Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
დავით VII ულუ
Date of birth: | 12?? |
Date of death: | 12?? |
Category: | Royalty |
Biography
საქართველოს მეფე 1247-1270წწ, გიორგი IV ლაშას უკანონო შვილი; დაახლოებით 1236 (1237) წელს რუსუდან მეფემ ტახტის შესაძლო პრეტენდენტის თავიდან მოცილების მიზნით იგი თავის სიძესთან (რუსუდანის ასულის, თამარის ქმართან), რუმის სულთან ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ II-თან გაგზვნა; სულთანმა ბორკილგაყრილი დავით გიორგის ძე ციხეში დაამწყვდია; გათავისუფლდა მონღოლთა მიერ ყიას ად-დინის დამარცხების შემდეგ (დაახლოებით 1242-1243წწ.); უმეფობის ხანაში ქართველ დიდებულთა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა ტახტის მემკვიდრედ დავით გიორგის ძე წამოაყენა, რადგან დავით რუსუდანის ძე ცოცხალი აღარ ეგულებოდათ; მონღოლთა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით დაახლოებით 1245 (1246) წელს ტახტის ახალი კანდიდატი რუმის სასულთნოდან საქართველოში ჩამოიყვანეს და ყაენთან გაგზავნეს; 1246 წელს ყარაყურუმში ჩასულ დავით გიორგის ძეს იქ დახვდა დავით რუსუდანის ძე; ამრიგად ყაენის კარზე ერთდროულად საქართველოს სამეფო ტახტის ორი პრეტენდენტი (მამიდაშვილ-ბიძაშვილი) აღმოჩნდა და შესაბამისად ქართველ დიდმოხელე ფეოდალთა ორი დაჯგუფებაც შეიქმნა; დავით გიორგის ძის მომხრეებმა იცოდნენ, რომ ქართული სახელმწიფო სამართლის ძალით ვერ გაიმარჯვებდნენ(ქართული სამართალი უკანონო შვილის უფლებებს არ ცნობდა) და ამიტომ ყაენს სთხოვეს ეს საკითხი მონღოლთა სამართლის მიხედვით გადაეწყვიტა(მონღოლთა სამართალი არ განარჩევდა კანონიერ და უკანონო შვილებს და უპირატესობას უფროს შვილს ანიჭებდა); 1247 წელს გუიუქ–ყაენმა ორივე დავითი მეფე დაამტკიცა – დავით გიორგის ძეს უფროსი (მონღოლურად "ულუ"), ხოლო დავით რუსუდანის ძე - უმცროსი (მონღოლურად "ნარინი") უწოდეს; 1248(1249) წელს დავით VII დავით VI ერთად თბილისში დაბრუნდა; ორივე მეფე 1259 წლამდე თანხმობით განაგებდა ქვეყანას; 1256 წლიდან საქართველო ილხანთა ანუ ჰულაგუიანების სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა; ილხანთა ბატონობის ხანაში კიდევ უფრო დამძიმდა გადასახად-გამოსაღებელი, რის შედეგადაც 1259 წელს აჯანყებამ იფეთქა; მას სათავეში დავით VI ნარინი ჩაუდგა; ამ აჯანყების დროს ჰულაგუ–ყაენმა დავით VII-ს ეგვიპტის წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა მოსთხოვა; მეფემ არ შეასრულა ყაენის მოთხოვნა და 1260 წელს, როდესაც 1259 წლის აჯანყება უკვე დამცხრალი იყო, აჯანყდა; აჯანყებულთა მთავარი დასაყრდენი სამცხე იყო. ახალდაბასთან ბრძოლაში ყაენის სარდალმა არღუნ-ნოინმა დაამარცხა დავით VII-ისა და სამცხის სპასალარ სარგის I ჯაყელის მცირერიცხოვანი ჯარი; აჯანყება მაინც გრძელდებოდა; 1261 წლის მაისში ყაენის ბრძანებით არღუნი დიდძალი ჯარით კვლავ შევიდა სამცხეში, მაგრამ დავით VII-ის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა, ვერც ჯაყელთა რეზიდენცია ციხისჯვარი აიღო და ივნისში უკან გაბრუნდა; მიუხედავად ამისა, დავით VII იძულებული გახდა ბრძოლა შეეწყვიტა და ქუთაისში დავით VI-თან გადასულიყო; მონღოლებმა ლიხთიმერეთში გადასვლა ვერ გაბედეს და ბრძოლა შეწყვიტეს; დასავლეთ საქართველოში დიდებული ფეოდალები დავით VI-ისა და დავით VII-ის მომხრეებად გაიყვნენ; ამასობაში მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოში მეთვალყურედ დასვეს ვინმე შადინი და მას მმართველად დანიშვნასაც უპირებდნენ, რაც აღმოსავლეთ საქართველოს სრული დაპყრობის მომასწავებელი იქნებოდა; ასეთ პირობებში დავით VII მონღოლებს შეურიგდა, თბილისში გადავიდა და 1262 წელს სარგის ჯაყელთან ერთად ჰულაგუსთან გაემგზავრა; ამ დროიდან საქართველო ფაქტობრივად ორ პოლიტიკურ ერთეულად - აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ გაიყო; დავით VII-ის საქმის გამოძიების დროს ყაენს აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ დაძრულიყო ოქროს ურდოს ყაენი ბერქა; ჰულაგუმ გამოძიება შეწყვიტა, დავით VII საქართველოში დაბრუნდა და ჯარით ხლება უბრძანა; 1263 წელს ბერქასთან ბრძოლაში დამარცხებული ჰულაგუმ შირვანში სიბა ააგო ოქროს ურდოს შემოსევათა შესაკავებლად; მეფე ყოველ შემოდგომა-გაზაფხულზე ლაშქრით სიბაზე იყო; 1265 წელს დავით VII საქართველოს ჯარით აბაღა–ყაენის ლაშქარში იბრძოდა ბერქას წინააღმდეგ; დავით VII-ის დროს ქვეყანა ეკონომიურმა კრიზისმა მოიცვა; მეფისა და მწიგნობართუხუცეს ბასილი უჯარმელ–ჭყონდიდელის აგრარულმა პოლიტიკამ - საეკლესიო მამულების ფეოდალებისთვის გადაცემამ - ვერ აღადგინა ფეოდალთა მიწათმფლობელობის ადრინდელი სიმტკიცე; საქართველოში ფეხს იკიდებდა მონღოლთა წესები; 1266 წელს საქართველოს სამეფოს გამოეყო სამცხე, რომელიც უშუალოდ ყაენს დაექვემდებარა; ამრიგად, XIII საუკუნის 60-იანი წლებისათვის საქართველო ფაქტობრივად სამ პოლიტიკურ ერთეულად გაიყო.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.268
|