| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეკლე ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიათეკლე ერეკლე II-ს უმცროსი ქალიშვილი იყო. მეფეს ის განსაკუთრებით ჰყვარებია. მოღწეულია ერეკლეს რამდენიმე წერილი მიწერილი თეკლესადმი, სადაც უდიდესი სითბო და სიყვარული ჩანს. მას ბავშვობიდანვე იტაცებდა ცხენოსნობა, იარაღის ხმარება. "არასოდეს გაფრენილი ჩიტისათვის თოფი არ დაუცილებია". ალბათ, ამიტომ უბოძა მამამ მას სახუმარო სიგელი: "თუმცა აქამდის შენ ყველასაგან ქალად იყავი ცნობილი, მაგრამ ამიერიდან გიწყალობებთ ბიჭის სახელს და ვუბრძანებთ ყველას, შენს დებს და ძმებს, გიწოდონ თეკლა ბიჭიო". თეკლე აღზრდილა მეფის კარზე და შესაფერისი განათლება მიუღია: იგი გამოირჩეოდა გამჭრიახი გონებით, კარგად დაუფლებია უცხო ენებს – კერძოდ სცოდნია არაბული, მამა მას ბრძენს უწოდებდა. თეკლე ბატონიშვილს ასე იგონებენ: იგი "ზედმიწევნით მცოდნე ყოფილა მისი დროინდელ ქართულ მწერლობისა, სამღთო წერილისა, კარგად განათლებული მაშინდელ კვალობაზე, ჭკუით, სიბრძნით და სათნოებით შემკული, ამასთან საკვირველი მხნე და გამჭრიახი"., თეკლე ბაგრატიონი 1799 წელს ცოლად გაჰყოლია ვახტანგ ყაფლანიშვილს (ორბელიანს), რომლისგანაც სამი ვაჟი შესძენია. ალექსანდრე (ცნობილი მწერალი), დიმიტრი და ვახტანგი (ცნობილი პოეტი). თეკლეც, ისე როგორც ყველა ბატონიშვილი და საერთოდ ქართველი თავადაზნაურობა, ცარიზმისა და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ იყო განწყობილი. ცნობილია, როგორ აქეზებდა იგი თავის მეუღლეს, რომ მიეღო მონაწილეობა კახეთის აჯანყებაში: "თუნდა სულ ერთიან ლუკმა-ლუკმა დაგვჭრან, ერთი არაფერი არის, ოღონდ მივუდექით თქვენს ძმებს კახელებს". თეკლეს სამივე ვაჟი მონაწილეობდა 1832 წლის შეთქმულებაში. როგორც ჩანს, დედაც თანაუგრძნობდა შვილებს, ამიტომაც იგი გადაასახლეს ერთი წლით ქ. კალუგაში თავის შვილებთან ერთად. 1835 წელს ის საქართველოში დაბრუნდა, ცხოვრობდა საქართველოს დედაქალაქში და ურთიერთობა ქონდა ქართული ლიტერატურის საუკეთესო წარმომადგენლებთან (ა. ჭავჭავაძე, გ. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი და სხვ.). · თეკლე ბაგრატიონი, უკვე საკმაოდ მოხუცებული, უაღრეს ეკონომიურ სივიწროვეში გარდაცვლილა 1846 წელს. მიხეილ ვორონცოვს დიდი პატივით დაუკრძალავს მცხეთაში, მამის გვერდით. "თავის მცირერიცხოვან ლექსებში, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, თეკლე ბატონიშვილი გამოხატავს ღრმა სევდას, სამშობლოს პოლიტიკური თავისუფლების დაკარგვის გამო, იგი გლოვობს ქართლის სამეფო ტახტს". მოღწეულია თეკლეს სამი ლექსი და ერთი იამბიკო ღვთისმშობლისადმი. დებისაგან განსხვავებით თეკლას შემოქმედებისათვის დამახასიათებელია უფრო მედგარი, საბრძოლო განწყობილება და ერთგვარი იმედი მომავლისა. ეს განსაკუთრებით ჩანს გადასახლებამდე დაწერილ ლექსებში. საყურადღებოა თეკლე ბაგრატიონის "იამბიკო ღუთისმშობლისადმი", ამ იამბიკოში მოცემულია უცხოობაში მყოფი ქალის ვედრება ღვთისმშობლისადმი. თეკლეს ლექსები თემატიკით ძალიან ჰგავს მისი დების ლექსებს. ისინი ძირითადად გამიზნულნი არიან სხვაღასხვა საკრავზე დასამღერებლად, ამით აიხსნება ამ ტექსტებისათვის დამახასიათებელი რიტმული არათანაბრობა და რეფრენი. "როგორც მარიამი, ისე მისი დები, ქეთევანი და თეკლე, უფრო ჩინებული მოლექსეები იყვნენ, ვიდრე პოეტები მოწოდებით და ძირითადი საქმიანობით. მაგრამ მათი ლექსები, სპეციფიკური თემატიკით, გულწრფელობით, გრძნობათა გამოხატვის სიმძაფრით და ჟანრით – უეჭველად საყურადღებო და საგულისხმო პოეტურ დოკუმენტებს წარმოადგენენ ჩვენი ლიტერატურის ისტორიისათვის". მარიამ და ქეთევან ბატონიშვილების და. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4.- თბ., 1979.- გვ.644; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ. 21-22; naec.ge; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.46; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.40; ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.157-161
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

