Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო სალია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი (ზოგიერთი წყაროს ცნობით სოფელი ვარდისუბანი, თელავის რაიონი). სწავლობდა თბილისსა და პეტერბურგში. პირველი მსოფლიო ომის დროს მუშაობდა მოწყალების დად. 1926 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში. იკვლევდა საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის საკითხებს. პარიზში გაიცნო და ცოლად გაჰყვა ცნობილ ისოტორიკოსსა და ქართველოლოგს კალისტრატე სალიას. 1948 წლიდან სალიების ინიციატივითა და სახსრებით, ასევე, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის დახმარებით, პარიზში გამოვიდა ქართულენოვანი ისტორიულ-ლიტერატურული და სამეცნიერო ჟურნალი "ბედი ქართლისა". 1958 წლიდან ჟურნალს ეწოდა "ბედი ქართლისა – რევიუ დე ქართველოლოჟი" ("ბედი ქართლისა – ქართველოლოგიური მიმოხილვა"). სტატიები იბეჭდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ყოველწლიურად გამოდიოდა ჟურნალის ერთი ან ორი გაერთიანებული ტომი (1984 წელს გამოვიდა ბოლო – 41-ე ტომი). "ბედი ქართლისამ" თავის გარშემო შემოიკრიბა უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგები. ჟურნალში იბეჭდებოდა ქართველი, აზერბაიჯანელი და ჩრდილოეთკავკასიელი საბჭოთა მეცნიერების სტატიები. ჟურნალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ჟურნალის სამეცნირო საბჭოში, რომლის თავმჯდომარეც კალისტრატე სალია იყო, შედიოდნენ: ი. ასფალგი (მიუნხენი), ჟ. დიუმეზილი (პარიზი), რ. ლაფონი (ბორდო), დ. ლენგი (ლონდონი), ი. მელიქოვი (სტრასბურგი), შ. მერსიე (პარიზი), ი. მოლიტორი (ბამბერგი), ბ. უტიე (საბლე–სიურ–სართი), კ. პარი (პარიზი), გ. პეჩი (იენა), კ. ჰ. შმიდტი (ბონი), მ. ვან ესბროკი (ბრიუსელი), ჰ. ფოგტი (ოსლო), მ. წერეთელი (მიუნხენი). ჟურნალის რედაქტორი იყო კალისტრატე სალია, საგამომცემლო და სარედაქციო საქმეს ხელმძღვანელობდა ნინო ქურციკაშვილი-სალია. ნინო და კალისტრატე სალიები აქტიურად ეხმარებოდნენ დამწყებ უცხოელ ქართველოლოგებს. ცდილობდნენ, სამეცნიერო კვლევები ქართველ მეცნიერებთან მჭიდრო კავშირში ეწარმოებინათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მათ, 1980 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტს გადასცეს მდიდარი ბიბლიოთეკა, რომლის ბაზაზეც შეიქმნა სალიების კაბინეტი–ფონდი. ხელნაწერთა ცენტრში გახსნილია ნინო სალიას სახელობის ბიბლიოთეკა, აქ დაცულია 4400 ერთეული წიგნი და პერიოდული გამოცემა ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, ბერძნულ, ესპანურ, ლათინურ და სხვა ენებზე. მემორიალურ კაბინეტში ინახება კალისტრატე და ნინო სალიების პირადი ნივთები, რომლებსაც სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი აქვთ მინიჭებული. ნინო სალიას გამოქვეყნებული აქვს მეცნიერული ნაშრომები: "ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები", 1971; "წმინდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევის შესახებ", 1972; "საქართველო: (ისტორიულ–კულტურული მიმოხილვა). თანაავტორები: კ. სალია და ვ. ბერიძე, 1972; "პორტუგალიური მასალები ქეთევან დედოფლის წამებაზე", 1973. ისტორიკოსისა და ქართველოლოგის კალე (კალისტრატე) სალიას მეუღლე. ქართველოლოგი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.174
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |