო ნაწილის მმართველობა, რომლებიც არ შედიოდნენ მოქმედი კორპუსის შემადგენლობაში. სიკვდილამდე ერთი თვით ადრე, 8 თებერვალს დაინიშნა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრად. ცხოვრობდა ტფილისში. იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცეპრეზიდენტი და რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების თავმჯდომარე. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისთვის მიღებული ჰქონდა სპარსეთის ლომისა და მზის მე-II (1817) და I-ი ხარისხის (ალმას. - 1851) ორდენი და შაჰ ნასრედინის პორტრეტი (ალმასებით, მკერდზე სატარებლად - 1851). ინფანტერიის გენერალი (1857).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.386; სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.49-54

Awards and Honors

  • 1854 - წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი (მახვილები ორდენთან მას ებოძა 1855 წლის 5 აგვისტოს)
    9 აგვისტოს ქურუქ-დარასთან ბრძოლისთვის
  • 1853 - წმინდა გიორგის II ხარისხის ორდენი
    ანატოლიის არმიის განადგურებისთვის და ამ ბრწყინვალე გამარჯვებისთვის
  • 1851 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1851 - წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • 1849 - წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • 1847 - თეთრი არწივის ორდენი
  • 1846 - წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენი
  • 1845 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
  • 1830 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1820 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ბაბთით)
  • 1813 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი (წარწერით მამაცობისთვის)
  • ოქროს ხმალი (წარწერით "მამაცობისთვის")
    საბრძოლო დამსახურებისთვის
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (ალმასებით)
  • წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის I ხარისხის ორდენი

Share: