The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი პეტრიაშვილი

დაბადების თარიღი:178?
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა ასტრახანის სასულიერო სემინარია 1796 წელს.

ორი წლის განმავლობაში, მსახურობდა ყიზლიარში მღვდლად. 1798 წლიდან მუშაობდა იქვე ჯარის ერთ პოლკში იმავე თანამდებობაზე. 1803 წელს სინოდმა გაათავისუფლა იგი ბერად შესადგომად, მაგრამ იმავე წელს საქართველოს მთავარმართებელმა გენერალმა ციციანოვმა წამოიყვანა თბილისს თავისი კანცელარიის მთარგმნელის თანამდებობაზე. 1804-1811წწ. იყო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის დირექტორი. ამ ხნის განმავლობაში მან შეძლო სასწავლო-აღმზრდელობითი რეჟიმი აეყვანა სათანადო სიმაღლეზე. კარგი ადმინისტრატორისა და მასწავლებლის სახელი ჰქონდა მოპოვებული. მან მშვენივრად ააწყო სასწავლებლის მუშაობა გაზარდა მოწაფეთა კონტინგენტი, მოაწყო სტამბა სასწავლებელთან, შეადგინა ქართული ენისა და ლიტერატურის ქრესტომათია, იოანე ქართველიშვილთან ერთად თარგმნიდა რუსული ენიდან სახელმძღვანელოებს და ხელმძღვანელობდა მათ ბეჭდვას სასწავლებლის სტამბაში. 1806 წელს მთავარმართებელ პ. ციციანოვის შუამავლობით სთხოვა მეფეს თავის თანამდებობიდან განთავისუფლება, ბერად აღკვეცის მიზნით. მაგრამ ალექსანდრე I-მა, მიიღო რა ციციანოვისაგან საუცხოო დახასიათება პეტრიაშვილისა, როგორც დირექტორისა და მასწავლებლისა, არ გაათავისუფლა იგი. იმპერატორმა დააჯილდოვა იგი წმ. ანას II ხარისხის ორდენით. 1810 წელს პეტრიაშვილმა კვლავ აღძრა შუამდგომლობა მეფის წინაშე დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. შუამდგომლობა დაკმაყოფილებულ იქნა, ვინაიდან მას მხარი დაუჭირა მთავარმართებელმა ტორმასოვმა. უკანასკნელს განზრახვა ჰქონდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი სამხედრო სასწავლებლად გადაეკეთებინა და მის სათავეში სასულიერო პირის გაჩერება აღარ შეიძლებოდა. თვალსაჩინო ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. 

წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები. კრ. 1/საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმი, ვ. ქაჯაიას რედაქციით. -თბ., 1953. -გვ.-29-32

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

გააზიარე: