The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო დადიანი

ნიკო დადიანი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ დადიანი
სხვა სახელი:მეგრელი  (ფსევდონიმი)
მეგრელი ნ. დ.  (ფსევდონიმი)
ნიკო მეგრი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1844
გარდაცვ. თარიღი:12 ოქტომბერი, 1896  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ბერთემის (ბეთლემი) სასაფლაო, სენაკის რაიონი
კატეგორია:დიდგვაროვანი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სვირი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია.

გიმნაზიის დამთავრებისთანავე ქუთაისის ბანკის დირექტორად, ხოლო ბესარიონ ღოღობერიძის გარდაცვალების შემდეგ ამავე ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს; იგი გამოირჩეოდა ორატორული ნიჭით  და მას "ნიკო ფილოსოფოსად" მოიხსენიებდნენ; მონაწილეობდა ყველა საზოგადო-კულტურულ საქმიანობაში; 1890-იან წლებში მისი თაოსნობით ქართული მუსიკის შესწავლა-გავრცელების საზოგადოება დაარსდა; ამავე ხანებში ქუთაისში სამი საჯარო ლექცია წაიკითხა ქართველი ერის რაობაზე; გარკვეული პერიოდი ნ. დადიანი ქუთაისის გუბერნიის დეპუტატთა საკრებულოში დეპუტატად იყო მიწვეული და მინდობილი ჰქონდა სამეგრელოს სამთავროს წოდებრივ უფლებათა გამორკვევა; აქ მან დიდი ღვაწლი დასდო ძველი საუკუნის ნაწერთა აღწერილობას; კითხულობდა ლექციებს ძველი ქართული წიგნების შესახებ; ძველი "კარაბადინისა" და ახალი სამკურნალო წიგნების დახმარებით, თავისით შეისწავლა სამკურნალო მეცნიერება, არაერთი ავადმყოფი განკურნა და ნაადრევ სიკვდილს გადაარჩინა; მისი ქველმოქმედება ძირითადად შემოიფარგლებოდა საქართველოს მოსახლეობისათვის მაღალკვალიფიციური პრაქტიკული-სამედიცინო დახმარებით; ამიტომ მას და მის სახლში სოფელ ბეთლემში (სენაკის მაზრა) გახსნილ საავადმყოფოს (ქსენონს) ეტანებოდა მთელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა; იგი უანგაროდ სინჯავდა, რეცეპტს უწერდა, თუ საჭიროება მოითხოვდა აწვენდა ავადმყოფებს თავის "ქსენონში". ჰკურნავდა სრულიად უსასყიდლოდ და ბევრს საკუთარი ჯიბიდანაც ეხმარებოდა; იმერეთში ცნობილი იყო, როგორც "სხეულისა და  სულის მკურნალი"; მისი ლექსები, წერილები და თარგმანები იბეჭდებოდა XIX ს. 60–90-იანი წწ. ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ("დროება", "ივერია", "კვალი", "მოამბე", "მეურნე", "საქართველოს კალენდარი" და სხვ.); იზიარებდა "თერგდალეულების" ლიტერატურულ–ესთეტიკურ შეხედულებებს; 1881 წელს გ. ორბელიანთან, ი. ჭავჭავაძესთან, ი. მაჩაბელსა და სხვებთან ერთად ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენი პირველი კომისიის წევრი იყო; პოეტურ "არჩილურ შვიდთავში" (გამოვიდა სათაურით "საამდროვო გამოცანები", 1897) დახასიათებული არიან (ლექსად) XIX ს. ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები; იგი ავტორია ბელეტრისტული, დრამატული და ისტორიული თხზულებებისა, წერდა წერილებს სოფლის მეურნეობაზე, ჭიათურის მადნის მოპოვების, ქუთაისის ბანკის მუშაობის, სამეგრელოს სკოლებისა და მეგრული ენის შესახებ. თარგმნა შექსპირის პიესები, ჟ. მ. ერედიას, თ. სოლოგუბისა და სხვ. ნაწარმოებები; წერილებსა და ლექსებს აქვეყნებდა ხან ინიციალებით ("ნ. დ."), ხან ფსევდონიმებით ("ნიკო მეგრი", "მეგრელი", "მეგრელი ნ. დ."). გარდაიცვალა რუსეთში, ტავრიდის გუბერნიის სოფელ აგაიმანში. მწერალ შალვა დადიანის მამა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.253; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.655; თ-დი ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანი : (ნეკროლოგი) / დუტუ მეგრელი // მოამბე.-ტფილისი,1897.- იანვარი.- N 1.-განყ. II .- გვ.77-84; ნეკროლოღი : ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანი // კვალი. - 1896. - N46. - გვ.824


ბიბლიოგრაფია


გააზიარე: