Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბელა ქებურია![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ჩხოროწყუ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1981 წელს; 1988-1989წწ. ასპირანტურის სტაჟირება გაიარა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ XIX, ხოლო შემდეგ XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრებზე. მუშაობდა საქართველოს რადიოს ახალგაზრდულ გადაცემათა რედაქციის - "სიჭაბუკის" ჟურნალისტად; 1982 წლიდან ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორად; პარალელურად, ამავე უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრის, ხოლო შემდეგ ლიტერატურული სალონის ხელმძღვანელად; დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია ქართველი მწერლების: ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის ნორჩ შემოქმედთა პოეზიის კონკურს "ზღვაურისა" (2012) და ლიტერატურული ჟურნალ "ზღვაურის" (2011); მისი ლექსები შესულია ქართული პოეზიის, ქართული საბავშვო პოეზიისა და სომხურ ენაზე გამოსული თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიებში, ეს უკანასკნელი ორჯერ, 2007 და 2017 წ. ერევანში გამოიცა; ლექსები თარგმნილია ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, სომხურად, რუსულად, უკრაინულად, თურქულად, აზერბაიჯანულად, ესპანურად და ბერძნულად; თავადაც ნათარგმნი აქვს ვილიამ ვორდსვორთის (ინგლისი), აჟდარ ოლის (აზერბაიჯანი), გაგიკ დავთიანის (სომხეთი), ვეისელ ჩოლაქის, ლეილა იშიქისა და ათაოლ ბეჰრამოღლუს (თურქეთი) ლექსები პწკარედების მეშვეობით; წერს სცენარებს; ატარებს მასტერკლასებს, შემოქმედებით საღამოებს, როგორც ბათუმში, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე უცხოეთში (საბერძნეთში: სალონიკსა და ათენის ქართული კულტურის, თურქეთში, სტამბოლის ქართული ენის ცენტრში, სომხეთში საქართველოს მწერალთა დელეგაციასთან ერთად ერევანსა და გორისის უნივერსიტეტში; 2019 წლის 24 თებერვალს ერთობლივი შემოქმედებითი საღამო ტულუზაში (საფრანგეთში), ხოლო 3 მარტს ბურგოსში ქართველთა სათვისტომოსთვის, ესპანეთში მცხოვრებ კომპოზიტორ მაია სიჭინავასთან ერთად); როკ-ჯგუფ "КОН ГО"-ს კომპოზიტორმა და ხელმძღვანელმა ს. გოლუბევმა ბელა ქებურიას ლექსებზე 12 სიმღერა შექმნა. მისი ლექსები აამღერეს კომპოზიტორებმა მანანა ხორავამ (საგუნდო), ზვიად ბოლქვაძემ, მინდია ხითარიშვილმა, მანანა გაბაიძემ და დავით შვანგირაძემ (ჰიმნი ქუთაისს); ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა კომპოზიტორმა და მომღერლმა მაია სიჭინავამ-კი 6 სიმღერა. გახდა "რჩეული შემოქმედის" (აჭარის მწერალთა ორგანიზაციისგან) წოდების მფლობელი, ხოლო აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან - მადლობის სიგელი დაიმსახურა; 9 ლიტერატურული პრემიის ლაურეატია, მათ შორის: თამარ მეფის ენდალმა (საქართველოს მწერალთა კავშირისა და ხელოვანთა ოქროს ფონდისგან ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის), უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის სახელობის პრემია ბავშვთა ლიტერატურული კონკურსის - "სიკეთის ხისგან" - მომავალი თაობის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის (პოეზიის კონკურს "ზღვაურისა" და ლიტერატურული ალმანახ "ზღვაურის" გამო), "პოეზიის დღე - შოთაობის" (მესხეთი) "უქიმერიონისა" (ქუთაისი), ჟურნალ "ოლეს" (კახეთი); მიუზიკლისთვის "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" მიღებული აქვს აჭარის ა/რ განათლების სამინისტროს სიგელი; "მადლიერების სერთიფიკატი" ( შპს "გორდა", 2014), სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობისა და მომავალი თაობის შემოქმედებითი კუთხით განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის; "ბათუმის დამსახურებული მოღვაწე" (2014); აჭარა-ლაზეთის სადროშოს კულტურის სამსახურის კოორდინატორი; ლიტერატურული ფესტივალის "ზე-კართან" საპატიო ყაბალახისა და "მაჭახლობის" საპატიო ქამრის მფლობელი; სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდის წევრი; 8 წიგნის ავტორი, 10 წიგნის თანაავტორი, 20-მდე წიგნის რედაქტორ-შემდგენელი. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.78 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |