The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე IV (იმერეთის მეფე)

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1695
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ალექსანდრე IV იყო იმერეთის მეფე 1683–1690 და 1691–1695 წლებში, ბაგრატ IV-ის უკანონო შვილი.

1681 წელს, როდესაც ბაგრატ IV გარდაიცვალა, ალექსანდრე IV ქართლის მეფე გიორგი XI-ის კარზე იმყოფებოდა. ამით ისარგებლა გიორგი გურიელმა და იმერეთის ტახტი მიიტაცა. იმერეთის დიდებულთა და გიორგი XI-ის შუამდგომლობით ოსმალეთის სულთანმა იმერეთის ტახტი ალექსანდრე IV-ს უბოძა და იგი ახალციხის ფაშის დახმარებით ტახტზე ავიდა. პოლიტიკური მიზნით მან თავისი და დარეჯანი მიათხოვა პაატა აბაშიძეს, რომლის გავლენას მთელი ზემო იმერეთი ემორჩილებოდა. 1684 წელს, რიკოთის ბრძოლაში, ალექსანდრე IV-მ დაამარცხა გურიელი და მისი მომხრეები–გიორგი ლიპარტიანი, შოშიტა II რაჭის ერისთავი, ბეჟან ლორთქიფანიძე და ჩიჯავაძენი. 1689 წელს, როდესაც გიორგი XI ირანს აუჯანყდა, ალექსანდრე IV-მ შაჰთან დაამყარა ურთიერთობა, რაც ოსმალეთის ვასალობაზე უარს ნიშნავდა. ამის გამო სულთანმა მას მეფობა ჩამოართვა(1690 წლის აგვისტო). ალექსანდრე IV ქართლში გადავიდა და გორს დადგა. ქართლში ახლად გამეფებული ერეკლე I-ის მეცადინეობით ირანის შაჰმა ოსმალეთის სულთანთან იშუამდგომლა და 1691 წელს ალექსანდრე IV იმერეთის ტახტზე აღადგინეს. ალექსანდრე IV-ის მეფობის დროს გაძლიერდა ფეოდალური ანარქია, გახშირდა ტყვეებით ვაჭრობა, მორალურად დაქვეითდა არისტოკრატია. 1695 წელს ალექსანდრე IV-ის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო მისივე სიმამრის, გიორგი აბაშიძის თაოსნობით. შეთქმულებმა ალექსანდრე IV შეიპყრეს და გიორგი XI-ს გადასცეს, რომლის ბრძანებით იგი რუისში მოკლეს და იქვე ეკლესიაში დამარხეს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.99


გააზიარე: