Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გაბრიელ ბაჩულაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზემო ალვანი, ახმეტის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი; ასპირანტურაში სწავლობდა გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის სავლე წერეთლის ხელმძღვანელობით. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულება იყო დიალექტიკური ლოგიკა, რომლის პრობლემებს იგი ს. წერეთლის დიალექტიკურ-ლოგიკური თეორიის საფუძველზე ამუშავებდა. ჯერ კიდევ პირველ წიგნში, რომელიც მიძღვნილია კარლ მარქსის "კაპიტალში" წარმოდგენილი ფილოსოფიური კატეგორიების კავშირის გამოკვლევისადმი, საფუძვლიანად შესწავლილია ისტორიული და ლოგიკური მეთოდების ურთიერთობა და მათი როლი სპეციალურ-მეცნიერული კვლევის პროცესში, კატეგორიების ურთიერთ გადასვლა და, საერთოდ, ცნებათა გადასვლის ფორმები, კატეგორიების "წრებრუნვა", გარდაქმნა და ა.შ. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის მეორე (უკანასკნელ) წიგნს, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. მასში განხილულია კატეგორიების დიალექტიკა გნოსეოლოგიური ლოგიკის თვალსაზრისით. აქ ავტორი აკონკრეტებს და აღრმავებს სავლე წერეთლის კონცეფციას გნოსეოლოგიური ლოგიკის შესახებ, რომლის საფუძვლად კატეგორიების დიალექტიკა ძევს. მისი მეცნიერული კვლევის ყურადღების ცენტრში იყო აგრეთვე ზოგადისა და უზოგადესის კატეგორიების ბუნება. მისი აზრით, ზოგადისა და ერთეულის კატეგორიების ერთიანობა კონკრეტულობას ქმნის. ზოგადის შემეცნება აბსტრაქტულ აზროვნებას წარმოადგენს, ხოლო უზოგადესის კატეგორია ფილოსოფიური შემეცნების საფუძვლად ძევს. იგი იკვლევდა აგრეთვე ფილოსოფიური კატეგორიების ბუნებას, მათ როლს მეცნიერულ შემეცნებაში; განსაკუთრებით დაინტერესებული იყო არსების კატეგორიის კვლევით. მთელი ეს მუშაობა დიალექტიკური ლოგიკის, როგორც ფილოსოფიური მეცნიერებისა და უმაღლესი ლოგიკის დასაბუთებას ემსახურებოდა. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1961). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.31-32 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |