Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა აბდუშელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბჟინევი, საჩხერის რაიონი. სწავლობდა სემინარიაში. მონაწილეობდა არალეგალური პოლიტიკური ჯგუფების მუშაობაში. სემინარიის დახურვის შემდეგ შალვა აბდუშელი გიმნაზიაში გადავიდა და ატესტატის მისაღებად მომზადება დაიწყო სერგო ქავთარაძის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდში იგი კიდევ უფრო ახლოს გაეცნო აკრძალულ ლიტერატურას. მონაწილეობდა ქუთაისში ახალგაზრდა ჯარისკაცების დემონსტრაციაში და ამის გამო დაიჭირეს კიდეც. მან ციხეში გაიცნო ალექსანდრე დგებუაძე, ბუდუ მდივანი. გამოძიების დამთავრების შემდეგ შალვა აბდუშელი ციხიდან გაათავისუფლეს და თავის სოფელში გაგზავნეს. ამ დროს ჭიათურაში სოციალური ფონი გამწვავებული იყო. დაიწყო 1905 წლის გაფიცვები. შალვა ყველგან აქტიურად მონაწილეობდა. გაერთიანებული იყო "ხუნხუზებად" წოდებულ რაზმში. ბუნტის ჩახშობისა და ალიხანოვის დამსჯელი რაზმების შემოსვლის შემდეგ გაქცევა მოახერხა, გურულ გლეხად გადაცმული თბილისს გაემგზავრა, იქიდან კი პეტერბურგს მიაშურა. შალვა აბდუშელი შევიდა პროფესორ ლეზგაფტის ინსტიტუტში, სადაც ლექციებსაც ისმენდა და ამავე დროს ესწრებოდა დისკუსიებს, რომლებშიც მონაწილეობდნენ გამოჩენილი მწერლები, პუბლიცისტები და პოლიტიკური მოღვაწეები. ინსტიტუტი დახურეს. შალვა გადავიდა ნევრო–ფსიქოლოგიურ ინსტიტუტში, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი ბეხტერევი. ინსტიტუტის დამთავრება ამჯერადაც ვერ მოახერხა. 1910 წელს ლევ ტოლსტოის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს. სამი წლით არხანგელსკში გადაასახლეს. რომანოვების დინასტიის სამასი წლის დღესასწაულის გამო, ამნისტია შეეხო და პეტერბურგში დაბრუნდა დიპლომის მისაღებად. მუშაობა დაიწყო მესამე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ–დემოკრატიულ ფრაქციაში. მალე ნოე რამიშვილის დავალებით საქართველოში გამოემგზავრა პარტიული ჟურნალის გამოსაცემად. შალვამ ქუთაისში დაიწყო მუშაობა გაზეთში, რომელსაც ნოე ხომერიკი ხელმძღვანელობდა. 1913 წელს თბილისში გაფიცვები დაიწყო. ნავთლუღში ჩატარებული რკინიგზელთა არალეგალური კრების შემდეგ იგი დააპატიმრეს და ხუთი წლით გადაასახლეს ასტრახანში. აქ მან, ისიდორე რამიშვილის დახმარებით, მუშაობა დაიწყო ქალაქის თვითმმართველობაში. მალე გახდა ქალაქის თვითმმართველობის თავმჯდომარის ამხანაგი. 1917 წლის რევოლუციის დროს ასტრახანი ცენტრს გამოეყო და შალვა დანიშნეს შრომის კომისრად. მალე იქ არეულობა დაიწყო, შალვას დახვრეტა ელოდა, მაგრამ გამოპარვა მოახერხა და ბაქოს შეაფარა თავი. საქართველოში შალვა აბდუშელი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაბრუნდა. იგი იყო პროფესიული კავშირების ცენტრალური საბჭოს მდივანი და მისი პერიოდული ორგანოს ჟურნალ "მუშათა ცხოვრების" რედაქტორი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი კვლავ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება. იგი იყო მდივანი იმ ისტორიული კრებისა, რომელმაც 1921 წლის 10 აპრილს შეიმუშავა და საოკუპაციო ხელისუფლებას წარუდგინა მთელი რიგი მოთხოვნები. მოსკოვის ბრძანებით ყველანი დააპატიმრეს და საზღვარგარეთ გაასახლეს. 43 წელი იცხოვრა შალვა აბდუშელმა პარიზთან ახლოს, ქალაქ სენ–კლუში. იყო ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე პარიზში. წყარო: ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია / გურამ შარაძე : ტ. 7. -თბ., 2005. -გვ. 356–360
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |