შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილიკო სუხიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1927 წელს ცეკვებს სწავლობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ ალექსი ალექსიძის სტუდიაში და მარია პერინის საბალეტო სკოლაში. 1926 წლიდან იგი უკვე ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართული ცეკვების შემსრულებელი მსახიობია, 1928 წლიდან კი ამავე თეატრის ქართული ბალეტის სოლისტი და დამდგმელი ქორეოგრაფი. 1929 წელს კოტე მარჯანიშვილის დავალებით დადგა ცეკვები "აბესალომ და ეთერში", რომელიც, როგორც ქორეოგრაფის წარმატებული დებიუტი იყო. 1930 წლიდან სუხიშვილი უკვე აღიარებული შემოქმედია და პოპულარია როგორც ცეკვების დამდგმელი და წამყვანი სოლისტი. 1932 წელს იგი საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატმა შემოქმედებითი მივლინებით მოსკოვის დიდ თეატრში გაგზავნა. იქ, მან საგრძნობლად აიმაღლა პროფესიული დონე გამოჩენილი ბალეტმაისტერის კასიან გოლეიზოვსკის ხელმძღვანელობით. პარალელურად სწავლობდა ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრალურ სასწავლებელში. დიდ თეატრში მუშაობისას დაიხვეწა და ამაღლდა ნიჭიერი, ახალგაზრდა შემოქმედის საშემსრულებლო დონე და ქორეოგრაფის დიაპაზონი. წარმატებით გამოდიოდა ა. რუბინშტეინის "დემონში", გლინკას "რუსლან და ლიუდმილაში", აგრათვე ბალეტში "კუზიანი კვიცი". 1935 წელს სამშობლოში დაბრუნდა და იმავე წელს მონაწილეობა მიიღო ლონდონში გამართულ ხალხური ცეკვის საერთაშორისო მსოფლიო ფესტივალში, სადაც ქართველ მოცეკვავეთა ჯგუფთან ერთად პირველი პრემია და ოქროს მედალი დაიმსახურა. 1936 წლიდან კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და ბალეტმაისტერია. მან დადგა ცეკვები სპექტაკლებში: ზ. ფალიაშვილის - "აბესალომ და ეთერი" და "დაისი", "დემონი", "ლატავრა", "ლელა", ქართული ცეკვები საბჭოთა არმიის წითელდროშოვან სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში (ხელმძღვანელი ალექსანდრე ალექსანდროვი, მოსკოვი). 1936 წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების პირველ დეკადაზე, როგორც ოპერისა და ბალეტის სოლისტმა (ნინო რამიშვილთან ერთად) და ბალეტმაისტერმა, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფმა (ლოტბარი სანდრო კავსაძე). 1938 წელს უკრაინის კულტურის სამინისტროს მიწვევით დადგა ცეკვები კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრში განხორციელებული ოპერებისათვის "დაისი" და "ქეთო და კოტე". მანვე მოამზადა კ. კავოსის ორმოქმედებიანი ბალეტი "კავკასიის ტყვე". 1939 წელს სუხიშვილი კვლავ მოსკოვშია. იქ მიიწვიეს ბალეტის სოლისტად ა. ალექსანდროვის ანსამბლში. სადაც მან რამდენიმე ცეკვა დადგა. ამავე წელს მოსკოვში გამართულ ესტრადის მსახიობთა I საკავშირო კონკურსზე ლაურეატის წოდება დაიმსახურა. 1944-1945 წლებში მან ნინო რამიშვილთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს, რომელმაც მსოფლიოს გააცნო ქართველი ერის უძველესი და უმდიდრესი ისტორია და კულტურა. იგი სამოც წელზე მეტ ხანს ემსახურა საქართველოს ქორეოგრაფიული ცხოვრების აღორძინების საქმეს. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის განვითარების საქმეში უდიდესი ღვაწლისა და ეროვნული კულტურის დაუღალავი პროპაგანდისათვის მრავალი საპატიო წოდებისა და ჯილდოს მფლობელია. 1948 წელს ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა პირველად, დიდი წარმატებით იმოგზაურა საზღვარგარეთ და მას შემდეგ, რამდენჯერმე, ტრიუმფით მოიარა დედამიწის ხუთივე კონტინენტი. მნიშვნელოვანია ი. სუხიშვილის ღვაწლი, როგორც შესანიშნავი აღმზრდელისა და პედაგოგისა. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ქართველ მოცეკვავეთა და ქორეოგრაფთა მთელი პლეადა. 50 წელზე მეტი იდგა იგი ქორეოგრაფიული ცხოვრების შუაგულში. ქართული ცეკვის აკადემიური ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის სახალხო უნივერსიტეტის დამაარსებელი და მისი პირველი რექტორია. ქორეოგრაფი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.327; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.37 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |