The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოლომონ ლიონიძე

სოლომონ ლიონიძე
Date of birth:1754
Date of death:1811  (at 57 years)
Burial location:ახალციხე
Category:Diplomat, Public official

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კონდოლი, თელავის რაიონი.

სოლომონ ლიონიძემ განათლება მიიღო თელავის სამეფო კარის სკოლაში. იგი იბრძოდა საქართველოს გაერთიანებისათვის, მონაწილეობდა ჩვენი სამეფოების საშინაო და საგარეო საქმეებში, ზრუნავდა ქართველი ხალხის ეკონომიკური და სამხედრო ძლიერებისათვის და ხელს უწყობდა ჩვენი ეროვნული კულტურის განვითარებას. მისი უშუალო მონაწილეობით შემზადდა, გაფორმდა და ძალაში შევიდა 1783 წლის ცნობილი ხელშეკრულება (გეორგიევსკის ტრაქტატი) საქართველოსა და რუსეთს შორის. მან მოამზადა 1790 წლის ივერიელ მეფე-მთავართა ტრაქტატის შექმნა; ეს ტრაქტატი კი წარმოადგენდა მნიშვნელოვან ნაბიჯს დაშლილი ქვეყნის გაერთიანებისაკენ. 1790 წელს სოლომონ ლიონიძის აქტიური ჩარევით დაისვა და დამუშავდა საკითხი საქართველოს დაქსაქსული სამეფო-სამთავროების შეკავშირება-შეერთებისა და დაიდო უზენაეს ხელისუფალთა საკავშირო ხელშეკრულება. წარჩინებული კარისკაცის დიდი წარმატება მეფის ირგვლივ შემოკრებილ ფეოდალთა წრეში ჯერ ფარული შურით აღინიშნა და შემდეგ გამჟღავნებული შუღლითა და მტრობით. ამ მტრობის შედეგად, როგორც ცნობილია, ერეკლესა და სოლომონს შორის 1796 წელს ჩამოვარდა უთანხმოება, რასაც მოყვა მათი გათიშვა. ეს გათიშვა არ აღმოჩნდა ხანგრძლივი - მეფემ შეიცნო კარისკაცის სიმართლე, მისი უანგარო ერთგულება და შეირიგა ის. ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდეგ (1798) სოლომონ ლიონიძე ერთხანს ისევ ქართლ-კახეთის სახელმწიფო საქმეებისა და პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზზე იყო. როდესაც ბაგრატიონთა დინასტიის შიგნით გაჩნდა შეურიგებელი დაჯგუფებანი, სოლომონ ლიონიძე ქვრივი დედოფლის მომხრეთა შორის აღმოჩნდა, დარეჯან დედოფლის ჯგუფის საპირისპიროდ დაირაზმა საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი მეთორმეტის ძის დავით ბატონიშვილის დაჯგუფება. 1801 წელს სოლომონ ლიონიძე დააპატიმრეს. 1802 წლიდან იგი იმერეთში გადადის. სოლომონ მეორის სამეფო კარზე ის დიდი პატივით იყო მიღებული. 1803 წელს იმერეთის მეფე აძლევს სოლომონ ლიონიძეს ელჩის რწმუნებას და დიპლომატიური მისიით მიავლენს რუსეთში, ალექსანდრე პირველის კარზე. 1804 წელს სოლომონ ლიონიძე პეტერბურგიდან ბრუნდება იმერეთში. ის ერთხანს სამეფო საქმეებს ასრულებს და 1810 წელს - იმერეთის რუსეთთან შეერთებისა და სოლომონ მეორის თურქეთში გაქცევის შემდეგ - ისიც მეფის კვალს გაჰყვება და ქ. ახალციხეში გადაიხვეწება. სოლომონ ლიონიძის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან შემოგვრჩა სამი ორატორული თხზულება. "მიმართვა პავლე პირველისადმი" (1796), "შესხმა ალექსანდრე პირველისა" და "მოთქმით ტირილი საქართველოს მეფის ნეტარებისა ღირსისა" (1798). იგი გარდაიცვალა 1811 წელს ახალციხეში და იქვეა დაკრძალული. სახელმწიფო მოღვაწე, მწიგნობარი, დიპლომამატი, მჭერმეტყველი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.626; genia.geქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.133; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.376


Share: