შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ თათარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1933 წელს. 1936 წელს ცეკვავდა ინსტიტუტის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ წრეში ჯ. ბაგრატიონის ხელმძღვანელობით. 1937-1941 წლებში მუშაობდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში მოცეკვავე მსახიობად. 1941-დან 1946 წლამდე იმყოფებოდა სსრკ არმიის რიგებში. იბრძოდა სხვადასხვა ფრონტზე, იყო საზენიტო არტილერიის ბატარეის მეთაური. დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით. 1946 წელს საბჭოთა არმიის რიგებიდან დემობილიზებული დაბრუნდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში. 1948-1956 წლამდე მუშაობდა ქორეოგრაფად. ხშირად მოგზაურობდა სსრკ სხვადასხვა ქალაქში. ა. თათარაძის დადგმებიდან აღსანიშნავია "ქალთა მასობრივი" (1948), "ძველი თბილისის სურათები" (1951), "სამთა მთიულური" (1951), "იმერული სახუმარო" (1954), "ფშავ ქალთა ლხინი" (1958), "ფერხული" , "თამარ დედოფალი" (1968) და სხვა. 1955 წლიდან მუშაობას იწყებს თბილისის სამხატვრო თვითმოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში ქართული ცეკვისა და ცეკვის კომპოზიციის პედაგოგად. 1957 წლიდან ხელმძღვანელობდა სასწავლებლის ქორეოგრაფიულ განყოფილებას, ხოლო 1962 წლიდან 1970 წლამდე ამავე სასწავლებლის დირექტორის მოადგილე იყო სასწავლო დარში. 1970-1973 წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის ქორეოგრაფიულ განყოფილებას. მის აღზრდილთა შორის გამოირჩეოდნენ რესპუბლიკის სახალხო არტისტები - ფრიდონ სულაბერიძე და ჯემალ ნავროზაშვილი. ა. თათარაძე ნაყოფიერ კვლევით მუშაობასაც ეწეოდა. სწავლობდა ქართული ხალხური ცეკვების საფუძვლებს, მათ უძველეს ნიმუშებს, იძიებდა ქართული ქორეოგრაფიის ისტორიისა და თეორიის საკითხებს, იგი ამ დარგის რესპუბლიკის ერთი წამყვანი სპეციალისტი იყო. ქართული ცეკვის უძველესი ნიმუშების მომძიებელი, შემკრები, ჩამწერი, მკვლევარი, იწერდა აგრეთვე ტრადიციის, წესჩვეულებების, დღესასწაულების, თამაშობების ნიმუშებს. იყო 30-მდე სამეცნიერო და მეთოდური ხასიათის ნაშრომების ავტორი. ამუშავებდა ქართული ცეკვის ილეთთა ახსნა-განმარტებით ტერმინოლოგიაზე და ქართული ქორეოგრაფიის ლექსიკონზე. მან პირველმა ჩაწერა, აღწერა და გამოსცა სვანეთში შემორჩენილი უძველესი, წარმართული პერიოდის ფერხულები. მისი ინიციატივით მოეწყო სამეცნიერო კვლევითი ექსპედიციები ფშავ-ხევსურეთში (1949), თიანეთში (1957), თუშეთში (1960), სვანეთში (1959), მესხეთ-ჯავახეთში (1965), მთიულეთში (1968), აჭარაში (1964), რაჭაში (1968). სხვადასხვა დროს მუშაობდა სამტრედიის, ჩოხატაურის, ვანისა და სხვა რაიონების თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ კოლექტივებში ცეკვების დამდგმელად და კონსულტანტად. მისი დადგმული ცეკვებია კინოფილმებში: "ჩრდილი გზაზე", "ენგურის ნაპირებზე", "ერთი ცის ქვეშ", "ძველი თბილისის მოტივები", "ლილეო" და სხვა. ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბილისის საცირკო-საესტრადო სასწავლებელში. 1969 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის ქორეოგრაფიული განყოფილების გამგე იყო. 1985 წლიდან იყო საქართველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმის ქორეოგრაფიული სექციის თავმჯდომარე და ქართული ხალხური ცეკვის სახალხო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიის კათედრის გამგე. აღზარდა მრავალი მოცეკვავე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 191; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.102; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.67 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |