| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ პაპავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სამწერლო ასპარეზზე ძალიან ახალგაზრდა გამოვიდა და მაშინვე მიიქცია მკითხველის ყურადღება. მისი მოთხრობები იბეჭდებოდა "ქოჩრიანი ტოროლას" ფსევდონიმით, თანამშრომლობდა იოსებ იმედაშვილის ჟურნალთან "თეატრი და ცხოვრება". თარგმნა და გამოსცა ბონზელსის ცნობილი ნაშრომი "ფუტკარი და მაია". ცოლად გაჰყვა ქართული საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტს, დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის წევრს, მწერალთა კავშირის მეორე თავმჯდომარეს, ჟურნალ "ხელოვნების" რედაქტორ აკაკი პაპავას, რომლის წერილები ხშირად იბეჭდებოდა ქართულ პერიოდულ და სალიტერატურო გამოცემებში. 1922 წელს აკაკი "გასაბჭოებული" საქართველოდან ბერლინში ჩავიდა და ერთხანს იქიდან თანამშრომლობდა ქართულ გამოცემებთან. 1923 წელს თამარმა ქალიშვილებთან ერთად დატოვა საქართველო. ცხოვრობდნენ ჰამბურგსა და ბერლინში, სადაც მათი სახლი ემიგრანტთა თავშეყრის ადგილი იყო. პაპავების ოჯახს უკავშირდება ეროვნული სიწმინდის - ემიგრაციაში მოხვედრილი თბილისის სიონის ტაძრის ტრაპეზის ძველი ნაქარგი გადასაფარებლის გადარჩენა. ბერლინში სომეხი კოლექციონერი გარდაიცვალა, მისმა მეუღლემ კი მთელი კოლექციის გაყიდვა გადაწყვიტა. გასაყიდ ნივთებს შორის აღმოაჩინეს თამარ და აკაკი პაპავებმა ქართულწარწერიანი ფარდაგი, რომლის აღწერილობა ექვთიმე თაყაიშვილს გადაუგზავნეს. ექვთიმეს მოუწერია, რომ ეს სწორედ ის გადასაფარებელი იყო, რომელიც საუკუნის წინ მოუპარავთ სიონიდან. დიდი წვალებით მოგროვილი თანხით პაპავებმა ფარდაგი 20 000 დოლარად შეიძინეს (მოგვიანებით, მათი ანდერძის თანახმად, ფარდაგი საქართველოში რეზო თაბუკაშვილმა დააბრუნა). მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 წელს, პაპავები სამხრეთ ამერიკაში, არგენტინაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც 100-კაციანი ქართული დიასპორა არსებობდა. ალვარეს თომასის ქუჩაზე მდებარე აკაკი და თამარ პაპავების სახლი გახდა ქართული ემიგრაციის შეკრების ცენტრი ბუენოს-აირესში. 1950 წლის 29 ოქტომბერს არგენტინაში მყოფმა ქართველებმა ჩამოაყალიბეს სათვისტომო "წმინდა გიორგი", რომლის პირველ თავმჯდომარედ ვიქტორ ნოზაძე აირჩიეს, საპატიო თავმჯდომარედ - აკაკი პაპავა. 1952 წლიდან თავმჯდომარე თამარ პაპავა გახდა. ამერიკის კონტინენტზე პირველი ქართული ბეჭდური ორგანო - ჟურნალი "მამული" ვიქტორ ნოზაძის რედაქტორობით, სწორედ არგენტინაში გამოდიოდა 1950-1953წწ. არგენტინელი ქართველები იხდიდნენ ეროვნულ დღესასწაულებს, მართავდნენ ქართულ კონცერტებს, წარმოდგენებს, აღნიშნავდნენ შობა-ახალ წელს. ღონისძიებების ორგანიზატორი პაპავების ოჯახი იყო. ალილოს შეხვედრაზე საუბრობს თამარ პაპავა სარა მერაბაშვილისადმი გაგზავნილ წერილში. თამარ და აკაკი პაპავებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ ქართული ემიგრანტული მწერლობის ისტორიაში. აკაკი პაპავამ გამოსცა 4 პოეტური კრებული, თამარ პაპავას ისტორიული ნარკვევები იბეჭდებოდა პარიზში გამოცემულ ქართულ ჟურნალში "კავკასიონი", "ისახარის" ფსევდონიმით. თამარ პაპავამ პარიზში გამოსცა წიგნი "გაბნეული საფლავები", რომელშიც შესულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის, წევრების და სხვა მნიშვნელოვან ადამიანთა ბიოგრაფიები. 1937 წელს ექვთიმე თაყაიშვილის წინასიტყვაობით გამოქვეყნდა წიგნი "დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში". 1951 წელს ბუენოს-აირესში, ჟურნალში "მამული", ნოე ჟორდანიას წინასიტყვაობით, გაგრძელებებით დაიბეჭდა თამარ პაპავას ნარკვევი დარეჯან დედოფალზე, რითაც დაიწყო წიგნის "დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში" II ტომი. ეს იყო ამერიკაში დაბეჭდილი პირველი ქართული წიგნი. წიგნი ემიგრაციაში სამჯერ გამოიცა, საქართველოში კი მხოლოდ 1990 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში მოხერხდა მისი გამოქვეყნება. 1964 წლის 27 ივნისს აკაკი პაპავა მოულოდნელად გარდაიცვალა ლომას დე ზამორას ავტობუსში, ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტის ბილეთებით ჯიბეში. ანდერძის თანახმად, დაკრძალეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. 12 წლის შემდეგ, ლევილის სასაფლაოზე დაკრძალეს თამარ პაპავაც. წყარო: ქართველი ქალები ემიგრაციაში/ტექსტის ავტორი რ. დაუშვილი. -თბ., 2024. -გვ.-57-65 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

