The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ყარაევი

Legal name:ივანე ყარაშვილი
Date of birth:17??
Date of death:18??
Category:Nobleman, Medical Doctor

Biography

1801 წლის 5 ნოემბერს ივანე ყარაევი წერს ასეთ თხოვნას: "განუცხადებ ამას მაღალმსვლელობასა თქვენსა, რომელ გარდაცვალებულის მეფის ერეკლესაგან წელიწადში ორმოცი თუმანი ჯამაგირი გვქონდა და ქალაქში ხუთი დუქანი გვებოძა და მეფე ირაკლი რომ გარდაიცვალა, გიორგი მეფემაც ისივ ჯამაგირი მოგვცა და ექვსი დუქანიც იმან გვიბოძა, რომელიც დღესაც ხელში გვიჭირავს. ახლა რადგან ისინი გარდაიცვალნენ, ვითხოვ თქვენის მაღალმსვლელობისაგან, რომ ეს მეფეთაგან ბოძებული წყალობა და ჩვენი ნაყიდი და უსყიდი რაცა გვქონდეს, ისინი იმის დიდებულებას ყოვლად მოწყალეს ხელმწიფეს დაგვიმტკიცებინოთ". ექიმი ივანე ყარაევი, რომელიც კახეთში, სოფელ რუისპირში იმყოფებოდა, დარეჯან დედოფლის თხოვნით გააყოლეს მას რუსეთში გადასახლებისას – 1803 წელს. მანამდე – 1801 წელს ის ახლდა იოანე და ბაგრატ ბატონიშვილებს რუსეთში გამგზავრებისას. ივანე ყარაევის მამა იოსები, ასევე ექიმი, იყო შვილი ექიმ ანტონ ყარაევისა. ანტონ ყარაევმა ექიმობა ისწავლა კათოლიკებისგან, იტალიურ ენაზე. მან ექიმობა შეასწავლა თავის ვაჟს იოსებს. იოსებმა კი ეს ხელობა შეასწავლა თავის ორ ვაჟს ივანეს (რომელიც ზოგან იონასად იწოდება) და ანდრიას. გიორგი ХII-ის 1799 წლის სიგელში იხსენიებიან ექიმ ანტონას შვილი ექიმბაში იოსები, მისი შვილი იოანე, პეტრე, ანდრია და ანტონი. ყარაშვილები კათოლიკეები იყვნენ. იოსებ ყარაევის ქალი ეკატერინე (და ივანე ყარაევისა) ცოლად ჰყავდა ექიმ ივანე ანტონის ძე პრიბილს. 1818 წელს ქართველმა თავად-აზნაურობამ ადრესი მიართვა ერმოლოვს 1812 წლის აჯანყებულთა ციმბირიდან დაბრუნებისათვის მადლობის ნიშნად. ამ ადრესს სხვებთან ერთად ხელს აწერს კოლეჟსკი ასესორი ივანე ყარაევი. ივანე ყარაევს ჰქონია გიორგი XII -ის პორტრეტი გეტინის მიერ ტილოზე შესრულებული 1799 წელს. ყარაევს ეს სურათი 1858 წელს მიურთმევია ბაგრატ ბატონიშვილის ვაჟ დავითისათვის. 1826 წელს "საექიმო გამგეობამ" აუკრძალა პრაქტიკა ივანე და ანდრია ყარაევებს. ამის გამო თავად-აზნაურობის წინამძღოლი შუამდგომლობს: "მიეცათ ძველებურად პრაქტიკის ნება აქაური ექიმის – განსვენებული თათულა აქიმოვის მსგავსად აზნაურ კოლეგიის ასესორ ივანეს და კოლეგიის რეგისტრატორს ანდრია ყარაევებს. ყარაევებს საექიმო ცოდნა მათმა მამამ იოსებ ყარაევმა მისცა. ივანე როგორც ექიმი სამჯერ იყო წარგზავნილი პეტერბურგს: კნორინგის მიერ – ბაგრატ ბატონიშვილსა, ციციანოვის მიერ – დედოფალ დარეჯანსა და ტორმასოვის მიერ –  თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად სამგზავროდ. ანდრიაც ყოფილა ერთხელ რუსეთში და კოლეგიის რეგისტრატორის ჩინი მისცეს". "იოანე აქიმი ყარაევი" გამოყვანილია "კალმასობაში". 1821 წლის 9 მარტს დაიწყო საქმე ყარაევების გვარის აზნაურულ წარმოშობაზე. ივანე, ანდრია და ანტონ ყარაევები ითხოვენ მათ აზნაურობაში დამტკიცებას. თხოვნაში წერენ, რომ მათი პაპა ანტონ ყარაშვილი ჩამოსულა იტალიიდან იმერეთში მეფე ალექსანდრესთან, იქიდან გადასულა ქართლში, მეფე თეიმურაზთან. ალექსანდრესაც და თეიმურაზსაც მისთვის აზნაურობა უბოძებიათ, მაგრამ ეს საბუთები მათ დაჰკარგვიათ აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას. ყარაევებმა წარადგინეს დარეჯან დედოფლის მოწმობა. 

წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro


Share: