The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილარიონ ქართველი

ოფიციალური სახელი:იესე ყანჩაველი
დაბადების თარიღი:1776
გარდაცვ. თარიღი:12 თებერვალი, 1864  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ახალი ათონის მთა, საფლავი უცნობია
კატეგორია:მთარგმნელი, სასულიერო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია

წყა­რო­ე­ბის მიხედვით, იგი დაიბადა ლოსიათხევში შემავალ სოფელ ალავერდში. თუმცა ბოლოდროინდელ გამოქვეყნებულ ნაშრომებში ბიოგრაფები მისი დაბადების ადგილად მიიჩნევენ შორაპნის მაზრის სოფელ ლოსიათხევს.

6 წლის იესე მშობლებმა ბიძას, ბერ-დიაკონ სტეფანეს მიაბარეს, რომელიც ტაბაკინის (ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) მონასტერში მოღვაწეობდა. ბიძის გარდაცვალების შემდეგ იგი ერთხანს იმავე მონასტერში დამკვიდრდა. შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა. მამამისმა ქუთაისში სამეფო კარზე მიიყვანა, სადაც მისი აღზრდა ჯრუჭის მონასტრის არქიმანდრიტ გ. სოლოღაშვილს დაევალა; მონასტერში სასულიეროსთან ერთად საერო განათლებაც მიიღო. 1789 წელს იმერეთის სამეფო კარზე მეფე სოლომონ II-ის მოხელედ დანიშნეს და მალევე, მეფის რჩევით, დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი - მღვდლად; 1810 წელს იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ის სოლომონ II-ს ქ. ტრაპიზონში ­ახლდა. სამშობლოში დაბრუნებული ერთხანს თავის სოფელში დამკვიდრდა. შემდგომ სოლომონ II-ის ქვრივის, დედოფალ მარიამის თხოვნით რუსეთში წავიდა, თუმცა იქ შექმნილი მიუღებელი სიტუაციის გამო 1819 წელს ათონის მთაზე გაემგზავრა და ღარიბი პილიგრიმის სა­ხე­ლით სიწმინდეები მოილო­ცა; ერთხანს ივირონის ქართულ მონასტერში დამკვიდრდა, შემდეგ დიონისეს მონასტერში გადავიდა, სადაც 1821 წელს ბერად აღიკვეცა და სახელად ილა­რიონი ეწოდა; მან ასკეტური ცხოვრებისა და ღვთისმოსაობის გამო ათონის მთაზე სწრაფად გაითქვა სა­ხე­ლი. მას ათონელი მამები "მოძღვართმოძღვარს" უწოდებდნენ. მალევე იგი სქიმმონაზვნად იკურთხა; მწიგნობრულ მოღვაწეობას ეწეოდა. მის მიერ გადანუსხული ხელნაწერების ნაწილი ამჟამად და­ცუ­ლია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 1824 წელს ათონის მთაზე მოღვაწე ბენედიქტე (იგივე ვენედიქტე) ქიტი­შვილის დაკვეთით მან გადაწერა ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი წმ. ისაკ ასურის "სწავლანი", 1830 წელს კი ივირონის მონასტერში – სწავლანი "სამოთხე". ამავე მონასტერში მას 1840 წელს გადაუნუსხავს 196 ხელნაწერი. მინაწერზე ის მწუხარებით აღნიშნავდა, რომ ივირონის მონასტერში არ­სე­ბუ­ლი ქართული ხელნაწერები სიძველის გამო ნადგურდებოდა და ჭირდებოდა გადარჩენა. 1827 წელს არქიმანდრიტ სერაფიმეს დავალებით მან შეადგინა კატალოგი სახელწოდებით "ქართული წიგნის სახელები ივე­რიის მო­ნას­ტერსა შინა მდებარეთა მთაწმინდას"; 1827 წელს მან თავისივე გა­და­წერი­ლი ერთი კრებული (ამჟამად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია და­ცუ­ლი) სა­ქარ­თვე­ლო­ში გამოგზავნა გამოსაცემად, მაგრამ მისი პუბლიკაცია იმ დროს ვერ მოხერხდა. მან ივირონის მონასტერში დაცული სხვა­და­სხვა ხელნაწერი წიგნებიდან შეადგინა ამონაწერები, რომლებიც 12 ტომად მოამზადა და სათაურად "ყვავილნარი" უწოდა; გადმოცემით, ეს კრებული იღუმენმა ზოგრაფმა რუსეთში ჩაიტანა და თორმეტივე ტომი შემდგენელის მიუთითებლად გამოსცა; 2002 წელს 17 ოქტომბერს სქიმმონაზონი ილარიონ ქართველი სა­ქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდმა წმინ­და­ნად შერაცხა; მისი ხსენების დღედ დადგინდა 14 (27) თებერვალი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.229


გააზიარე: