Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოლანდა მარშევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ციურიხი, შვეიცარია. 1939 წელს დაამთავრა გიმნაზია. სწავლობდა რომანულ და კლასიკურ ენებს. ციურიხის უნივერსიტეტში პროფესორ კიტა ჩხენკელის ხელმძღვანელობით შეისწავლა ქართული ენა და ლიტერატურა. მონაწილეობდა კიტა ჩხენკელის მიერ გერმანულ ენაზე გამოცემული "ქართული ენის შესავლის" და "ქართულ-გერმანული ლექსიკონის" შედგენაში. კიტა ჩხენკელის გარდაცვალების შემდეგ იოლანდა მარშევს დაევალა ამ ლექსიკონის დასრულება. რუთ ნოიკომთან და ლეა ფლურთან ერთად მან ლექსიკონის გამოცემა დაამთავრა 1974 წელს (გამოიცა 3 ტომად). 1974 წელს ციურიხის კანტონის ხელმძღვანელობამ "ქართულ-გერმანულ ლექსიკონზე" მომუშავე კოლექტივი ღვაწლისა და ლექსიკონის გამოსაცემად გაწეული მრავალწლიანი მუშაობისათვის ლეა ფლური, იოლანდა მარშევი და რუთ ნოიკომი დააჯილდოვა. 1964 წლიდან განაგებდა ქართული ენის კათედრას ციურიხის უნივერსიტეტში. ასწავლიდა ქართულ ენას, კითხულობდა ლექციებს ქართული ენის სტრუქტურისა და ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებზე. იოლანდა მარშევმა ქართული კულტურას და ქართულ საქმეს მთელი ცხოვრება შესწირა. იგი იყო შვეიცარიაში "საქართველოს მეგობართა ასოციაციის" ერთ-ერთი დამაარსებელი. ავტორია მრავალი სტატიისა და პროექტის, მისი თაოსნობით გამოცემულია საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი წიგნი. მისი სახლი ციურიხში წარმოადგენდა ქართული კულტურის კერას ევროპაში, სადაც უმდიდრესი ქართული ბიბლიოთეკა იყო განთავსებული. აქვე ინახებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და დავით კაკაბაძის ტილო სერიიდან "იმერეთის პეიზაჟები" (საფრანგეთში გადასახლებაში მყოფი საქართველოს მთავრობის მიერ გადაცემული), უძველესი მონოგრაფიები ვატიკანის ბიბლიოთეკიდან და საქართველოსთან დაკავშირებული უნიკალური შრომები. იოლანდა მარშევის სახლს სტუმრობდნენ ცნობილი მეცნიერები, კულტურის მოღვაწეები, პოლიტიკოსები, იმართებოდა დისკუსიები საქართველოს ირგვლივ. თვით სახლი კი საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა 1982 წელს. იგი შეყვანილია ქართულ და შვეიცარიულ ენციკლოპედიებში, მასზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი ქართული კულტურის წინაშე გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის მას 2008 წელს მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება. 1998 წლიდან იოლანდა მარშევი ცხოვრობდა აშშ-ში, მასაჩუსეტის შტატში, თავისი ნათლულის, თენგიზ ტყებუჩავას ოჯახში. გამოსაცემად გამზადდა ვრცელი თანამედროვე ქართულ-გერმანული ლექსიკონი მოკლე ქართული გრამატიკის თანხლებით გერმანულ ენაზე, საქართველოს ისტორია და ქართული ლიტერატურა, ლათინური სახელმძღვანელო, როგორც ქართულ ასევე ინგლისურენოვანთათვის და ვრცელი ლათინურ-ქართული ლექსიკონი (დოქტორ თენგიზ და იო-ელენე ტყებუჩავასთან ერთად). იოლანდა მარშევის თანადგომით შეიქმნა თენგიზ ტყებუჩავას ვრცელი ინგლისურ-ლათინურ-ქართული და გერმანულ-ლათინურ-ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონები. ასევე მომზადდა ამ სამედიცინო ლექსიკონების უკუვარიანტები, ქართულ-ლათინურ-ინგლისური და ქართულ-ლათინურ-გერმანული. ასევე, ქართველ კლასიკოსთა თარგმანები გერმანულ და ინგლისურ ენებზე (უკანასკნელი, იო-ელენე ტყებუჩავას ასისტენტობით). 2013 წელს, იოლანდა მარშევმა, მასწავლებლისა და კოლეგის, კიტა ჩხენკელის გარდაცვალებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით, საინტერესო მოგონება გამოაქვეყნა ჟურნალში "ჩვენი მწერლობა" (N26 (208), 27 დეკემბერი, 2013). იოლანდა მარშევი წერდა მემუარებს ქართულ და გერმანულ ენებზე, აქტიურად თარგმნიდა ქართულ ლიტერატურას. შვეიცარიელი ქართველოლოგი. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.303; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ.,1983.-გვ. 472; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.562 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |