The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გობრონი

გობრონი
Date of birth:8??
Date of death:914
Category:Nobleman, Saint

Biography

ქართველი აზნაური. სამხრეთ აზერბაიჯანის მმართველის აბულ კასიმის საქართველოში ლაშქრობის დროს ხელმძღვანელობდა ყველისციხის დაცვას. იმჟამად ყველისციხის მეპატრონე იყო გურგენ ერისთავთ-ერისთავი. ციხე კარგად იყო გამაგრებული, მაგრამ მეციხოვნენი შიგ ცოტანი იყვნენ. მებრძოლთა შორის გამოირჩეოდა ნეტარი გობრონი. ოცდარვა დღე გაგრძელდა ბრძოლა. ხან სარკინოზებს მიჰქონდათ იერიში ციხეზე, ხან მეციხოვნენი გამოუხტებოდნენ მტერს გობრონის მეთაურობით, რისხვას დაატეხდნენ მას თავს და კვლავ ციხეს უბრუნდებოდნენ. მტრებმა უკანასკნელი იერიში მიიტანეს ყველისციხეზე, აიღეს იგი და შეიპყრეს ცოცხლად დარჩენილი მეციხოვნენი, მათ შორის გობრონიც. ქართველი მეომრის ვაჟკაცობით გაოცებულმა აბულ-კასიმმა ბრძანა "ნეტარისა გობრონისი უმეტეს ყოველთასა კრძალვით პყრობაჲ". ადარნასე მეფემ დიდძალი საფასი გადაიხადა და პყრობილთა ნაწილი გამოიხსნა. მათ შორის არ იყო გობრონი, რადგან არაბებმა მის განთავისუფლებაზე უარი განაცხადეს. სარკინოზებმა დასასჯელად გაიყვანეს გობრონთან ერთად შეპყრობილი ას ოცდაცამეტი მხედარი. აბულ-კასიმმა გადაწყვიტა, უძლეველი რაინდი ცთუნებით ეძლია და ნეტარ გობრონს უთხრა: "მეწყალის მე სიკეთე სახელოვან ხარ წინაშე ჩუენსა და აწ ვითარცა შვილსა საყვარელსა გასწავებ შენთა და აღიარე ჭეშმარიტი შჯული ჴელმწიფებისა ჩუენისაჲ". სამაგიეროდ სარდლობას, სასახლეებს, დარბაზებს და მონებს შეჰპირდა. წმიდა გობრონმა მშვიდად მიუგო ამირას: "გევედრები, ჴელმწიფეო, ნუ მაიძულებ მე დატევებად ქრისტეანობისა, რომლითა აღმზარდეს მე მშობელთა ჩემთა და აღბეჭდულ ვარ სულითა წმიდითა... ჭეშმარიტად უწყოდე შენ, რამეთუ არცა კეთილთა შენთა აღთქუმითა, არცა ძჳრ-ძჳრთა ბოროტთა შენთა ჩემ ზედა მოწევნითა შემეძლო განყენებად უფლისა ჩემისა იესო ქრისტესა". წმიდანის პასუხით განრისხებულმა აბულ-კასიმმა ბრძანა, გარეთ გაეყვანათ გობრონი და ეჩვენებინათ ცალკერძ დახოცილი თანამებრძოლები, ცალკერძ - აღთქმული სიმდიდრენი. უკან მობრუნებულმა გობრონმა ამირას შეკითხვაზე - "რაჲ გამოირჩიე თავისა შენისა?" - უპასუხა: "მე პირველადვე გითხარ შენ არა მიდრეკად ქრისტეს უფლისა ჩემისაგან". ამირამ უარესი განსაცდელი მოუმზადა წმიდანს. წმიდანი ცოცხლად გადარჩენილ მოყვასთა შორის დააყენეს და უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. დახოცილთა სისხლი ეპკურებოდა გობრონს, გვამები ფეხებთან უგორდებოდა, მაგრამ საშინელებამ ვერ შეაძრწუნა მისი გული. მაშინ ქედი გადაუდრიკეს წმიდანს, ორგზის სცეს მახვილი და მსუბუქად დაჭრეს. გობრონმა სისხლით ჯვარი გამოისახა შუბლზე და თქვა: "გმადლობ შენ, უფალო იესო ქრისტე, რომელმან ღირს მყავ მე, უღირსი ესე და ცოდვილი და უკანაჲსკნელი ყოველთაჲ, ნაწილსა ამას მკჳდრობისასა და მოწამებისასა". სარკინოზებმა კვლავ აბულ-კასიმს მიჰგვარეს წმიდა გობრონი. ამირამ უკანასკნელად სცადა წმიდანის მოდრეკა, მაგრამ სისხლმდინარე მოწამემ მტკიცედ მოუგო: "იქმოდე, რაჲცა გნებავს, მე ქრისტიანე ვარ და არასადა უარ ვყო სახელი მისი". მოთმინებადაკარგულმა აბულ-კასიმმა ბრძანა, თავი წარეკვეთათ წმიდანისთვის და მოკლულებთან დაეგდოთ. ამირას ბრძანებით სამი დიდი საფლავი გათხარეს, მოწამეთა გვამები შიგ ჩაყარეს, მიწა მიაყარეს და ქრისტიანებს მათთან მიახლოება აუკრძალეს. საფლავებს ღამღამობით ზეციური ნათელი ადგებოდა. ქართულმა ეკლესიამ იგი მიქაელის სახელით წმინდანად შერაცხა. გობრონის გმირობა ასახულია ქართულ ჰაგიოგრაფიულ მწერლობაში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია, ტ. 2. - თბ., 2012. -გვ. 55; qim.ge


Share: