The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრია ყარაშვილი

ანდრია ყარაშვილი
Date of birth:30 November, 1857
Date of death:15 March, 1925  (at 67 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

განათლების მისაღებად გაემგზავრა იტალიაში 1873 წელს. შემდგომ სწავლა განაგრძო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სასულიერო სასწავლებელში, სადაც სხვა საგნებთან ერთად დაეუფლა გალობას, ორღანზე დაკვრასა და კომპოზიციას. 1878 წელს შევიდა პეტერბურგის კონსერვატორიის სავიოლინო კლასში. 1881 წელს დატოვა პეტერბურგი და სასწავლებლად ვარშავაში გაემგზავრა და შევიდა კონსერვატორიაში პროფ. ისიდორ ლოტოს კლასში, რომელიც 1885 წელს ბრწყინვალედ დაამთავრა და დატოვეს კიდეც პროფესორის ასისტენტად. ვარშავაში დაიწყო მისი შემოქმედებითი, საშემსრულებლო და პედაგოგიური მოღვაწეობა. მან შექმნა თავისი პირველი, პოლონური მუსიკის გავლენით ნაწარმოებები: საფორტეპიანო პიესა - "პოლონეზი", სავიოლინო ნაწარმოებები - მაზურკები, "ობერეკი", "ფუტკარი", "პერპეტუმ-მობილე" და სხვა. 1893 წელს ა. ყარაშვილი სამშობლოში დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლომდე თბილისში მოღვაწეობდა.  

1894–1897 წლებში ხელმძღვანელობდა ქართული დრამატული თეატრის გუნდს. 1895–1920 წლებში დიდი ამაგი დასდო მევიოლინეთა ქართული კადრების აღზრდას თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, სადაც სიმებიანი კვარტეტი ჩამოაყალიბა, რომელმაც პირველად შეასრულა მისი კვარტეტი "ლოთებო"(ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსზე, "ლოთებო, ნეტავი ჩვენა"). 1905–1919 წლებში მუშაობდა პედაგოგად "ქართული ფილარმონიის საზოგადოების" სამუსიკო სასწავლებელში, 1920–1922 წლებში მიიწვიეს თბილისის II კონსერვატორიაში ვიოლინოს კლასის პედაგოგად. მას ეკუთვნის აგრეთვე პოპულარული რომანსები: "ისევ შენ", "დავრდომილი, სნეული"; სავიოლინო პიესები: "ბაიათი", "პერპეტუმ მობილე", "ფუტკარი"; საფორტეპიანო პიესა "საზანდარი" (გუნდისათვის დაამუშავა ზ. ჩხიკვაძემ, შემდეგ ზ. ფალიაშვილმა. გავრცელდა "სამშობლოს" სახელწოდებით), საფორტეპიანო მარშები, ცეკვები - "ქართული", "დავლური",  სიმღერები: "მრავალჟამიერ", "პატარა გურია", დაუმთავრებელი ოპერა "ვეფხისტყაოსნის" ნაწყვეტები. მან აღზარდა ქართული მუსიკალური კულტურის მოღვაწეთა ნიჭიერი პლეადა. იყო მევიოლინე–ვირტუოზი (პირველი ქართველი მევიოლინე), საზოგადო მოღვაწე, ქართული სავიოლინო საშემსრულებლო სკოლის, ქართული სავიოლინო მუსიკის ფუძემდებელი, ქართული სიმებიანი კვარტეტის დამაარსებელი, საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების დამაარსებელთაგანი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10. - თბ., 1986. – გვ. 628; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 504; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.110

Member of Organizations

  • საქართველოს ფილარმონიული საზოგადოება, ერთ-ერთი დამაარსებელი

Share: