The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სილა სანდუნოვი

სილა სანდუნოვი
Legal name:სილოვან ზანდუკელი
Date of birth:8 April, 1756
Date of death:8 April, 1820  (at 64 years)
Burial location:ლაზარევსკის სასაფლაო, მოსკოვი
Category:Businessmen, Actor/Actress

Biography

რუსეთში მოღვაწე მსახიობი, ზანდუკელების გვარის წარმომადგენელი. რუსეთს შეხიზნულმა ვახტანგ VI-ის ამალის წევრმა, ნიკოლოზ ზანდუკელმა შვილებს კარგი განათლება მისცა. სილოვანი ბავშვობიდანვე ენამოსწრებულობით გამოირჩეოდა და თავისი ამ ბუნებრივი ნიჭის წყალობით მიიპყრო მოსკოვის თეატრალური საზოგადოების ყურადღება. მაშინ რუსული თეატრის მფლობელი, მოსკოვის საგუბერნიო პროკურორი თავადი ურუსოვი იყო, მაგრამ ფაქტობრივად თეატრს მისი ანტეპრენიორი, თეატრალური საქმის კარგი მცოდნე ინგლისელი მედოქსი ხელმძღვანელობდა. მან სილა სანდუნოვის ნიჭიერება პირველი შეხვედრისთანავე შენიშნა და მაშინვე ჩარიცხა თავის დასში მაღალი ანაზღაურებით. არისტროკრატიული აღზრდისა და დახვეწილი მანერების წყალობით სილა სანდუნოვი დედაქალაქის მაღალ საზოგადოებაში საკმაოდ იოლად მიიღეს, რაც XVIII საუკუნის ბოლოს იშვიათი გამონაკლისი იყო, რადგან მსახიობობა საკმაოდ დაბალი დონის პროფესიად მიიჩნეოდა. სამსახიობო კარიერა 1776 წლიდან დაიწყო. თავიდანვე იოლად მიაღწია პოპულარობასა და აღიარებას. ძირითადად, კომიკურ როლებს თამაშობდა, თუმცა არანაკლებ ძლიერი იყო დრამატულ როლებშიც. როგორც ამბობდნენ, არაჩვეულებრივი გარდასახვის უნარით გამოირჩეოდა. 1783 წლიდან პეტერბურგის თეატრალური კომიტეტის თავმჯდომარემ ოლსუფიევმა იგი პეტერბურგის საიმპერატორო თეატრის დასში ჩარიცხა. პეტერბურგში ეწვია სანდუნოვს დიდი სიყვარული საოპერო მომღერალ ელისაბედ ურანოვასადმი, მაგრამ მათ ქორწინებას აფერხებდნენ თეატრთან დაახლოებული საკმაოდ გავლენიანი თავადები ბეზბოროდკო და იუსუპოვი. ერთ-ერთი როლის შესრულებისას სილამ ლექსი წაიკითხა, სადაც მოკლედ აღწერა მისი და ლიზას მდგომარეობა და თეატრის ხელმძღვანელობის ინტრიგები მათი სიყვარულის წინააღმდეგ. ამ ლექსს მაყურებელმა ოვაციები მოაყოლა, ყველა მიხვდა, თუ რაში იყო საქმე. მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ელისაბედმა გააკეთა. 1791 წელის 11 თებერვალს, საოპერო სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ელისაბედი მუხლებზე დაეცა, მთელი დამსწრე საზოგადოების და რაც მთავარია, ეკატერინე II წინაშე და შეჰღაღადა: "დედოფალო, დამიხსენი!" და გადასცა წინასწარ დაწერილი წერილი, სადაც სთხოვდა, როგორმე აერიდებინა მისთვის ბეზბოროდკოს დევნა და ნება დაერთო, თავის რჩეულს, სილა სანდუნოვს გაჰყოლოდა ცოლად. არსებობს ვერსია, რომ ეს ამბავი ალექსანდრე პუშკინმა "კაპიტნის ქალიშვილის" ფინალში გამოიყენა, დედოფალმა მაშინვე მოხსნა თეატრის მმართველობიდან ყველა ის მოხელე, ვინც ბეზბოროდკოს ხელს უწყობდა და გამოთქვა სურვილი, ახალგაზრდების ჯვრისწერაზე თავადვე ყოფილიყო ხელისმომკიდე. განსაკუთრებული მზრუნველობის აღსანიშნავად კი ნეფე-პატარძალს იშვიათი სილამაზის ბრილიანტის სამკაული აჩუქა, რომლის ფასი იმ დროისთვის ძალიან დიდი იყო. 14 თებერვალს სილამ და ელისაბედმა ჯვარი დაიწერეს. ეკატერინე II-ის ნებართვით 1794 წელს სანდუნოვი მეუღლითურთ მოსკოვში გადავიდა. მოსკოველებმა აღფრთოვანებით მიიღეს განთქმული მსახიობები. თითქოს ყველაფერი კარგად აეწყო, ელისაბედი მღეროდა, სილა სცენაზე თამაშის გარდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, სარეჟისორო კუთხითაც მოსინჯა საკუთარი ძალები. მაგრამ პეტერბურგში ატეხილი სკანდალის ექო მოსკოვშიც არ ასვენებდა სანდუნოვების ოჯახს, მსახიობთა ჰონორარიც არ იყო საკმარისი. სწორედ მაშინ იყო, რომ სილა სანდუნოვმა ერთი შეხედვით, საკმაოდ სარისკო ნაბიჯი გადადგა – გადაწყვიტა აბანოების გახსნა. 1799 წელს იმპერატორ პავლე I ბრძანებით სილა სანდუნოვს ნება დაერთო, მოსკოვში "ბელი გოროდოკში" მიასნიცკის უბანში შეესყიდა მიწები. ცოლ-ქმარმა ნაჩუქარი ბრილიანტი გაყიდა, დანაზოგი ფულიც დაამატა და მდინარე ნეგლიანკის მიდამოებში თბილისის ორთაჭალის აბანოების მსგავსი აბანოები ააშენა, კეთილმოაწყო და მოსკოველებს უჩვეულო და მეტად საამო მომსახურება შესთავაზა. 1806 წელს დაიწყო მშენებლობა და 1808 წელს აბანომ პირველი სტუმარი მიიღო. სულ ცოტა ხანში, აბანომ პოპულარული გახდა. გილიაროვსკის თქმით ამ აბანოში დადიოდა "მთელი გრიბოედოვისა და პუშკინის მოსკოვი". რუსებს ისე მოეწონათ მოსკოვის ეს სიახლე, რომ მას შემდეგ ორ საუკუნეზე მეტი გავიდა და დღესაც სანდუნოვის აბანოებს ეძახიან. აბანომ მრავალი ტრადიცია დაამკვიდრა. აქ იმართებოდა შემოქმედთა და ამა ქვეყნის ძლიერთა საქმიანი შეხვედრები, ვაჭრის ქალიშვილები ქორწილის წინ სწორედ "სანდუნებში" განიბანებოდნენ ხოლმე. აქ აღნიშნავნდნენ დღესასწაულებსაც. ათწლეულების განმავლობაში "სანდუნოვის აბანო" ფეშენებელურ ნაგებობად იქცა სხვადასხვა ყოფითი დანიშნულების განყოფილებებით. მათ შორისაა გასართობი ცენტრი, სავაჭრო დახლები, თვით სანოტო მაღაზიაც კი. იგი დღესაც პრესტიჟული, ელიტარული და მეტად პოპულარულია. 1810 წელს სილა სანდუნოვმა მოულოდნელად დატოვა თეატრი. ამ დროისთვის მეუღლეც გაშორდა და საცხოვრებლად ისევ პეტერბურგს დაბრუნდა. ერთ დროს "რუსეთის ბომარშედ" აღიარებულმა მსახიობმა თავისი სიცოცხლის ბოლო წლები სრულ მარტოობაში გაატარა. 1820 წლის აპრილში თავის უკანასკნელ გზაზე სულ რამდენიმე კაცი მიაცილებდა ყველასგან მივიწყებულ რუსეთის დიდ კომიკოსს.

წყარო: მოსკოვის სახელმწიფო აკადემიური მცირე თეატრის ვებგვერდი: web.archive.orgქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ზურაბ ქუთათელაძე.-თბ.,2011.-გვ.148


Share: