| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დარეჯან ბატონიშვილი![]()
Biographyდარეჯან არჩილის ასული ბაგრატიონი მოსკოვის ქართული კოლონიის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო (ზოგი წყაროს მიხედვით დარეჯანი დაიბადა 1665 წელს). 1672 წელს დანიშნეს ლევან დადიანის ვაჟზე–მანუჩარზე. 1680 წელს მანუჩარი გარდაიცვალა. დარეჯანი აღარ გათხოვილა. 1685 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში, იგი მამას გაჰყვა რუსეთში, იქ დამკვიდრდა და იყო მოსკოვის ქართული კოლონიის კულტურულ-ლიტერატურული ტრადიციების შემდგომი გამგრძელებელი, არჩილ II-ის გარდაცვალების შემდეგ კი მოსკოვის ქართული ახალშენის მეთაური გახდა. დარეჯანი დიდი პატივისცემით სარგებლობდა რუსეთის მეფის კარზე, ამას ის ქართველთა სასიკეთოდ იყენებდა. 1721-1723 წლებში იღწვოდა საქართველოს პოლიტიკური კავშირის ჩამოსაყალიბებლად და ბოლომდე ერთგულად იბრძოდა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის გამყარებისათვის. მის სასახლეში (მოსკოვში) ქართველები ეცნობოდნენ რუსული მოწინავე საზოგადოების აზრს; მას ცხოველი ურთიერთობა ჰქონდა ვასტანგ მეექვსესთან. ქართლის მეფე დარეჯანს უგზავნიდა წერილებს, აღუწერდა საქართველოს მძიმე მდგომარეობას. დარეჯანიც თანამშრომლობდა ვახტანგთან, უთარგმნიდა რუსულ წერილებს. 1733–1736 წლებში მისი ინიციატივით სოფელ ვსეხსვიატკოეში ძველი კარის ეკლესიის ნაცვლად ააგეს ახალი ტაძარი, რომელიც ქართველთა კულტურულ–რელიგიური ცენტრი გახდა. იქ იკრიბებოდნენ საქართველოდან დევნილი ქართველი მამულიშვილები, რომელთაც არ ედგომებოდათ სამშობლოში ჟამთა სიავის გამო. იქ გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები სულსან-საბა ორბელიანმა. დარეჯან ბაგრატიონს საკუთარი ლიტერატურული მემკვიდრეობა არ დაუტოვებია, მაგრამ მოღწეული საბუთები ამტკიცებენ, რომ ის კულტურულ-მწიგნობრული საქმიანობით დაინტერესებული იყო, თვალს ადევნებდა სხვათა მუშაობას, ეხმარებოდა და მფარველობდა შემოქმედებით მუშაკებს. ჩვენამდე მოღწეულია ზოგი წიგნი, რომლის დაწერა თუ გადაწერა დარეჯან ბაგრატიონის სახელთანაა დაკავშირებული. მაგალითად, დარეჯანის კარის წინამძღვარს იოსებს მისი ბრძანებით გადაუწერია საგალობლების კრებული. 1738 წელს დარეჯანის ბრძანებით მოლარეთუხუცესს გაბრიელ ჩხეიძეს უთარგმნია სასულიერო-საეკლესიო შინაარსის კრებული, რასაც ადასტურებს გადამწერის ანდერძი: "ეს რაც ამ წიგნში სწერია, გადმოვთარგმნე რუსულისაგან ქართულად მე, კურთხეულის იმერეთის მეფის არჩილის, ვახტანგის შვილის, საფარველს ქვეშე გაზრდილმან და დაბერებულმან გაბრიელ ჩხეიძემან, ბრძანებითა ასულისა მისისა კეთილმორწმუნისა ცარევნა დარია არჩილოვნასითა". დარეჯანთან მოღვაწეობდა "კარის წინამძღვრის ჯანდიერის შვილი მანუჩარის ძე დომენტი", რომელსაც "რუსულის წესით" დაუწერია "სადღესასწაულო სრული, თვენი საგალობელითა, სვინაქსრითა" და სხვ. დარეჯან არჩილის ასულის სასახლეში, შემდეგ ქართული სტამბა გაიმართა. დარეჯანი სტამბას ჯეროვნად ეხმარებოდა. 1739 წელს ამ სტამბაში დაიბეჭდა თეოფანე პროკოპოვიჩის (1681-1756) "პირველ სასწავლო ყრმათა", ამ წიგნის ბოლოსიტყვაობაში წერია: "პირველ ესე სასწავლო ყრმათთვის, რუსულისაგან ქართულად გადმოითარგმნა ბატონის შვილის დარეჯანას მოლარეთხუცის ჩხეიძის გაბრიელისაგან, და ქართულს ენაზე გასწორდა არქიმანდრიტის გერმანესაგან, და დაიბეჭდა სამეუფოსა ქალაქსა მოსკოვს მის დიდებულის ბატონის შვილის დარეჯანას სასახლეში მის და მის პალატის ყრმათა შეწევნითა და ხელის მომართვითა". აღნიშნულ წიგნში დასმულ აღმზრდელობით იდეებს და საკითხებს ქართველი ბატონიშვილი იზიარებდა და სურდა ის ქართველთა შორისაც დაენერგა. ამრიგად, დარეჯან არჩილის ასულ ბაგრატიონს გარკვეული ადგილი ეკუთვნის ქართველ მწიგნობარ ქალთა შორის, როგორც მეცენატსა და მწიგნობარს. მეფე არჩილ II-ის ასული. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.322; ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.100-102
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

