Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფარსმან თმოგველი![]()
Biographyჯავახეთის დიდი ფეოდალი XI საუკუნის შუა წლებში, თმოგვის მემამულე, ჯავახეთის ერისთავთერისთავი, სათხის ეკლესიის (ახლანდელი ნინოწმინდის რაიონი) ამშენებელი. ეკუთვნოდა ახალ ჩორჩანელთა საგვარეულოს, რომელიც წარმოიქმნა IX საუკუნეში, ჩორჩანელებისა და ბაჰლაუნდების დანათესავების შედეგად (უშუალოდ გარდაცვლილი გიორგი ჩორჩანელის მამულს და საგვარეულო სახელწოდებას დაეუფლა მისი დის - მირიან ბაჰლაუნდის ცოლის თეკლას შთამომავლობა). ფარსმან თმოგველი სულას შვილი ყოფილა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სულა იყო შვილი ივანე სულას ძისა, რომელმაც X საუკუნის 70-იან წლებში მონაწილეობა მიიღო დავით კურაპალატის ლაშქრობაში ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ და რომელიც მოხსენიებულია ზარზმის სამრეკლოში ჩატანებულ წარწერაში ეგვტერის ამშენებლად. XI საუკუნის 50-იან წლებში ფარსმან თმოგველმა, ბეშქენ ჯაყელთან ერთად, მხარი დაუჭირა ლიპარიტ ბაღვაშს ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. მესხეთის აზნაურთა მეორე ჯგუფი გამოვიდა ლიპარიტის წინააღმდეგ. ლიპარიტის დამარცხებას მოჰყვა მისი მომხრე მესხი ფეოდალების დამცრობა. როგორც ჩანს, ფარსმან თმოგველს მეფემ ჩამოართვა თმოგვი. ფარსმან თმოგველი (ისევე როგორც ლიპარიტი) ათონის ივერთა მონასტერში არსენის სახელით შედგა ბერად. "ათონის კრებულში" შეტანილია ფარსმან თმოგველისა და მისი ძმის გიორგი ჩორჩანელის რამდენიმე აღაპი, საიდანაც ჩანს, რომ ფარსმან თმოგველმა დიდი ღვაწლი დასდო მონასტერს, რის გამოც ის მისი წინამძღვარი გახდა. პირველ თმოგველთა გვარის ისტორია ფარსმან თმოგველით იწყება და ფარსმანითვე მთავრდება: გიორგი II-მ (1072-1089) თმოგვი უბოძა ნიანია ქუაბულისძეს, ბოლოს თამარ მეფემ ის გადასცა სარგის მხარგრძელს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალ თმოგველების საგვარეულოს (XIII-XIV საუკუნეები). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.233
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |