შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არაქელა ოქუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მცხეთა (მაშინდელი დუშეთის მაზრა). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუშათა ფაკულტეტი 1926 წელს. დაწყებითი განათლება სოფლის მღვდლის კერძო სკოლაში მიიღო. მუშაობდა ხელზე მოსამსახურედ დუქნებში დუშეთში, ანანურში და ტფილისში. 1880-იან წლებში მუშაობა დაიწყო ტფილისის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში, სადაც დაუახლოვდა აქტიურ მუშებს და მათთან ერთად თვითგანვითარების წრე შეადგინა, რომელიც დაუკავშირდა "ნაროდნიკულ" (ხალხოსნურ) ორგანიზაციას. მონაწილეობდა მუშათა ხელნაწერი არალეგალური ჟურნალის გამოცემაში. წერდა ლექსებს. მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში. 1890-იან წლებში ამხანაგებთან ერთად გახდა პირველი სოციალ-დემოკრატიული მარქსისტული წრეების აქტიური წევრი. მალე იქცა ერთ-ერთ ავტორიტეტულ ლიდერად მუშათა მოძრაობაში. აქტიურად მონაწილეობდა მუშათა საგაფიცვო მოძრაობაში. 1901 წლისათვის შედიოდა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ტფილისის კომიტეტის შემადგენლობაში. 1901 წლის 22 აპრილს (ახალი სტილით 5 მაისს), ტფილისის კომიტეტის გადაწყვეტილებით მოეწყო პირველი ღია დემონსტრაცია მუშათა საერთაშორისო სოლიდარობის დღის აღსანიშნავად, ახალი სტილით ("ევროპის დროით") და პოლიციისა და ჟანდარმერიის მიერ მიღებული პრევენციული ზომები გამო, რამდენიმე დღის დაგვიანებით. დემონსტრაცია გაიმართა კვირა დღეს "სალდათის ბაზარში" (ამჟამინდელი 9 აპრილის ბაღის ქვემო ნაწილის მომიჯნავე ზონა), სადაც არაქელა ოქუაშვილმა პირველად აღმართა საჯაროდ წითელი დროშა. დემონსტრაცია პოლიციამ და ჟანდარმერიამ დაარბია და მოთავეები დააპატიმრა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ კვლავ განაგრძო რევოლუციური საქმიანობა. მეორედ იგი ტფილისის კომიტეტის ნაწილთან ერთად დააპატიმრა ჟანდარმერიამ 1902 წლის 16 თებერვალს (ძველი სტილით), ნაძალადევში, ზაქარია ჩოდრიშვილის ბინაში შეკრებისას. არაქელა ოქუაშვილი 3 წლის ვადით გადაასახლეს ადმინისტრაციული წესით ხარკოვის გუბერნიის ქალაქ ვალკაში, შემდეგ ტულის გუბერნიის ქალაქ ნოვოსილში. 1904 წელს კვლავ გადაასახლეს - გარკვეული ხანი იჯდა მოსკოვში, ბუტირკის ციხეში, შემდეგ გააგზავნეს ვოლოგდაში. 1905 წელს გადასახლებიდან გათავისუფლების შემდეგ დაბრუნდა ტფილისში და აქტიურად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ მიემხრო ბოლშევიკთა ფრაქციას. აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში ტფილისში; იყო შეიარაღებული რაზმის წევრი, რომელიც ცდილობდა ტფილისში "სომეხ-თათართა შეტაკებების" განმუხტვას. რევოლუციის დამარცხების შემდეგ, როდესაც ორგანიზაციები ისევ იატაკქვეშეთს დაუბრუნდნენ, ბოლშევიკური ორგანიზაციის დავალებით "ნადიროვკაში" (დღევანდელი ჩუღურეთის ნაწილი) მოაწყო იარაღის საიდუმლო საწყობი. 1908 წელს, საიდუმლო საწყობის ერთ-ერთმა ზედამხედველმა, ნიკო ერქოვმა მისი ადგილმდებარეობა ჟანდარმერიას შეატყობინა. ჟანდარმერიამ არაქელა ოქუაშვილი, როგორც სახლის მესაკუთრე დააპატიმრა. ტფილისის საოლქო სასამართლომ მას 8 წლით საკატორღო ციხეში პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელს იხდიდა სარატოვის საკატორღო ციხეში, შემდეგ გადაიყვანეს მოკსოვში - სოკოლნიკის ციხეში, იქედან კი გადაასახლეს ირკუტსკის გუბერნიის ბალაგანის მაზრაში, სადაც მუშაობდა ჩერემხოვოს მაღაროებში. სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ ჩერემხოვოში მოუსწრო, სადაც იგი აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივი რევოლუციური ხელისუფლების ორგანოების ჩამოყალიბებაში. 1917 წელს სხვა პოლიტგადასახლებულებთან ერთად დაბუნდა თბილისში, სადაც კვლავ ჩაება ბოლშევიკური პარტიის მუშაობაში. 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ბოლშევიკური იატაკქვეშეთის წევრობის გამო რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული საქართველოს სპეცსამსახურების მიერ. უკანასკნელად დააპატიმრეს 1920 წელს, როდესაც იგი საქართველოში საბჭოთა რუსეთის საელჩოში კურიერად მუშაობდა. 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაზე თავდასხმისა და ომის განმავლობაში, სხვა ასობით ბოლშევიკთან ერთად დაპატიმრებული იყო თბილისის ციხეში, საიდანაც გადაიყვანეს ქუთაისის, ბოლოს კი ბათუმის ციხეში. 1921 წლის 16-17 მარტს, საქართველოს რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანმხების შემდეგ, როდესაც რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში მიემგზავრებოდა, არაქელ ოქუაშვილი სხვა პატიმარ ბოლშევიკებთან ერთად ბათუმის ციხიდან გაათავისუფლეს; იგი "ბათომის რევკომის" განკარგულებაში მონაწილეობდა ბათუმიდან ქემალისტური თურქეთის შეიარაღებული ძალების განდევნის პროცესებში. 1921 წლიდან, საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ სრული ოკუპაციის შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში; თბილისის რკინიგზის დეპოში. 1922 წელს, საქართველოს კომპარტიის "ნაციონალ-უკლონისტთა" ჯგუფში შედიოდა, რომელიც ცენტრის - მოსკოვის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა ნაციონალური საკითხების გადაჭრის კურსის გამო, რის შედეგადად მათი უმრავლესობა საკვანძო და მნიშვნელოვან თანამდებობებს ჩამოაშორეს. იგი ცნობილი იყო "სტალინის მასწავლებლის" სახელით, რადგან 1926 წელს, სტალინის თბილისში ვიზიტისას, საზეიმო შეხვედრაზე რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში, მისასალმებელ სიტყვაში შეახსენა სტალინს რომ იგი ტფილისელი მუშების შეგირდი იყო, რაზეც საპასუხო სიტყვაში სტალინი დაეთანხმა და არაქელა ოქუაშვილი საკუთარ მასწავლებელთა შორის მოიხსენია. რეალურად, 1899-1900 წლებში, როდესაც სემინარისტი იოსებ ჯუღაშვილი პირველ ნაბიჯებს დგამდა რევოლუციურ მოძრაობაში, უკვე ტფილისის კომიტეტის წევრს - არაქელა ოქუაშვილს, იგი, როგორც ახალგაზრდა "პროპაგანდისტი" დაჰყავდა რკინიგზის მუშათა საიდუმლო წრეებში მეცადინეობების ჩასატარებლად. 1926 წლიდან, საკავშირო კომპარტიაში დაწყებული განხეთქილების და "ოპოზიციური ბრძოლისას" არაქელა ოაქუაშვილი იყო თბილისში არსებული ტროცკისტული ორგნიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. 1926-1928 წლების განმავლობაში სახელმწიფო პოლიტიკურმა სამმართველომ (ე.წ. "გეპეუ") ოპოზიცონერთა უმრავლესობა, მათ შორის არაქელა ოქუაშვილი დააპატიმრა. ისინი კომპარტიიდან გარიცხეს და სსრკ-ს სახვადასხვა მხარეებში გადაასახლეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ არ გადაუსახლებიათ - ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში - გზატკეცილების სამმართველოს ინსპექტორად. 1936 წელს, შინსახკომმა დააპატიმრა და "შრომა-გასწორების კოლონიაში" გადაასახლა არაქელა ოქუაშვილის უფროსი ვაჟი, რკინიგზის მთავარი სახელოსნოების ინჟინერი - არსენა ოქუაშვილი, "კონტრრევოლუციური აგიტაცია-პროპაგანდის" ბრალდებით; არაოფოციალური ცნობით, იგი მოგვიანებით დახვრიტეს გადასახლების ადგილას. 1937 წლის 11 იანვარს შინსახკომმა არაქელა ოქუაშვილიც დააპატიმრა. 1937 წლის 26 ივნისს, სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ, თბილისში, "კონტრრევოლუციური საქმიანობის" ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯა. მან პროცესისას თავი დამნაშავედ არ ცნო. სასჯელის ზომა - დახვრეტა 1937 წლის 31 მაისს იყო სანქცირებული პოლიტბიუროს მიერ (ე.წ. "სტალინური სიები"), რომელსაც ხელს აწერდნენ - იოსებ სტალინი და ვიაჩესლავ მოლოტოვი. დახვრიტეს 1937 წლის 27 ივნისს. მისი მოგონებები, რომელიც გამოსაცემად მზადდებოდა აიკრძალა და შესანახად გადაეცა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის არქივს. 2017 წელს, "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ" არაქელა ოქუაშვილის მემუარის "ჩემი მოგონებების" გამოცემით დაიწყო საგამომცემლო სერია - "აკრძალული მეხსიერება". რეპრესირებული. წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge; netgazeti.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |