Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი არადელი-იშხნელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი არადეთი, ქარელის რაიონი. დაამთავრა თბილისის II გიმნაზია 1903 წელს; ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფალულტეტი 1908 წელს. ოდესაში სწავლის დროს შევიდა რეჟისორ ა. დოლინოვის დრამატულ კურსებზე, რომელიც 1906 წელს დაამთავრა და მონაწილეობდა ოდესის რუსული დრამატული დასის წარმოდგენებში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1908 წელს, პირველად გამოვიდა თბილისის ქართული თეატრის სცენაზე და შეასრულა ლევან ხიმშიაშვილის როლი დ. ერისთავის პიესაში "სამშობლო". მისი დებიუტი ქართულ სცენაზე ფეხბედნიერი გამოდგა. იგი თბილისის ქართულ თეატრებში მუშაობდა გარდაცვალებამდე და ქართველი მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობი გახდა. გარდა ორი სეზონისა (1912-1913, 1914-1915 წ.წ.), მუშაობდა ქუთაისის თეატრში. იყო მეტად განათლებული, დახვეწილი მანერებით, ხავერდოვანი ხმით, შესანიშნავი გარეგნობისა და სასცენო ნიჭით დაჯილდოებული. ასრულებდა როგორც დრამატულ, ასევე სახასიათო როლებს, მის მიერ შესრულებული სახეებია: გელა (ა. წერეთლის "პატარა კახი"), არსენა (ა. ყაზბეგის "არსენა"), გიგო და შაქრო (ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი" და "გამცემი"), გლახა ჭრიაშვილი (ი. ჭავჭავაძის "გლახა ჭრიაშვილი"), მოურავი (ავქს. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), დე სანტოსი (კ. გუცკოვის "ურიელ ა'კოსტა"), ტირესია და კრეონტი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე" და "ანტიგონე"), ფლაქსმანი (ერნსტის "პედაგოგები"), კარლ მოორი (ფ. შილერის "ყაჩაღები"), ნერონი და ურსი (ს. სენკევიჩის "ვიდრე ხვალ, უფალო"), ჰენრიხი (გ. ჰაუპტმანის "ჩაძირული ზარი") და სხვა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.184; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 1 .- თბ., 1975.-, გვ. 534; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.74-75; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.186; მსახიობი გ. არადელი-იშხნელი : (გარდ. თებერ. 1 გორში, დაკრძალეს 5 თებერ. არადეთში) [ფოტო] // თეატრი და ცხოვრება . - 1920. - N5. - გვ.1; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.62
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |