Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანტონი (მიტროპოლიტი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1878წ. ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. 1882წ. სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიეროს ემინარიაში, რომელიც 1888წ. პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. ალექსის ორივე სასწავლებელში იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე პატრონობდა და სწავლის ქირასაც უხდიდა. 1889წ. ეპისკოპოსმა გაბრიელმა დიაკვნად, ხოლო ერთი წლის შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი და ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის სასაფლაოს ეკლესიის მღვდელმსახურად დანიშნა. 1892წ. იანვარში მამა ალექსი გაბრიელ ეპისკოპოსმა ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის სასაფლაოს ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. ამავე წლის ოქტომბერში იგი ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიაში არსებული ეკლესიის წინამძღვრად და საღვთო სჯულის პედაგოგად განამწესეს. 1893წ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში გალობის მასწავლებლად დაინიშნა. მამა ალექსი იყო სასულიერო გამომძიებელიც. 1903წ. მამა ალექსიმ კიევის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, 1904წ. სწავლა გააგრძელა სანკტ–პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში და პარალელურად საიმპერატორო არქეოლოგიის ინსტიტუტში. 1906წ. სწავლის პერიოდში, მამა ალექსი ბერად აღიკვეცა და ანტონი უწოდეს. 1907წ. სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა და საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ეგზარქოს ნიკონის კურთხევით ქ. ვიატკაში გააგზავნეს, სადაც სასულიერო სემინარიის ინსპექტორად დანიშნეს. ამ დროს ვიატკაში ბევრი გადასახლებული ქართველი ცხოვრობდა, რომელთაც მამა ანტონი ყველანაირად ეხმარებოდა და ამხნევებდა. 1907წ. მამა ანტონი სმოლენსკის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად გადაიყვანეს, იგი რექტორის მოვალეობასაც ასრულებდა. 1910წ. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მამა ანტონი დავითგარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1910წ. მამა ანტონს სმოლენსკის ეპისკოპოსმა თეოდოსიმ არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. იგი სამშობლოში დაბრუნდა და ქართლ–კახეთის მონასტრების მთავარხუცესობა, დროებით რუსული მონასტრების მთავარხუცესობა და ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრობაც დაევალა. 1911წ. არქიმანდრიტი ანტონი თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს, იგი წმინდა სინოდმა გორის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოარჩია. 1912წ. სანკტ–პეტერბურგის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და საქართველოს ეგზარქოსის მესამე ქორეპისკოპოსად დანიშნეს. 1916წ. საქართველოს ეგზარქოსის მეორე ქორეპისკოპოსად დაინიშნა. ეპისკოპოსი ანტონი აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. 1917წ. საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ იგი დეკანოზ კალისტრატე ცინცაძესთან ერთად სანკტ–პეტერბურგში მოლაპარაკებებზე გააგზავნა. 1917წ. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე მეუფე ანტონი ქუთათელ ეპისკოპოსად გამოარჩიეს და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მიტროპოლიტის წოდება მიანიჭეს. დაჯილდოებულია: საგვერდულით (1892), სკუფიით (1896), კამილავკით (1900), სამკერდე ოქროს ჯვრით (1909). 1917წ. 17 ოქტომბერს მიტროპოლიტი ანტონი ქუთაისში ჩავიდა. ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი 1918წ. 18 სექტემბერს უეცრად გარდაიცვალა. დაკრძალულია ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში, რომელიც 1924წ. ბოლშევიკებმა დაანგრიეს, მისი საფლავი დღემდე დაკარგულად ითვლება. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ., 2018. -გვ.176 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |