| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამი (ქართლის დედოფალი)![]()
ბიოგრაფიაქართლის დედოფალი 1634 წლიდან; იყო ასული მანუჩარ დადიანისა, ლევან II დადიანის და, მეუღლე ქართლის მეფის როსტომისა (1632-1658), ხოლო შემდეგ ქართლის მეფე ვახტანგ V (I658-1675). ამ სახელოვანმა ქალმა დიდი ღვაწლი დასდო ქართველ ხალხსა და ქართულ კულტურას. მაშინ, როდესაც "ფრიად მიდრკა ქუეყანა ქართლისა სწავლისაგან საღმრთოთა წერილთასა, რამეთუ კნინღა და თვით სამღდელონიცა კრებულნი და დასნი, არღარა მზრუნველ და მეძიებელ იყვნეს საღმრთო სწავლათათვის", მარიამს გამოუჩენია თავი მრავალმხრივი საქმიანობით. ქართლის დედოფლად გახდომის შემდეგ მარიამმა ჯერ მაჰმადიან როსტომსა და შემდეგ შაჰნავაზს გაუღვიმა პატივისცემა და სიყვარული ერისა და სამშობლოსი. მან ხელი მიჰყო დანგრეული და მტერთა შემოსევებისაგან დარბეული კულტურის ძეგლების აღდგენისა და შენების საქმეს; აღადგინა, ბოლნისის სიონი, რუისისა და ურბნისის ტაძრები, "შეამკო ეკლესიანი შესამოსლითა ხატითა, ჯუარითა და წირვის იარაღითა, ნაკერითა მარგალიტითა და თუალითა". მარიამ დედოფალის ბრძანებითაა დამზადებული 1633-1643 წლებში "ქართლის ცხოვრების" ძვირფასი ნუსხა, რომელიც ქართული კულტურის ისტორიაში შევიდა მარიამისეული "ქართლის ცხოვრების" სახელწოდებით. მარიამ დედოფალმა ტყვეობიდან დაიხსნა მთელი რიგი ხელნაწერები: პარხლის მრავალთავი, სვეტიცხოვლის ჟამნი, ტბეთის ოთხთავი; მანვე განაახლებინა პარხლის მრავალთავი, ს. ჭალის გულანი, ახლად შეაკვრევინა მეტაფრასი და ა. შ. "ესე წიგნი ურუმის ქვეყნიდან გამოვიხსენ და გავაახლე დაშლილი და წამხდარიო", გვაუწყებს დედოფალი მარიამი პარხლის მრავალთავის მინაწერში "პირო ღთისაო, სახრებაო მომიხსენე დედოფალთ-დედოფალი დადიანის ასული მარიამ ამ სოფელს მადღეგრძელე, მეორედ მოსვლას გამომიხსენ, რამეთუ აგარიანთ ხელიდამ გამოგიხსენ წამხდარი და ნაწერწაშლილი და ახლად დავაწერინე", წააწერა მარიამ დედოფალმა XII ს. ცნობილ ხელნაწერს – ტბეთის სახარებას ასეთი მინაწერებითაა შემკული მარიამთან დაკავშირებული სხვა ხელნაწერებიც. მარიამ დედოფალი ზრუნავდა საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფ ქართული კულტურის კერებზეც, მისი სურათი გამოუხატავთ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედელზე, რადგან მან ნიკიფორეს ჯვარის მამობასა და გოლგოთას არქიმანდრიტობის დროს, გოლგოთას დიდი შეწირულობა გაუგზავნია. მარიამ დედოფალი დაფასებული და პატივცემული იყო ჯერ კიდევ თავის თანამედროვეთაგან. მისი ცხოვრება ასახულია "შაჰნავაზიანში". შემონახულია ფრაგმენტი მარიამის ქებისა. მარიამს აქებდა ცნობილი პოეტი ნ. ციციშვილიც. მარიამ დედოფალს მიეძღვნა რამდენიმე ნაწარმოები, სადაც იგი "მეორე თამარად" არის წოდებული. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.91-93; თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.641; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.67-68; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.538
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

