The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ამილახვარი

დიმიტრი ამილახვარი
დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:24 ოქტომბერი, 1942  (36 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლიბიის უდაბნო, ლიბია
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაზორკინი, თერგის ოლქი(ახლანდელი ჩერმენი), ჩრდილოეთ ოსეთი.

საფრანგეთის არმიის ოფიცერი. წარმოშობით ქართველი. დაბადების ადგილის მიხედვით "ბაზორკად" წოდებული. 14 წლამდე იზრდებოდა საქართველოში, შემდეგ ოჯახთან ერთად გადასახლდა უცხოეთში. 1922 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. სწავლობდა სენ–სირის სამხედრო სასწავლებელში(1924–1926), რომლის დასრულების შემდეგ მსახურობდა ჩრდილოეთ აფრიკაში საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. II მსოფლიო ომის დასაწყისში იგი ჩაირიცხა სიდ–ბელ–აბესში(ალჟირი) შექმნილი უცხოური ლეგიონის XIII ნახევარბრიგადაში(1940 წლის თებერვალი). თავი ისახელა ნარვიკის ბრძოლაში(1940 წლის მაისი–ივნისის დამდეგი). ჰიტლერული ოკუპაციის დროს ლეგიონი ჩრდილოეთ საფრანგეთიდან ინგლისში გადავიდა, სადაც შეადგინა თავისუფალი საფრანგეთის ძალების პირველი ბირთვი. გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე უცხოური ლეგიონის მაიორი დიმიტრი ამილახვარი ლონდონში ჩავიდა და შეუერთდა გენერალ შარლ დე გოლის "თავისუფალი საფრანგეთის" არმიას. დიმიტრი ამილახვარი მონაწილეობდა ერითრიის კამპანიაში, განსაკუთრებით ისახელა თავი ქალაქ მასაუის აღებისას, სადაც მოულოდნელი შეტევით ხელში იგდო იტალიელთა რამდენიმე საესკადრო ნაღმოსანი და მრავალი ტყვე(1941 წლის 7 აპრილი). მან მონაწილეობა მიიღო სირიის კამპანიაში, ქალაქ დამასკოს აღებაში. ამისათვის საფრანგეთის პროფაშისტურმა ხელისუფლებამ მას დაუსწრებლად მიუსაჯა სიკვდილით დასჯა. დიმიტრი ამილახვარმა მიიღო ლეიტენანტ–კოლონელის წოდება და დაინიშნა უცხოური ლეგიონის ნახევარბრიგადის მეთაურად. მისმა ნაწილმა გენერალ კენიგის ბრიგადის შემადგენლობაში დიდი წინაარმდეგობა გაუწია გერმანელ გენერალ ე–ს,16–დღიან ბირ–ჰაკეიმის ბრძოლაში(1942 წლის 26 მაისი–10 ივნისი, ეს ბრძოლა სამხედრო ხელოვნების ისტორიაში "უდაბნოს ვერდენად" არის  წოდებული). 1942 წელს დიმიტრი ამილახვარი დააჯილდოვეს "განთავისუფლების ჯვრით". იგი გმირულად დაიღუპა ელ–ალამაინის ბრძოლაში. სიკვდილის შემდეგ მას მიენიჭა საპატიო ლეგიონის კავალრის უმაღლესი წოდება. 1956 წელს მისი სახელი მიენიჭა სენ–სირის სამხედრო სასწავლებლის 143–ე გამოშვებას. 2005 წელს საფრანგეთში ფართოდ აღინიშნა დიმიტრი ამილახვრის დაბადებიდან მე-100 წლისთავი, პარიზის ერთ-ერთ ქუჩას და სან-სირის სამხედრო აკადემიის აღნიშნული წლის გამოშვებას ეწოდა მისი სახელი. 2010 წლის 27 დეკემბრის თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაბა წყნეთში არსებულ სტალინის ქუჩას დიმიტრი ამილახვარის ქუჩა ეწოდა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.129

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1942 - განთავისუფლების ჯვარი, ბირ–ჰაკეიმის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის
  • საპატიო ლეგიონის უმაღლესი ორდენი(სიკვდილის შემდეგ)

გააზიარე: