Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხრეითი, ჭიათურის რაიონი. 1922 -1929 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, შემდეგ კი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ჩატარდა პირველი საბჭოთა ასვლები იალბუზზე (1925), ანდირჩსა და კურმიჩზე (1927), მყინვარწვერზე (1926) ახალი გზით, რომელსაც შემდეგ "ჯაფარიძის გზა" ეწოდა. 1925 წელს მონაწილეობდა გიორგი ნიკოლაძის მიერ იალბუზზე მოწყობილ პირველ საბჭოთა ასვლაში. 1926-1928 წლებში კი კავკასიონზე ყველა მნიშვნელოვანი ასვლის სულისჩამდგმელად და ორგანიზატორად გვევლინება. ამ პერიოდში გამოჩნდა მისი, როგორც უებრო მთამსვლელისა და ორგანიზატორის ტალანტი, მისი უშუალო ხელმძღვანელობით ეყრება საფუძველი კავკასიონის მაღალმთიანეთის მეცნიერულ შესწავლას. 1927 წელს თავის დასთან - ალექსანდრასთან, მოხევე გამყოლებთან გახა წიკლაურთან და იაგორ კაზალიკაშვილთან ერთად, სრულიად ახალი გზით - გერგეტის მყინვარის გავლით ადის მყინვარწვერზე და მწვერვალზე დგამს ჯიხურს, რომელშიც თვითმწერ მეტეოროლოგიურ ხელსაწყოებს ათავსებს ამინდზე დაკვირვებისათვის. ერთი კვირის შემდეგ იგი კვლავ ადის მყინვარწვერზე ავტომატური ჩანაწერის მოსახსნელად. იმდროისათვის ეს იყო მსოფლიოში პირველი ავტომატური ჩანაწერი ასეთ სიმაღლეზე. ამ ფაქტს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება ჰქონდა. კვლევის შედეგები ინგლისის გეოგრაფიული საზოგადოების ჟურნალში დაიბეჭდა, ხოლო მწვერვალიდან მოხსნილი დიაგრამა, პარიზში, მსოფლიო მიღწევათა გამოფენაზე გაიგზავნა. 1928 წელს სიმონ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მყინვარწვერზე ეწყობა პირველი რადიო და კინოექსპედიცია, რომლის შემადგენლობაში 41 კაცია (მათ შორის 7 ქალი). პირველად მთამსვლელობის ისტორიაში, მწვერვალზე ორი კინოაპარატი ამუშავდა და რეჟისორ ნიკოლოზ ლებედევის ხელმძღვანელობით გადაიღეს ფილმი "კავკასიის კარიბჭე". იმავე წელს კახეთში, ლოპოტის ხეობაში მიაკვლია და აღმოაჩინა მანამდე სრულიად უცნობი თეთრი მარმარილოს საბადო, რომელიც თითქმის 60 წლის განმავლობაში მსოფლიოს 57 ქვეყანაში გაჰქონდათ და დიდი მოწონებით სარგებლობდა. 1929 წელს სიმონ ჯაფარიძე მონაწილეობს გიორგი ნიკოლაძის ექსპედიციაში, რომლის მიზანი თეთნულდზე ასვლა იყო. ასვლის მცდელობა ტრაგიკულად დამთავრდა. განსაცდელში ჩავარდნილი თანამგზავრის - პიმენ დვალის გადასარჩენად ყველაფერი იღონა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო და ისიც თან გადაჰყვა. ქართველ მთამსვლელთაგან ეს იყო პირველი მსხვერპლი კავკასიონზე. სიმონ ჯაფარიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი სახელი მიენიჭა მწვერვალს კავკასიონზე და ყაზბეგის მაღალმთიან მეტეოროლოგიურ სადგურს. სოფელ ხრეითში მამაპაპეულ სახლში გახსნილია მთამსვლელ ჯაფარიძეთა მემორიალური სახლ-მუზეუმი (1983). დაკრძალულია ვერის ბაღში თავისი და-ძმის გვერდით. ალპინისტი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.545
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |