The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე კვინიტაძე

ივანე კვინიტაძე
დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1825
გარდაცვ. თარიღი:14 იანვარი, 1897  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის გალავანი, ქ.თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისის გუბერნიაში, აზნაურების ოჯახში. გიორგი კვინიტაძის მოგონებების წინასიტყვაობის ავტორის, თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის ცნობით, ივანეს მამა - სიმონ ჩიქოვანი იმერეთის აჯანყების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, ივანე საქართველოში დარჩა და იზრდებოდა თავად ციციშვილების ოჯახში. 13 წლის ასაკში მან ახალი გვარი - კვინიტაძე მიიღო და რუსეთის სამხედრო სამსახურში ჩადგა. 1839 წელს ჩაირიცხა დაღესტნის მილიციაში და თავი გამოიჩინა შამილის ციხე-სიმაგრის, ახულგოს იერიშში. მონაწილეობდა ღუნიბის აღებაში (1859). ფლობდა რამდენიმე ენას, ხშირად ასრულებდა სადაზვერვო დავალებებს და მთიელებთან ასრულებდა თარჯიმნის ფუნქციას. გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური ძალითა და სიმამაცით. კავკასიაში მოგზაურობის დროს (1858-1859) თან ახლდა ფრანგ მწერალ ალექსანდრე დიუმას. 1873 წელს მონაწილეობდა ხივის (ქალაქი უზბეკეთში, ხორეზმის ოლქში) ლაშქრობაში. ოსმალეთთან 1877-1878 წლების ომის დროს პოლკოვნიკის წოდებით მეთაურობდა დაღესტნის მე-2 არარეგულარულ ცხენოსანთა პოლკს. 1880 წლიდან აქტიურ სამხედრო მოღვაწეობას ჩამოშორდა. სიცოცხლის ბოლომდე ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში. 1881 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა თბილისში, სადაც გარდაიცვალა 1897 წლის იანვარში. მიღბული ჰქონდა მრავალი სამხედრო და საბრძოლო ჯილდო. დაქორწინებული იყო პელაგია სულაძეზე. ჰყავდა 4 შვილი: ბარბარე (დ.1864), ელენე (დ.1866), სოფიო (დ. 1871) და გიორგი (დ. 1874). რუსეთის არმიის მაიორი (1864), პოდპოლკოვნიკი (1869), პოლკოვნიკი (1877); კავკასიის ომისა და რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) აქტიური მონაწილე. საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პირველი და ბოლო მთავარსარდლის, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში, გენერალ გიორგი კვინიტაძის მამა.

წყარო: გიორგი კვინიტაძე, მოგონებები: საქართველოს დამოუკიდებლობის წლები, 1917-1921 (ავტორი) // წ. 1. - თბილისი, ლომისი, 1998. - 280გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1873 - წმინდა გიორგის მე-IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის მე-III ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის მე-III ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას მე-IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას მე-III ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: