The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხუტლუბუღა

დაბადების თარიღი:12??
გარდაცვ. თარიღი:1293
კატეგორია:დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

საქართველოს სახელმწიფო მოღვაწე XIII საუკუნის II ნახევარში, ათაბაგ-ამირსპასალარ სადუნ მანკაბერდელის ვაჟი. ცოლად ჰყავდა სამცხის მთავრის ბექა I-ის ასული. სადუნის გარდაცვალების შემდე 1282 წელს დემეტრე II-ემ მას მხოლოდ ამირსპასალარობა აკმარა, ათაბაგობა კი ტარსაიჭ ორბელს უბოძა, რის გამოც იგი მეფეს გადაემტერა (ამას ისიც ემატებოდა, რომ დედის მხრით იგი დავით VII ულუს მიერ სიკვდილით დასჯილი ხოჯა აზიზის შვილიშვილი იყო). ხუტლუბუღამ ხელი შეუწყო იმას, რომ დემეტრე მონღოლთა ურდოში სიკვდილით დასაჯეს 1289 წელს, სამეფო ტახტზე კი არღუნ-ხანს დავით VI ნარინის ვაჟი ვახტანგი დაასმევინა, რომელმაც, სამაგიეროდ ხუტლუბუღას ათაბაგობა და ამირსპასალარობა უბოძა. იგი ბუნებით ამაყი, ამპარტავანი და ურჩი კაცი იყო. მას რამდენჯერმე ჩამოართვეს სადუნისეული ქონება და მამული და დანაშაულის მონანიების შემდეგ ისევ დაუბრუნეს. მალე იგი ვახტანგსაც გადაუდგა და სცადა გაემეფებინა დემეტრეს ვაჟი დავითი, რომელიც მონღოლი ილხანის კარზე იყო. ქართველმა დიდებულებმა მხარი არ დაუჭირეს მას და იგი იძულებული გახდა თვითონაც ურდოში დარჩენილიყო. დავით დემეტრეს ძის გამეფების შემდეგ 1293 წელს ხუტლუბუღა ისე გაძლიერდა, რომ, ისტორიკოსის ცნობით, მეფესავით იქცეოდა. დავით VIII იძულებული გახდა ილხან ქეღათუსთვის მიემართა. ხუტლუბუღას გაუხსენეს ყველა დანაშაული და სიკვდილით დასაჯეს. შვილი არ ჰყოლია და მთელი მისი ქონება დავით VIII-ს დარჩა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.519


გააზიარე: