The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დემეტრე I

Date of birth:1093
Date of death:1156  (at 63 years)
Category:Poet, Royalty

Biography

საქართველოს მეფე 1125-1156წწ; დავით აღმაშენებლის მემკვიდრე; მამის სიცოცხლეშივე აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში; დიდგორისა (1121) და შირვანის (1120-1124) ბრძოლებში ქართველთა ლაშქრის გამარჯვების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო; დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ იძულებული გახდა ანისი ყმადნაფიცობის პირობით თურქეთისთვის დაეთმო; 1138 წელს დემეტრე I-ის სარდლობით ქართველებმა განძა აიღეს და გამარჯვების ნიშნად ქალაქის კარი საქართველოში მოიტანეს(დაცულია გელათში), მაგრამ დემეტრე I-მა ვერ შეძლო განძის შენარჩუნება და ქალაქი დიდხანს დარჩა მაჰმადიანთა საყრდენ პუნქტად საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში; 1130 წელს დემეტრე I-ის უფროსმა შვილმა დავითმა იმის შიშით, რომ დემეტრე I-ს უმცროსი შვილი გიორგი არ გაემეფებინა, შეთქმულება მოაწყო მეფის წინააღმდეგ; მეფემ შეიპყრო შეთქმულების მოთავეები დავით დემეტრეს ძე და ივანე აბულეთისძე; შემდგომში(სომეხი მემატიანის ვარდანის ცნობით 1132 წელს, ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანის ცნობით 1145 წელს) დემეტრე I-მა ივანე აბულეთისძე მოაკვლევინა, ხოლო მისი შვილი თირქაში(ქირქიში) საპყრობილეში დაამწყვდია; 1154 (1155) წელს დავითმა კვლავ მოაწყო შეთქმულება, თავისი ერთგული და მეფის მოწინააღმდეგე დიდებულების შემწეობით, დემეტრე I იძულებით ბერად შეაყენა და სამეფო ტახტი თვითონ დაიკავა; დავითის გარდაცვალების შემდეგ (იგი მხოლოდ 6 თვეს მეფობდა) დემეტრე I-მა ბერის ჩოხა გაიხადა და ტახტი დაიბრუნა, თანაც შეამზადა პირობები მისი უმცროსი ძის გასამეფებლად; მწვავე შინაპოლიტიკური ბრძოლების გამო დემეტრე I-ის მეფობის დროს საქართველოს პოლიტიკური ზრდა ერთგვარად შეფერხდა; საყურადღებოა დემეტრე I-ის პოეტური შემოქმედება; ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე იამბიკომ; განსაკუთრებით გამოირჩევა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი იამბიკოები; დემეტრე I-ის თხზულებათა პოეტური სახეები ქრისტიანულ სიმბოლიკაზეა დაფუძნებული, ზოგ მათგანს რითმაც ეტყობა; მისი "შენ ხარ ვენახი" დღესაც ცოცხალი საეკლესიო საგალობელია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.373; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.120-121


Share: