The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ არაგვის ერისთავი

Date of birth:15??
Date of death:1631
Category:Nobleman

Biography

ზურაბ არაგვის ერისთავი ქართლის დიდი თავადი, ნუგზარ არაგვის ერისთავის მეორე ვაჟიშვილი. მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ერისთავის უფროსი ძმა ბაადურ(ბაინდურ) არაგვის ერისთავი გახდა,ზურაბ არაგვის ერისთავი  მას არ დაემორჩილა და ცოლთან ერთად სპარსეთში გადაიხვეწა. გიორგი სააკაძის შუამდგომლობით(ზურაბ არაგვის ერისთავი  სააკაძის ცოლისძმა და აღზრდილი იყო) შაჰმა ერისთავობა უბოძა. ზურაბ არაგვის ერისთავმა ბაადური გააძევა, დაიმორჩილა მთიულეთი, ხევი და უფრო გაძლიერდა. როდესაც ქართლის ხანმა სიმონმა გადაწყვიტა შაჰისათვის ქართლის თავადების ურჩობაზე შეეჩივლა,ზურაბ არაგვის ერისთავმა დაასწრო და თვითონ ეახლა შაჰს. აბას I-მა სიმონ-ხანი გიორგი სააკაძისა და ზურაბ არაგვის ერისთავის  თანხლებით უკან დააბრუნა, თან დიდი ჯარი გამოაყოლა ყარჩიხა-ხანის სარდლობით. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გიორგი სააკაძემ ზურაბ არაგვის ერისთავს აჯანყების მზადების ამბავი გაანდო. ერისთავი თავდაპირველად ყოყმანობდა, რადგან მისი ცოლი შაჰს თავისთან ჰყავდა დატოვებული. გიორგი სააკაძე მას კახეთის გამგებლის ფეიქარ-ხანის მეუღლის ლელა-თინათინ ბატონიშვილის(ლუარსაბ მეფის და) ცოლობას შეჰპირდა.  ზურაბ არაგვის ერისთავი დათანხმდა, რადგან იგი ამ აქტით ქართლის ბაგრატიონთა ოჯახს უმოყვრდებოდა. მან ქართლისა და კახეთის თავადებს სააკაძის გეგმა გააცნო, რომლებმაც აჯანყების ხელმძღვანელობა გიორგი სააკაძეს და ზურაბ არაგვის ერისთავს მიანდვეს. მარტყოფის ბრძოლის შემდეგ ზურაბ არაგვის ერისთავი კახეთისაკენ გაემართა, რათა ფეიქარ-ხანისათვის საცოლე წაერთმია, მაგრამ გაქცეულებს ვეღარ დაეწია და გიორგი სააკაძის შუამდგომლობით ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის ასული დარეჯანი. მარაბდის ბრძოლაში  დიდი შემართებით მებრძოლი ზურაბ არაგის ერისთავი თავში დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიატოვა. როცა თეიმურაზსა და სააკაძეს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მან მეფეს დაუჭირა მხარი. ბაზალეთის ბრძოლის შემდეგ  კი ქართლისა და კახეთის სამეფოთა ცალ-ცალკე არსებობის მომხრე იყო: "სწადდა, რათა იყოს თეიმურაზი კახბატონად და სიმონ ქართლისად და ორნივე იყვნენ მავედრნი მისნი"(ვახუშტი). მალე იგი სიმონ II-ს დაუახლოვდა და მთელი ქართლის ფაქტობრივი ბატონი გახდა, თეიმურაზთან კი ურთიერთობა კიდევ უფრო დაეძაბა. აბას I-ის სიკვდილის შემდეგ(1629) თეიმურაზმა გადაწყვიტა სპარსეთში წასვლა. სხვა საქმეთა გარდა, მისი ერთ-ერთი მიზანი იყო ზურაბ არაგვის ერისთავის მძლავრობისაგან თავის დაღწევა. ერისთავმა საფრთხე იგრძნო, სხვილოსში მძინარე მეფე სიმონს თავი მოჰკვეთა და თეიმურაზს გაუგზავნა(1631). თეიმურაზი ქართლ-კახეთის მეფე გახდა. ზურაბ არაგვის ერისთავი სათავეში ედგა თეიმურაზის მიერ მოწყობილ ლაშქრობას ლეკების წინააღმდეგ, რომლებიც აბას I-ის ლაშქრობათა დროს კახეთს არბევდნენ. თეიმურაზი მარჯვე დროს ეძებდა ერისთავის მოსაშორებლად. მან სიმონ მეფის მოკვლისათვის შურისძიების საბაბით ზურაბ არაგის ერისთავი მოაკვლევინა და თავი შაჰს გაუგზავნა. ქართველი ხალხის სიტყვიერებაში ზურაბ არაგვის ერისთავი მოხსენიებულია როგორც თუშ-ფშავ-ხევსურთა მოსისხლე მტერი, დამპყრობელი, სისხლის დამქცევი, უზნეო და უგვანო საქმეთა ჩამდენი, ტყვეთა გამყიდველი. მას ხშირად უწყობდნენ თავდასხმებს, თუმცა უშედეგოდ. შემთხვევითი არ არის, რომ ზურაბ არაგვის ერისთავის მიერ  განაწამებმა მთიელებმა თეიმურაზის წაქეზებით აქტიური მონაწილეობა მიიღეს მის მკვლელობაში.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.401


Share: