Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სარგის I![]()
Biographyსაქართველოს სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XIII საუკუნის II ნახევარში, მეჭურჭლეთუხუცესი, სამცხის (მესხეთის) მმართველი, სპასალარი, 1260 წელს მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ აჯანყების ერთ-ერთი ინიციატორი და აქტიური მონაწილე. დავით VII ულუმ დანიშნა მონღოლთა ლაშქრის (რომელიც აჯანყების ჩასაქრობად იყო შემოსული საქართველოში) წინააღმდეგ მებრძოლ ქართველთა ჯარის მეთაურად. სარგის I-ს 8000 ცხენოსანი ჰყავდა, მონღოლთა ლაშქარში კი, რომელსაც არღუნი მეთაურობდა, 20 000 მარტო მონღოლი და ერაყელი მოლაშქრე ირიცხებოდა, რამდენიმე ათასი კი ქართველი იყო. 1260 წელს ტაშისკართან ბრძოლაში სარგის I-ის 1500 ცხენოსანმა დაამარცხა არღუნის 6000-იანი მეწინავე ლაშქარი. შემდეგ თვით სარგის I დაიძრა მტრის წინააღმდეგ. არღუნი გაქცევას აპირებდა, მაგრამ მის ლაშქარში მყოფმა ქართველებმა შეაკავეს. მთავარი ძალების გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. სარგის I-ის შეცდომა ის იყო, რომ ბორჯომის ხეობის ვიწროებიდან გამოვიდა და მონღოლებს გაშლილ ველზე შეებრძოლა, სადაც მტერს მანევრირების საშუალება მიეცა. 1261 წელს სარგის I წარმატებით იბრძოდა სამცხეში მეორედ შემოსული არღუნის ლაშქრის წინააღმდეგ. მტერი იძულებული გახდა 20 დღის შემდეგ უკან გაბრუნებულიყო. 1262 წელს სარგის I დავით VII-ს ურდოში გაჰყვა ჰულაგუ-ყაენთან და გამოძიების დროს მეფის გადარჩენის მიზნით აჯანყების მოწყობა თვითონ დაიბრალა. გამოძიება არ იყო დამთავრებული, რომ ილხანთა წინააღმდეგ ოქროს ურდოს ყაენმა ბერქამ გამოილაშქრა. სარგის I-მა მის წინააღმდეგ ბრძოლაში სიმამაცით თავი გამოიჩინა და ჰულაგუ-ყაენი სიკვდილს გადაარჩინა. მადლიერმა ყაენმა მას კარნუ ქალაქი და მისი მომიჯნე ოლქი უბოძა. სარგის I-ის განდიდებით უკმაყოფილო ქართველმა დიდებულებმა მეფესა და სარგის I-ს შორის მტრობა ჩამოაგდეს. მეფის მიერ დაპატიმრებული სარგის I ყაენმა გაათავისუფლა. სარგის I-ის თხოვნით 1266 წელს სამცხე საქართველოს ჩამოშორდა და უშუალოდ ყაენს დაექვემდებარა. სარგის I-ის ეს ნაბიჯი საერთო ეროვნულ ინტერესების ღალატს ნიშნავდა: ფაქტობრივად პოლიტიკურად ორად გაყოფილ საქართველოს მესამე ნაწილიც გამოეყო - სამცხე, რომლის ტერიტორია ტაშისკარიდან არზრუმამდე ვრცელდებობა. მიუხედავად ამისა სარგის I-სა და საქართველოს მეფეს შორის პოლიტიკური ურთიერთობა მთლიანად არ შეწყვეტილა — სარგის I-მა სამცხის სპასალარის წოდება შეინარჩუნა და დემეტრე II-ის დროს მეჭურჭლეთუხუცესობაც მიიღო. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ., 1985.-გვ.101-102
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |