The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოლეგ ტიმჩენკო

ოლეგ ტიმჩენკო
Date of birth:25 December, 1957  (67 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

ერთ-ერთი წევრია 1980-იანი წლების დასასრულისა და 1990-იანი წლების დასაწყისში მოქმედი ავანგარდული ჯგუფისა, რომელიც "X სართულის" სახელითაა ცნობილი. ამ ჯგუფის წევრებმა პოსტმოდერნისტული ხელოვნების გააზრება და საკუთარ კონტექსტში მისი წარმოდგენა დაიწყეს ცვლილებებისკენ მიმართული "პერესტროიკის" პერიოდში. მაშინ ქართული აუდიტორია არ იცნობდა ფორმატებს - არტისტულ აქციასა ან პერფორმანსს. აბსტრაქტული მხატვრობაც მხოლოდ დისიდენტურ პოზიციასთან ასოცირდებოდა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ამ ფორმატებს სთავაზობდა ქართველ საზოგადოებას. აქტუალურსა და პრობლემურ თემებზე არტისტული რეაქციების პარალელურად ოლეგ ტიმჩენკოს მხატვრობაში მუდმივ თემად რჩება ისტორია, ლიტერატურა, რომანტიზმისა და სიმბოლიზმის მემკვიდრეობა. მისი შემოქმედების მოყვარულთათვის განსაკუთრებულ ადგილას დგას ემოციურად დატვირთული, ერთგვარად განყენებული მდგომარეობები, სადაც მედიტაციური ტრანსი ვიზუალურ გამოსახულებადაა ქცეული და ბუნებასთან განუყოფლობას, მისი ენის "ცოდნასა" და ერთგვარ უსასრულო არსებობას აჩვენებს. ამგვარია "დუმილი", როცა არყის ხეების ტყე მუსიკალურ ჟღერადობას იძენს თავისი რიტმითა და, ამავე დროს, მარადიულთან შეხებით, ისევე, როგორც ბუნებასთან სრულად შერწყმული წყვილი "ღიღილოების მინდორზე". ოლეგ ტიმჩენკო არის მხატვარი, რომელიც რომანტიკულ-სიმბოლისტური ხილვების პარალელურად კონცეპტუალურ პერფორმანსს წარმოგვიდგენს, ან სრულიად დეკორატიულ-ზღაპრულ სერიას მისთვის სახასიათო მსუბუქი იუმორით მოსავს. მონაწილეობდა ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ხელოვნების ეროვნულსა და საერთაშორისო ფესტივალებში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, რუსეთის, უნგრეთის, გერმანიის, ჰოლანდიისა და სხვა ქვეყნების არაერთ გალერეასა თუ კერძო კოლექციაში.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.94;  ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 46-47


Share: