The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დენიზა გოზალიშვილი

დენიზა გოზალიშვილი
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1919
გარდაცვ. თარიღი:29 იანვარი, 1998  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, პედაგოგი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით 1940 წელს.

1941-1947წწ. მუშაობდა საქართველოს ისტორიის მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 1951 წელს მეთოდისტად განათლების სამინისტროს ბავშვთა საექსკურსიო-ტურისტულ სადგურში; 1953 წლიდან თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგ-მეთოდისტია; 1963-1990წწ. არჩეულ იქნა საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პასუხისმგებელ მდივნად; 1966 წელს მიიწვიეს ა. ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპიურ კლუბში სასწავლო ნაწილის უფროსად. შეთავსებით გააგრძელა მუშაობა პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში. მთამსვლელობა და ტურიზმი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, 1940 წელს დაიწყო. 1941 წელს საბჭოთა კავშირში პირველი ზამთრის სათხილამურო ასვლის ხელმძღვანელის მოადგილეა, პირველი მთამსვლური ასვლების მონაწილე ჭაუხების მასივში, მწვერვალ "ვაჟა-ფშველაზე", ზამთარში მყინვარწვერზე, ორწვერზე, მაილზე და სხვ. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდა მრავალდღიანი ტურისტული ლაშქრობები კავკასიონის რიგ უღელტეხილებზე (მამისონი, ზეკარი, ბურსაჭირი და სხვ.), ასვლები ყუროზე, ტერსკოლის პიკზე, იალბუზის ფერდობზე. 1969 წელს ხელმძღვანელობდა ბავშვთა საექსკურსიო-ტურისტული სადგურის მიერ ჩატარებულ რესპუბლიკურ ალპინიადას თრუსოს ხეობაში, 1971 წელს კი მეცნიერ მთამსვლელ ქალთა ზამთრის ასვლას მწვერვალ არაგაწზე ქართული ფეხსაბიჯებით (თხილამურებით), რომელიც მიზნად ისახავდა აგრეთვე სახალხო მეურნეობაში (დიდთოვლიანობაში) მათ გამოყენებას. მისი ხელმძღვანელობით წლების განმავლობაში ტარდებოდა პოპულარული საერთაშორისო ფოტო-კინო კონკურსი "მთები და ადამიანები", ბავშვთა ნახატების კონკურსი "ჩემი მთები". მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით პირველად საბჭოთა კავშირში შეიქმნა მთამსვლელთა მუზეუმი თბილისში და ყაზბეგში. გამოქვეყნებული აქვს რიგი ნაშრომები ქართულ ენციკლოპედიაში, საკავშირო და ქართულ პრესაში. იყო საკავშირო კატეგორიის მსაჯი კლდეზე ცოცვაში (1979), მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მთამსვლელი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.87

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტი დამსახურებული მუშაკი
  • 1981 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი

ბიბლიოგრაფია

  • იალბუზი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987. - 15გვ.
  • მთის მგოსანი : იგორ კაზალიკაშვილის შემოქმედება (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1983. - 30გვ.
  • მთის ბილიკებით : ტურისტული ლაშქრობანი საქართველოს მთიანეთში (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1980. - 174გვ.
  • მცხეთა : საკვირაო ტურისტული გასვლების მეგზური (ავტორი). - თბილისი, საქ. ტურიზმის რესპ. საბჭო, 1966. - 32გვ.
  • ჯოკია : ეძღვნება გამოჩენილ მთამსვლელს დიმიტრი (ჯოკია) სერაპიონის ძე გუგავას (ავტორი). - თბილისი, ატლანტი. - 64გვ.

გააზიარე: