The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კოტე აფხაზი

კოტე აფხაზი
Legal name:კონსტანტინე აფხაზი
Date of birth:27 November, 1867
Date of death:20 May, 1923  (at 55 years)
Category:Political Leader, Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კარდანახი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი 1885 და პეტერბურგის სამხედრო აკადემია1890 წელს.

დაიბადა სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, თავად ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზისა(1828-1907) და ნინო ჭავჭავაძის(1834-1883) ოჯახში. ეს საგვარეულო აფხაზეთის მთავრების, შარვაშიძეთა კახეთში დამკვიდრებულ შტოს წარმოადგენდა. 1890 წლიდან მსახურობდა  ცარისტული რუსეთის არმიაში. I მსოფლიო ომის წლებში(1914–1916) სარდლობდა საარტილერიო ბრიგადას. 1917 წლის თებერვალ-სექტემბერში იგი აქტიური მონაწილე იყო ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა, რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წლის სექტემბერში. 1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ(რომელიც განიხილავდა საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს) იგი აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. მისი უშუალო ხელმძღვანელობით კახეთში გაყვანილ იქნა რკინიგზა. დიდი წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. 1919 წლის თებერვლამდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის ფუნქციებს ასრულებდა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე იყო კონსტანტინე აფხაზი. სწორედ ეროვნულმა საბჭომ, 1918 წლის 26 მაისის ისტორიულ სხდომაზე, მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, სამართლებრივი ხასიათის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. სხვა ცნობილ მოღვაწეთა ხელმოწერებთან ერთად ამ აქტს ამშვენებს აფხაზის ხელმოწერაც. 1919 წელს კონსტანტინე აფხაზმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ კანონის შემუშავებაში, რომელიც დამტკიცებულ იქნა დამფუძნებელი კრების მიერ აღნიშნული წლის ივლისში. აღსანიშნავია, რომ გამოჩენილ სამხედრო მოღვაწეებთან გიორგი კვინიტაძესთან და გიორგი მაზნიაშვილთან და სხვებთან ერთად მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. ზემოხსენებული კანონის მიღების დროს საქართველოს რეგულარულ არმიაში უკვე ირიცხებოდა 50 ათასამდე მებრძოლი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის დროს აფხაზი იყო ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1922 წელს მისი და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში, რომელმაც, მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობი ზიანი მიაყენა რუსულ საოკუპაციო არმიას. იმავე წელს კონსტანტინე აფხაზი იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მისივე თაოსნობით შეიქმნა ამ კომიტეტის სამხედრო ცენტრი. ცენტრი საერთო სამხედრო კოორდინაციას უწევდა მზადებას საყოველთაო-სახალხო ეროვნული ამბოხებისათვის. 1923 წლის თებერვალში  დააპატიმრეს გენერალი კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი. იმავე წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკიის ტერიტორიაზე. ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ცარისტული არმიის(1916) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის(1918) არტილერიის გენერალ-მაიორი,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი(1918), ილია ჭავჭავაძის დის შვილი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.256

Member of Organizations

  • თბილისის საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტი, წევრი (1906-1913)
  • თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, თავმჯდომარე (1917-1918)
  • რუსეთის სახელმწიფო საბჭო, წევრი (1916-1917)
  • სამხედრო ცენტრი, ხელმძღვანელი (1922-1923)
  • საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, წევრი (1922-1923)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-1919)
  • საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია, დამფუძნებელი (1917-)
  • საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია, თავმჯდომარე (1921-1923)
  • ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლი (მარშალი) (1913-1914)
  • ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლი (მარშალი) (1916-1917)

Share: