Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოლომონ იორდანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სასულიერო სემინარიაში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (ენათმეცნიერების განხრით) 1926 წელს. 1919 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში; 1935-1938 წლებშო მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტში; 1933 წლიდან კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში რუსთველოლოგიისა და ქართული მწერლობის შესახებ. იყო ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის მდივანი (1935-1937), განაგებდა საქართველოს სსრ განსახკომის სამუზეუმი სექტორს. მისი გამოკვლევისა და პროექტის მიხედვით 1936 წელს დადგინდა ქართული კომპოზიტების დაწერილობა, რომელიც მიღებულ იქნა სავალდებულო ნორმად სალიტერატურო ენაში. 1946 წელს სოლომონ იორდანიშვილი მიიწვიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგედ. ამავე წლიდან ის აქტიურად მონაწილეობდა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" შედგენაში, როგორც მისი ერთ–ერთი რედაქტორი და კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. რუსთველოლოგიაში ეწეოდა კვლევით, მთარგმნელობით და ორგანიზაციულ მუშაობას. იყო "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დადგენის დამდგენი კომისიის მდივანი. მრავალი ნაშრომი უძღვნა "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერებსა და ტექსტის დადგენის საკითხებს. სოლომონ იორდანიშვილის მიერ შესრულებული "ვეფხისტყაოსნის" რუსული პწკარედი (1933წ., გადამუშავებული სახით გამოქვეყნდა 1966წელს) – პოემის სრული სიტყვა – სიტყვითი თარგმანი. ამ პწკარედით არაქართველთა მიერ სარგებლობას აადვილებდა ის გარემოება, რომ მასში პოემის ყოველი სტროფი, ყოველი წინადადება ლათინური ტრანსკრიფციითა და ასევე რუსული თარგმანით იყო მოცემული. პწკარედი საფუძვლად დაედო პოემის მხატვრულ თარგმანებს სხვადასხვა ენებზე: ინგლისურზე, იაპონურზე, მონღოლურზე, და ასევე საბჭოთა კავშირის ხალხთა ენებზე. ელისაბედ ორბლიანთან ერთად ფრანგულად თარგმნა ვეფხისტყაოსანი (გამოქვეყნდა 1977 წელს), 1938 წელს კი მისი და ელისაბედ ორბელიანის რედაქციითა და შესწორებებით გამოვიდა "ვეფხისტყაოსნის" მარჯორი უორდროპისეული ინგლისური თარგმანი. ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად მეცნიერულად გამოსცა დავით გურამიშვილის "დავითიანი", რომელსაც დაურთო ლექსიკონი (1931). შეადგინა გერმანულ–ქართული ლექსიკონი, რომელიც არ გამოცემულა. 1925 წელს ელისაბედ ორბელიანთან ერთად გამოსცა "ფრანგული ენის სახელმძღვანელო სტუდენტთათვის". გამოსცა აგრეთვე სულხან-საბა ორბელიანის "მოგზაურობა ევროპაში" (1940 წ.) და სხვა. ნაყოფიერად იღვწოდა ლექსიკოლოგიის დარგში. მონაწილეობდა ქართულ სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაში. 1930-1935 წლებში გამოსცა "რუსულ-ქართული ლექსიკონის" ორტომეული (გიორგი ახვლედიანთან ერთად), 1949 - სულხან-საბა ორბელიანის "ქართული ლექსიკონის" ერთ-ერთი ხელნაწერი. თარგმნიდა რუსული და ევროპული ენებიდან, აგრეთვე ქართულიდან რუსულ ენაზე ("ვისრამიანის" რუსული თარგმანი - 1949). 1945 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი ნაშრომისათვის "ვეფხისტყაოსნის ბალმონტისმიერი რუსული თარგმანი" (ცალკე წიგნად გამოვიდა 1964 წელს). ლექსიკოლოგი, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიკოსი, რუსთველოლოგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ., 1980.- გვ. 201; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.132 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |