The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე დიასამიძე

სხვა სახელი:ბრილელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1872
გარდაცვ. თარიღი:1941  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და პარიზში ვენეროლოგიისა და დერმატოლოგიის სპეციალიზირებული კურსები.

მუშაობდა პარიზის სხვადასხვა კლინიკებში, ცხოვრობდა ემიგრანტების უბანში და ამ პერიოდში დაუახლოვდა არალეგალურ რევოლუციურ წრეებს, გაიცნო ჟან ჟორესი, რიშარი და სებასტიან ფორი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ქვემო მაჩხაანისა და თიანეთის საავადმყოფოებში. 1906-1922წწ. იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს პასუხისმგებელი პირი და ვენეროლოგიური განყოფილების გამგე; როგორც კავკასიის სამედიცინო საზოგადოების წევრი, ხელმძღვანელობდა სხვადასხვა პოპულარული წიგნებისა და ბროშურების თარგმნასა და გამოცემას, კითხულობდა ლექციებს, მონაწილეობდა სახალხო უნივერსიტეტის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების დაარსებაში; იყო ყოველდღიურ გაზეთ "შრომის" რედაქტორი (1906წ.1 აპრილი-17 მაისი; აიკრძალა მთავრობის განკარგულებით), წერდა და თარგმნიდა სამედიცინო და მხატვრულ  ნაწარმოებებს ("კვალი", 1896წ., "საარაკო საქმე" - ფსევდონიმით ბრილელი). იყო სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი. მონაწილეობდა არალეგალური სტამბის დაარსებაში; 1905 წელს დააარსა საიდუმლო - საექიმო ორგანიზაცია იმ რევოლუციონერებისათვის, რომლებიც მთავრობას ემალებოდნენ. 1910 წელს მიუსაჯეს ამიერკავკასიის ტერიტორიიდან ადმინისტრაციული წესით გაძევება. 1914 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, სადაც ასრულებდა ექიმის და საევაკუაციო პუნქტის უფროსის მოვალეობას. რევოლუციის შემდეგ ჯარისკაცთა მიერ არჩეულ იქნა პოლკის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ. 1923 წლიდან მუშაობდა ქალთა მე-3 საავადმყოფოს მთავარ ექიმად. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; მონაწილეობდა საქართველოს ვენეროლოგთა და დერმატოლოგთა კონფერენციებში. 1934 წელს მთავრობის დადგენილებით დაენიშნა პერსონალური პენსია. ალექსანდრე დიასამიძე იყო ერთ-ერთი იმ სტუდენტთაგანი, რომელსაც აკაკი წერეთელმა მიუძღვნა "ბაში-აჩუკი".

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.866; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.130

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიის სამედიცინო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: