The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ გურიელი

გრიგოლ გურიელი
დაბადების თარიღი:1817
გარდაცვ. თარიღი:20 ოქტომბერი, 1890  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წმინდა მარინეს ეკლესიის გალავანი, ოზურგეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

გურიის მთავრის მამია V გურიელის შვილიშვილი, გენერალ ლ. გურიელის ძმა. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სამხედრო სამსახურში შევიდა. ყირიმის ომის დროს იბრძოდა ქობულეთის მიმართულებით, მეთაურობდა გურიის მოხალისეთა რაზმს. 60-იანი წლებიდან მეთაურობდა მაშინდელი სამხრეთის საზღვრის "კორდონის ხაზის" სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთს. მისი წინადადებით, 1874 წელს მოეწყო ექსპედიცია აჭარაში, შავშეთსა და სხვა რეგიონებში. ექსპედიციას თვითონ ხელმძღვანელობდა, თან ახლდა რუსეთის მთავარი შტაბის პოდპოლკოვნიკი გ. ყაზბეგი, რომელიც ესტუმრა შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილს(გურიელის ნათესავს) და ომის დროს თანადგომაზე შეითანხმა. 1877–1878, რუსეთ-ოსმალეთის ომის პერიოდში, ეწეოდა ფართო სამხედრო და დიპლომატიურ მოღვაწეობას. 1878 დაინიშნა ბათუმის ოკრუგის უფროსად. ჩაშალა ამ მხარის მოსახლეობის მუჰაჯირად წასვლა; იბრძოდა ქართველი მოხელეების დასაწინაურებლად. საადგილმამულო ურთიერთობის შესასწავლად და გადასაჭრელად შექმნა კომისია, რომელსაც ევალებოდა აგრეთვე ქართული საგვარეულოების, მათი ზნე-ჩვეულებებისა და სხვა ტრადიციების გამოკვლევა. მან ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა და ხელისუფლებაც თითქოს დიდად აფასებდა მის ღვაწლს, რადგან დიდი როლი შეასრულა აჭარის, იმერხევისა და შავშეთის მშვიდობიანად შემოერთებაში. ამის მიუხედავად, იგი ბათუმის ადმინისტრაციას ჩამოაშორეს, გენერლის წოდება მიანიჭეს და პენსია დაუნიშნეს. 1873 წელს მისი ინიციატივითა და ხელშეწყობით გაიხსნა ოზურგეთის ქალთა საეპარქიო სასწავლებელი, რომლის საპატიო მზრუნველი თავად იყო. ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა. მოიძია ქრისტიანული ლიტერატურის, ქართული სამართლისა და სხვა ძეგლები. იყო ცნობილი მეცენატი, აშენებდა სკოლებს და ამარაგებდა წიგნებით, თავისი ხარჯით გზავნიდა სასწავლებლად ქართველ მაჰმადიან ახალგაზრდებს, ხელს უწყობდა სტამბების დაარსებას პროვინციებში, თავისი ხარჯით ბეჭდავდა წიგნებს, აგროვებდა ქართულ ხალხური ზეპირსიტყვიერების მასალებს. გარდა ამისა, თანამშრომლობდა მოსკოვის არქეოლოგიურ საზოგადოებასთან, ჩაატარა რამდენიმე გათხრა და შედეგები გამოაქვეყნა საზოგადოების შრომებში. გურიელის სახლი ოზურგეთში კულტურული ცენტრის ფუნქციას ასრულებდა; აქ იმართებოდა ლიტერატურული საღამოები და სცენის მოყვარულთა საქველმოქმედო წარმოდგენები. ოზურგეთში გააშენა ბაღი, უცხოეთიდან გამოიწერა ვაზის ჯიშები, იღვწოდა აბრეშუმის ჭიის გასავრცელებლად, რამდენჯერმე მოიწვია უცხოელი სპეციალისტები გურიაში ნავთობის საძიებლად. ცნობილი იყო დემოკრატიული შეხედულებებით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1880), მეცენატი, ქველმოქმედი, ბიბლიოფილი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.217-218; georgianencyclopedia.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ერთ-ერთი დამაარსებელი

გააზიარე: