Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაქარია ბანელი (სვინგელოზი, ვალაშკერტელი, მამამთავრი)![]()
Biographyზაქარია ბანელი (მამამთავარი, ვალაშკერტელი, სვინგელოზი) იყო X საუკუნის II ნახევარისა და XI საუკუნის 30-იანი წლების, შუა საუკუნეების საქართველოს, კერძოდ, ტაოს სამეფოს სასულიერო, კულტურის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწე. ზაქარია ბანელის მშობლები ქართველ არისტოკრატთა მაღალ წრეს, დაფანჩულთა ცნობილ ფეოდალურ გვარს ეკუთვნოდნენ და დავით კურაპალატთან დაახლოებული პირები იყვნენ. ზაქარია ბანელი ავტობიოგრაფიულ ანდერძში დავით კურაპალატს თავის "მზრდელსა და შემოქმედს" უწოდებს. X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ის მორჩილად მიუყვანიათ ოთხთა ეკლესიაში, სადაც არსენ მამამთავარს დამოწაფებია. ცხოვრების დიდი ნაწილი მან გაატარა ტაოში, სადაც უდიდესი და ყველაზე გავლენიანი ეპარქიის - ბანის მამამთავრობას მიაღწია. ერთხანს ის ბიზანტიის სამეფო კარზე დიპლომატად, მწიგნობრად და იმპერატორთან დაახლოებულ პირადაც მოჩანს. ბანელობის დროს ზაქარიამ ბიზანტიის იმპერატორისაგან უმაღლესი სასულიერო პატივი–სვინგელოზობა დაიმსახურა. XI საუკუნის 20-იანი წლებისთვის ბანელობასთან ერთად ვალაშკერტის სამწყსოს ეპისკოპოსობაც შეითავსა, რასაც განსაზღვრული პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა როგორც ტაოს, ისე მეზობელი რეგიონებისთვისაც. წერილობითი წყაროების თანახმად, ზაქარია ბანელი ტაოს პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზზე 1022 წელს გამოჩნდა, როცა მოლაპარაკება მიმდინარეობდა. ბასიანში დაბანაკებულ ბიზანტიის იმპერატორ ბასილი II-სა და გიორგი I-ს შორის. იმპერატორის ნდობით აღჭურვილმა ეპისკოპოსმა ორჯერ შეაჩერებინა ბასილის ტაოზე გალაშქრება. იგი ცდილობდა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას, მაგრამ გიორგი I ვერ დაიყოლია ბასილის მოთხოვნათა შესრულებაზე. ზაქარია ბანელის შუამავლობის მარცხმა საბოლოოდ გაამჟღავნა იმპერატორისადმი მისი ერთგულების მოჩვენებითი ხასიათი. განრისხებულმა ბასილი II-მ ზაქარია ბანელი ტაოდან გააძევა და კონსტანტინოპოლში გადაასახლა, სადაც მცირე ზომის აგიაპანტის მონასტერი მიუჩინა მუდმივ სამკვიდრებლად. ამ დროიდან ზაქარია ბანელი აქტიურად ერთვება ათონის ივერთა მონასტრის დიდ ქართველ მოღვაწეთა კულტურულ საქმიანობაში, გიორგი მთაწმიდელთან ერთად შეუდგა ექთვიმე მთაწმიდლის თარგმანთა გამრავლებასა და მისი პიროვნების პოპულარიზაციას, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ათონზე ბერძნებთან გამწვავებული ურთიერთობისა და ბრძოლის პირობებში ქართველთა უფლებების დასაცავად. XI საუკუნის 30-იან წლებში ზაქარია ბანელის ბრძანებითა და მატერიალური შემწეობით არაერთი ძვირფასი ხელნაწერი შეიქმნა კონსტანტინოპოლში, თავისსავე დაარსებულ მონასტერში. ბერძნულ ენაზე დაწერილ ერთ ლექსში ზაქარია ბანელი თავის თავს ივერიელ(ე. ი. ქართველ) ბერს უწოდებს, რასაც ზედმიწევნით ამართლებდა მთელი მისი მოღვაწეობა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.321
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |