The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონ ოლივერ უორდროპი

ჯონ ოლივერ უორდროპი
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1864
გარდაცვ. თარიღი:19 ოქტომბერი, 1948  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სევენოუქსის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სასაფლაო, ლონდონი
კატეგორია:დიპლომატი, მთარგმნელი

ბიოგრაფია

1887 წელს პირველად იყო საქართველოში და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოსცა წიგნი "საქართველოს სამეფო“. შეისწავლა ქართული ენა და ინგლისურად თარგმნიდა ქართული ლიტერატურის ნიმუშებს, მათ შორის: სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე-სიცრუისა" (1894); "ვისრამიანი" (1914). 1912 წელს ლონდონში გამოსცა თავისი დის, მარჯორი უორდროპის მიერ ინგლისურ ენაზე პროზაულად თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი". იგი მრავალ ქვეყანაში მსახურობდა დიპლომატიურ სარბიელზე. 1918 წელს იყო დიდი ბრიტანეთის გენერალური კონსული მოსკოვში, საბჭოთა რუსეთში. ამის შემდეგ მცირე ხანს მუშაობდა ბრიტანეთის პოლიტიკური დაზვერვის დეპარტამენტში. 1919 წლის ზაფხულში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის (ოქტომბრიდან - მინისტრის), ლორდ კერზონის, ხელშეწყობით, ოლივერ უორდროპი დაინიშნა დამოუკიდებელ საქართველოში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლად - უმაღლეს კომისრად. 30 აგვისტოს საქართველოში ჩამოსულ უორდროპს ქართველი საზოგადოება შეხვდა როგორც მხსნელს, ხოლო მასთან შეხვედრა სახალხო დღესასწაულად იქცა. ქართული პოლიტიკური ელიტა იმედოვნებდა, რომ უორდროპი შეძლებდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული ხელისუფლების, როგორც ადრინდელი გერმანიის მოკავშირის და ბრიტანეთის მტრის იმიჯის შეცვლას. უორდროპმა საქართველოში მუშაობის 8 თვის მანძილზე ბევრი რამ შეძლო. ჯერ კვირაში 2-3 რეპორტს აგზავნიდა ლონდონში, ხოლო შემდეგ თითქმის ყოველდღიურ მოხსენებებს, რომლებიც საქართველოსადმი პოზიტიურ ინფორმაციებს შეიცავდა და საკუთარ ხელისუფლებას არწმუნებდა, რომ აუცილებელი იყო ახალგაზრდა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება ბრიტანეთის მიერ. უორდროპს დიდი წვლილი მიუძღოდა, რომ ბათუმის ოლქის მმართველობაში შესუსტდა ოსმალეთისა და დენიკინელების აგენტთა გავლენა და გაიზარდა პროქართული ძალების როლი; 1919 წლის ნოემბერში კავკასიის სახელმწიფოებს შორის ხელი მოეწერა საბაჟო, სატრანზიტო და სარკინიგზო ხელშეკრულებას; დამოუკიდებელი საქართველოსადმი ბრიტანეთის ოფიციალური დამოკიდებულება შეიცვალა პოზიტიური ნიშნით. განსაკუთრებული იყო უორდროპის დამსახურება ბრიტანელების დარწმუნებაში, საჭირო იყო კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობა. უორდროპის პერმანენტული რეპორტების შესახებ ბრიტანეთის აღმოსავლეთის დეპარტამენტის უფროსი კიდსტონი აღნიშნავდა, რომ უორდროპი გვბომბავს თავისი გრძელი რეპორტებით კავკასიის რესპუბლიკათა აღიარების მოთხოვნის თაობაზეო. 1919 წლის 24 დეკემბერს ლორდმა კერზონმა ბრიტანეთის მთავრობას წარუდგინა მემორანდუმი სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების და კერძოდ, საქართველოს შესახებ. 13-გვერდიან დოკუმენტში საქართველოსთან დაკავშირებით აღნიშნული იყო ქართული სახელმწიფოებრიობის მომდინარეობა პრექრისტიანული ხანიდან; 1801 წელს რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის აქტი; ქართველთა როლი ჯვაროსნულ ლაშქრობებში; 1907 წლის ჰააგის კონფერენციისადმი ქართველი ხალხის პეტიციის წარდგენის ფაქტიბდა ა. შ., რომლებიც უორდროპის რეპორტებიდან იყო ამოკრებილი. მას საპატიო წვლილი მიუძღოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე ფაქტო აღიარებაში, რომელიც 1920 წლის 27 იანვარს მოხდა და რაც პირველმა აცნობა ქართველ ხელისუფლებს. 13 იანვარს უორდროპი ლონდონს აცნობებდა: "აღიარებამ თბილისში დიდი პატრიოტული დემონსტრაციები გამოიწვია. ინფორმაციის გამოცხადებიდან ერთ საათში ქალაქი დროშებით იყო მოფენილი, მანქანების მოძრაობა შეჩერდა, მაღაზიები და ქარხნები დაიხურა. მთელმა გარნიზონმა, კავალერიითა და არტილერიით, ჩემი სახლის წინ მოსასალმებლად ჩაიარა. შემდეგ მე და პრემიერ-მინისტრი მთავრობის სასახლესთან დავესწარით აღლუმს... ხალხთა მასის მხრიდან მთელი დღის განმავლობაში ვიღებდი უსასრულო ემოციებს და მათ ჩემს მანქანამდე მხრებზე აყვანილებმა მიმიყვანეს". 1920 წლის თებერვალში უორდროპისათვის ცხადი გახდა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა ბათუმიდან ჯარის კონტინგენტის გაყვანა, რაც ნიშნავდა საქართველოს ბოლშევიკური რუსეთი პირისპირ მარტო დარჩენას, უმაღლესმა კომისარმა საგარეო სამინისტროს განუცხადა, თუ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლებოდა, იგი თანამდებობიდან გადადგებოდა. უორდროპის გადაწყვეტილებას დაერთო მისი დაავადება. ქართველმა ექიმებმა ოპერაცია ჩაუტარეს. 1920 წლის აპრილში უორდროპმა საქართველო დატოვა. 1922 წელს ოლივერ უორდროპი მეფემ ბრიტანეთის იმპერიის რაინდის წოდებით დააჯილდოვა. 1921-1927წწ. მუშაობდა სტრასბურგში, გენერალური კონსულის თანამდებობაზე. იგი მუდამ მხარში ედგა ბრიტანეთში მოხვედრილ ქართველებს და ქართულ კულტურულ-სამეცნიერო აქტივობებს მის მიერვე დაფუძნებული მარჯორი უორდროპის ფონდის საშუალებით. ქართული კულტურის დიდი მოამაგე.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.432-433

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: