შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო თოფურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხუნწი, მარტვილის რაიონი. 1938 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე. 1941 წლის ნოემბერში მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. 1942 წლის სექტემბერში ყუბანის სტანიცა "გარიაჩიე კლუჩის" მახლობლად ფეხში დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა, გერმანელებმა კრასნოდარის ტყვეთა ბანაკში მოათავსეს. 1943 წელს ნიკო თოფურია ქართველი და აზერბაიჯანელი ტყვეებისგან ჩამოყალიბებულ შრომით ბატალიონში ჩაწერეს. ნიკო რეპატრიაციას იმით გადაურჩა, რომ ჩრდილო იტალიაში, ვენეციასთან, ქალაქ პორდენონეში გახსნილ ლაზარეთში მუშაობდა სანიტრად. ლაზარეთში მომუშავე იტალიელებმა ის დამალეს, მერე პარტიზანებს მიეკედლა და გადარჩა. მოგვიანებით ლაზერეთი ინგლისელებმა დაიკავეს, ნიკომ მათთან დაიწყო მუშაობა, მაგრამ ინგლისელთა წასვლის შემდეგ დააკავეს და სამხრეთ იტალიაში კუნძულ ლიპარის გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკში გადაგზავნეს. 1950 წელს, გიორგი აფხაზის თავმჯდომარეობით, დაარსდა "ქართული პოლიტიკური კომიტეტი იტალიაში". ორგანიზაციის მიზანი იყო, დახმარებოდა ქართველთა ასოციაციას ბანაკებში მოთავსებული ტყვეების გათავისუფლებაში. მიუნხენის კოლონიის თავმჯდომარემ, ალექსანდრე კორძაიამ, შუამდგომლობა აღძრა და ტყვეთა გასათავისუფლებლად მემორანდუმით მიმართა იტალიის მთავრობის თავმჯდომარეს, ვატიკანს, წითელ ჯვარს. 1951 წელს ტყვეები ფორმალურად გაასამართლეს, გაათავისუფლეს და ნეაპოლთან, სატრანზიტო ბანაკ ბანიოლაში გადაიყვანეს, სადაც თვითონ გადაწყვეტდნენ, თუ სად უნდოდათ წასვლა. ინგლისურენოვან ქვეყნებში გადანაწილებასა და სამუშაოს შოვნაში ლტოლვილებს დახმარებას უწევდა "ტოლსტოის ფონდი", რომელსაც თეიმურაზ ბაგრატიონ–მუხრანელი ხელმძღვანელობდა. იგი იმავდროულად ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის მოადგილეც გახლდათ და, როგორც იურისტი, ქართველებს იურიდიულ საქმეებსაც უგვარებდა. 1951 წლის აგვისტოში ნიკო თოფურია ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, მუშაობა თავდაპირველად ნიუ–იორკის გარეუბან კოლეჯ–პოინტში, რუსეთის არმიის ყოფილი კაპიტნის, თევდორე გაბელიას ქაღალდის ჭიქების დიდ ქარხანაში დაიწყო. შემდგომში ნიუ–იორკის ვიცე–მერის, ქალაქის სატრანსპორტო გაერთიანების უფროსის კონსტანტინე სიდამონ–ერისთავის ხელშეწყობით გზების რეკონსტრუქციის ინჟინრის დამხმარის თანამდებობა მიიღო. მეტსახელად "ჯორჯიან ამბასადორი" შეარქვეს, რადგან სულ საქართველოს ქებაში იყო. 1956 წელს ნიუ–იორკში გაიცნო ცნობილი ემიგრანტის, ნოე რამიშვილის ნათესავის, ერთეოზ რამიშვილის ქალიშვილი – ელისაბედი. ისინი დაქორწინდნენ, დანაზოგითა და ქართველთა სათვისტომოს დახმარებით, პატარა სახლი იყიდეს, რომელიც ემიგრანტი და "საბჭოთა" ქართველების შეკრების ადგილი გახდა. ნიკო პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად არ ჩართულა, მაგრამ 1959 წლიდან ქართველ ემიგრანტთა მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა პრეზიდენტ ეიზენჰაუერის ინიციატივით გამართულ "დამონებულ ერთა კვირეულებში" და მე-5 ავენიუზე მოწყობილ დემონსტრაციებში. ქართველთა კოორდინატორი ამ მიტინგებზე 1924 წლის აჯანყების მონაწილე გრიგოლ აბულაძე იყო. 1996 წელს 78 წლის ასაკში 55-წლიანი განშორების შემდეგ, ნიკო თოფიურია ქალიშვილთან ერთად პირველად ეწვია სამშობლოს (2010 და 2012 წლებშიც ჩამოვიდა). 1998 წელს გამოცემულ ნიკო თოფურიას წიგნში – "სადაურსა სად წაიყვან", ვრცლადაა გადმოცემული ავტორის თავგადასავალი, დაწვრილებითაა აღწერილი პირველი და მეორე ტალღების ემიგრანტთა მთელი გალერეა, ამერიკის ქართული დიასპორის ცხოვრება. 1999 წელს წიგნი მეორედ გამოიცა სათაურით – "დაბრუნება 55 წლის შემდეგ". ქართველი ემიგრანტი. წყარო:ქართველი ემიგრანტები: emigrantebi.weebly.com; tbiliselebi.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |