The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი XII (ქართლ-კახეთის მეფე)

გიორგი XII
Date of birth:10 October, 1746
Date of death:28 December, 1800  (at 54 years)
Burial location:სვეტიცხოველი, მცხეთა
Category:Royalty

Biography

ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე (1798-1800), ერეკლე II-ის ძე. ლიტერატურაში ზოგჯერ გიორგი XIII-ის სახელით იხსენიება. აღიზარდა სამეფო კარზე. XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან მონაწილეობდა სახელმწიფო საქმეებში. 1765 წელს მხარი არ დაუჭირა ერეკლე II-ის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილეთა მკაცრად დასჯას, რაც მამა-შვილს შორის უთანხმოების საფუძველი გახდა. ამ უკმაყოფილებას კიდევ უფრო ამწვავებდა გიორგი XII-ის დედინაცვალი დარეჯან დედოფალი, რომელიც გიორგი XII-ს საკუთარ შვილებს უპირისპირებდა. როცა ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ, 1798 წლის იანვარში, გიორგი XII გამეფდა, იგი უკვე მძიმე ავადმყოფი იყო. მისი მეფობისას ქართლ-კახეთში მეტად რთული საშინაო და საგარეო ვითარება შეიქმნა. გიორგი XII ზრუნავდა ირანელთა 1795 წლის შემოსევის შედეგად დანგრეული თბილისის აღდგენაზე. მისი ბრძანებით ჩატარდა ხალხის აღწერა და შემოიღეს ფულადი გადასახადი სამეფო სასახლის ასაგებად, მაგრამ შეკრებილი თანხა ეკლესიების კეთილმოწყობაზე დაიხარჯა. დაიწყეს სტამბის აღდგენა. გიორგი XII ცდილობდა ერეკლეს დროინდელი მორიგე ჯარის აღდგენას, ებრძოდა ქვეყანაში შემოჭრილ ირანულ წეს-ჩვეულებებს, ფიქრობდა ქართველთა და სომეხთა სარწმუნოებრივ ერთობაზე (სომხებში მართლმადიდებლური ქრისტიანობის დანერგვით). შეეცადა მოწინააღმდეგე ბატონიშვილთა პარტიის დამორჩილებას და შინაური მოღალატეების ალაგმვას, მაგრამ ვერ შეძლო. საგარეო პოლიტიკაში გიორგი XII რუსეთთან ტრადიციული ურთიერთობის კურსს იცავდა. იგი მოითხოვდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის შესრულებას და საქართველოში რუსეთის ჯარის შემოყვანას, რომლის დახმარებით ფიქრობდა საშინაო და საგარეო პოლიტიკურ სიძნელეებიდან თავის დაღწევას. მაგრამ რუსეთის ჯარის საქართველოში შემოსვლამ (1799 წლის 26 ნოემბერი) ვერ გამოაკეთა ქართლ-კახეთის შერყეული სახელმწიფოებრივი მდგომარეობა. ასეთ ვითარებაში გიორგი XII დათანხმდა შეეზღუდათ 1783 წლის ტრაქტატით გათვალისწინებული მეფის უფლებანი, ოღონდ მისთვის და მისი შთამომავლებისათვის მეფობა შეენარჩუნებინათ. რუსეთის მთავრობა ხედავდა ქართლ-კახეთის სამეფოში შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობას და ამ სამეფოს სრული გაუქმებისათვის ხელსაყრელ მომენტს ელოდა. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ, ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთმა შეიერთა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978, გვ. 162



Share: