შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ზურაბიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1891 წელს, 1895 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იმავე წელს დაბრუნდა საქართველოში, დაქორწინდა ნიკო ნიკოლაძის ასულ ნინოზე. 1896 წლიდან თბილისშია. მუშაობდა კერძო იურიდიულ ფირმაში, 1908–1919 წლებში იყო ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი იურისკონსულტი. ეწეოდა პუბლიცისტურ და მთარგმნელობით მოღვაწეობას, აქვეყნებდა ნოველებს, ესკიზებს, რუსულად თარგმნა დავით კლდიაშვილის, ვაჟა-ფშაველას მოთხრობები. იბეჭდებოდა გაზეთებში: "ივერია", "ცნობის ფურცელი"; ჟურნალებში: "მოამბე", "ერი"; რუსულ პრესაში: "ნოვოე ობოზრენიე", "ვოზროჟდენიე". თარგმნიდა ა. ფრანსის, გი დე მოპასანის, ა. დოდეს, შ. ბოდლერის, ჰ. სენკევიჩისა და სხვ. ნაწარმოებებს. 1907 წელს გაზეთ "ამირანში" (№84–124) დაიბეჭდა მის მიერ თარგმნილი იაპონელი მწერლის კენძირო ტოკუტომის ვრცელი რომანი "ნამიკო". ივანე ზურაბიშვილი მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ქართული სათავადაზნაურო სკოლის დამხმარე კომიტეტისა და ქართული დრამატული საზოგადოებების მუშაობაში. XX საუკუნის დასაწყისიდან ქართული საზოგადოების ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, დაეფუძნებინა ეროვნული მიმართულების მოძრაობა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით. საადგილმამულო ბანკში მოწვეულმა კრებამ მოძრაობის პოლიტიკურ ხელმძღვანელად ივანე ზურაბიშვილი აირჩია. 1905 წლის რევოლუციისა და მომდევნო რეაქციის ხანაში მოძრაობა პარტიად ვერ ჩამოყალიბდა. მოგვიანებით, 1918 წელს დაარსდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომლის წევრიც იყო ივანე ზურაბიშვილი იმავე წელს იგი ედპ-ის ცკ-ის წევრად აირჩიეს, შემდეგ კი საქართველოს სენატის წევრად. 1921 წელს ივანე ზურაბიშვილი საკათოლიკოსო საბჭოს მრჩეველია. 1921 წელს იგი ცოლ-შვილთან ერთად ემიგრაციაში წავიდა, თავდაპირველად სტამბოლში, შემდეგ კი პარიზში დასახლდა. ბეჭდავდა წერილებს ემიგრანტულ პრესაში ფსევდონიმებით: "ვინ-ზენ", "ზ-ლი", "ჟანზეტ", "დარბაისელი". 1936 წელს გამოაქვეყნა წიგნი "საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა"; 1962 წელს კი პარიზში, დაბეჭდა მოგონებათა წიგნი "კარგ ქართველთა ხსოვნისათვის", რომლის დასრულებაც ვერ მოასწრო. ნაშრომს მაღალი შეფასება მისცა გრიგოლ რობაქიძემ. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე(პარიზის მახლობლად). საზოგადო მოღვაწე. ლიტერატორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.402 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |