Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე ხვედელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის მე-10 საჯარო სკოლა 1937 წელს. შემდეგ ქ. სტალინგრადში (ახლანდელი ვოლგოგრადი) ისმენდა ლექციების კურსს თავისუფალი მსმენელის სტატუსით. 1939 წელს სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა. 1940 წელს ჩაირიცხა პოლკის ასეულის სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგაც მიიღო ლეიტენანტის წოდება. 1941 წლის 22 ივნისს სამამულო ომის დაწყების დღეს მისი სამხედრო ნაწილი ბესარაბიაში იდგა. 12 ივლისიდან 9 თვე გერმანელთა ტყვეობაში გაატარა. 1942 წლის გაზაფხულზე იგი აიყვანეს ბრანდენბურგის სასწავლო პოლკში მოხალისედ, ამავე წლის აგვისტოში, საბრძოლო ოპერაციის დროს დაიჭრა. 1944 წელს გერმანული ჯარის ნაწილიდან გადაიყვანეს ქართულ ლეგიონში, რომელიც იმავე წლის გაზაფხულზე გაგზავნეს სამხრეთ საფრანგეთში, ქ. კასტრში. აგვისტოს თვეში ლეგიონი შარლ დე გოლის ნაწილებს შეუერთდა. 1944-1948 წლებში საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონმა ჩრდილოეთ აფრიკაში გადაინაცვლა. 1948 წელს ლეგიონი მონაწილეობდა ვიეტნამის ომში, სადაც პეტრე ხვედელიძე მძიმედ დაიჭრა. ოპერაციისა და თითქმის სამწლიანი მკურნალობის შემდეგ იგი 1951 წელს, როგორც ინვალიდი გაათავისუფლეს სამხედრო სამსახურიდან. უცხოელთა ლეგიონში შვიდწლიანი მსახურობის პერიოდში პეტრე ხვედელიძეს მიღებული ჰქონდა მედალი და ჯილდოები. ლეგიონი სერჟანტის ჩინით დატოვა და ნაწილობრივი პენსია დაენიშნა. სამხედრო კარიერის შეწყვეტის შემდეგ, 1951 წელს პეტრე ხვედელიძეს, როგორც ომის ვეტერანი, სპეციალობის მისაღებად გაგზავნეს რადიო–ტელევიზიის საქმის შესასწავლად, 1955 წელს მან დაამთავრა ელექტრონიკის ტექნიკური სასწავლებელი და მუშაობდა რადიოაპარატურის დამამზადებელ ფრანგულ კომპანიაში. 1956 წელს, 38 წლის ასაკში, პეტრე ხვედელიძემ მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა საფრანგეთი. დაიწყო მისი მეორე ემიგრაცია, ამჯერად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ცხოვრობდა ნიუ-იორკში, სადაც დაამთავრა ამერიკის რადიოკორპორაციის ტექნიკური სასწავლებელი. სწავლობდა "Queens Gollege"-ში. 1958 წელს აირჩიეს შშშ ქართული სათვისტომოს გამგეობის წევრად, შემდეგ კი მდივნად. 1963 წელს მიიღო ამერიკის მოქალაქეობა. 1967 წლის 1 მაისიდან მუშაობდა "ამერიკის ხმის" ქართულ განყოფილებაში. რედაქციაში მუშაობისას მიღებული აქვს სიგელები და მადლობები. 1985 წლის ივნისიდან პეტრე ხვედელიძე პენსიაზე გავიდა, უხუცესი ქართველი ემიგრანტი ვაშინგტონში ცხოვრობდა. წერდა მემუარებს. ხანგრძლივი ემიგრანტული ცხოვრების მანძილზე იგი ინახავდა ყველა წერილსა და დოკუმენტს, ყველა მოგონებას, რომლებზეც საქართველოში მწირი ინფორმაცია იყო. პეტრე ხვედელიძისადმი მიწერილი წერილებიდან მთელი საქართველოსა და ემიგრირებული ქართველების რეალური სურათის დანახვა შეიძლება. მას მდიდარი პირადი არქივისა და ბიბლიოთეკის დამუშავებაში 2004 წლიდან ამერიკაში მცხოვრები მკვლევარი ციცინო ჯერვალიძე ეხმარებოდა. მათი ერთობლივი შრომის შედეგად გამოიცა ეპისტოლარული ჟანრის ორი ტომი საერთო სათაურით – "პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით". ეს წიგნები ქართული ემიგრაციის მეორე თაობის ისტორიის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს მოიცავს. პირველ წიგნს საფუძვლად დაედო საფრანგეთში ქართული ემიგრაციის ყოფილი თავკაცის, ლევან ზურაბიშვილის მიმოწერა პეტრე ხვედელიძესთან, ხოლო წიგნის მეორე ნაწილი ცნობილი საზოგადო მოღვაწის რევაზ გაბაშვილთან წერილებს. 2014 წლის 27 მარტს პეტრე ხვედელიძე ამერიკაში გარდაიცვალა . ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს. წყარო: ვალმოხდილი მამულიშვილი / ციცინო ჯერვალიძე // ჩვენი მწერლობა .- თბილისი, 2014.-№10, 16 მაისი.-გვ.3-6
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |