Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იულია მლოკოსევიჩი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი. იულია მლიკოსევიჩი იყო ლაგოდეხის ნაკრძალის დამაარსებლის, ცნობილი ნატურალისტის ლუდვიგ მლოკოსევიჩის შვილი. იგი ეხმარებოდა მამას სხვადასხვა საქმეში, მათ შორის ლაგოდეხის დენდრარიუმისა და ლაგოდეხის ხეობის მოვლა-პატრონობაში, ცდილობდა მამის დაწყებული საქმის გაგრძელებას - ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გადაქცევას, ის აქტიურად მუშაობდა და ეხმარებოდა ცნობილ ბიოლოგ კუზნეცოვს, რომელიც საიმპერატორო აკადემიამ სპეციალურად მოავლინა კავკასიაში. იულია ეუფლებოდა ბოტანიკას, სწავლობდა მცენარეებს, ქმნიდა მათ აღწერილობებსა და ჩანახატებს. 1900 წელს, 20 აპრილს, ლაგოდეხის ჩანჩქერთან ახლოს, იულიამ აღმოაჩინა მაშინდელი მეცნიერებისათვის შეუსწავლელი მცენარე – ფურისულა. მან გადაუგზავნა იურევში პროფესორ კუზნეცოვს ეს ენდემი, რომელმაც შემდეგ ამ მცენარეს იულიას ფურისულა უწოდა (Primula Iuliae). იულიამ პეტერბურგში მიიღო უმაღლესი ბიოლოგიური განათლება. დაინტერესებული იყო ბოტანიკით, ენტომოლოგიით, ატარებდა ექსპერიმენტებს და დაკვირვებებს გარეული ფრინველებზე, ცდილობდა მათ მოშენებასა და მოშინაურებას. 1910 წელს იგი გახდა რუსული ენტომოლოგიური საზოგადოების წევრი. 1909 წელს სამეცნიერო ექსპედიციის დროს 78 წლის ლუდვიგ მლოკოსევიჩი დაღესტნის მთებში გარდაიცვალა. იულიას მამის საქმეების გასაგრძელებლად ხშირად უხდებოდა კავკასიაში დაბრუნება და ლაგოდეხში ყოფნა. სწორედ ამ პერიოდში განსაკუთრებულად იყო თავდაუზოგავი მუშაობა საჭირო, რადგან ლუდვიგის ოცნება - ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალის გადაქცევა, უკვე ჭიანურდებოდა. ამასთან, სერიოზული პრობლემად იქცა ხე-ტყის ჭრა და აქაური ბუნების საძოვრებად გადაქცევა, იულიასათვის გახდა ცნობილი, რომ იგეგმებოდა ყუბანის სამხედრო პოლკისათვის სამხედრო-საწვრთნელი მიზნებისათვის ტყის დიდი ნაწილის გადაცემა. იულია მამის მეგობრებს და განსაკუთრებით - კუზნეცოვს წერილებში დაწვრილებით მოახსენებდა აქ არსებული ვითარების შესახებ. სწორედ იულიას წერილობითმა ინფორმაციამ უბიძგა ნიკოლოზ კუზნეცოვს საიმპერატორო აკადემიის წინაშე გამოსულიყო მოხსენებითი ანგარიშით, "ლაგოდეხის ხეობა, როგორც ბუნების ძეგლი, რომელიც მოითხოვს დაცვას". ნიკოლოზ კუზნეცოვის ამ ანგარიშმა კი დააჩქარა ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გადაქცევის საკითხი. იულიას სახელი მოხსენიებულია "იურიევის საიმპერატორო უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის შრომებში". იულია მლოკოსევიჩი დიდხანს ცხოვრობდა ლაგოდეხში, მამისეულ კარმიდამოში. ის დიდი ენთუზიაზმით განაგრძობდა გარეულ ფრინველთა მოშენებას და მათზე დაკვირვებას. მოგვიანებით ბაქოს მახლობლად დასახლდა, სადაც გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. მისი გარდაცვალების თარიღი და დაკრძალვის ადგილი უცნობია. ნატურალისტი. წყარო: სამხრეთ კავკასია: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია: feminism-boell.org; ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.13
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |