The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მელქისედეკ გუნთაიშვილი

მელქისედეკ გუნთაიშვილი
Date of birth:1873
Date of death:1929  (at 56 years)
Burial location:კვირიკეთის ეკლესიის ეზო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
Category:Laborer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კვირიკეთი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

მელქისედეკ გუნთაიშვილი  პირველად ფირალად გავარდა 1889 წელს. 18 წლის მელქისედეკი ბათუმში მანთაშევის ქარხანაში მუშაობდა. აჭარაში ებრძოდა ხოჯებს და ბეგებს ებრძოდა, ამიტომ იგი შეიპყრეს და გადააგზავნეს ქუთაისში, სადაც მას 12 წლიანი კატორღა და სახალინზე სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს. სახალინზე მან ოთხი წელი გაატარა და 1904 წელს გაიქცა. ჯერ აზერბაიჯანში იმალებოდა, შემდეგ სოხუმში, სადაც ტერაქტების სერია მოაწყო და 17 სტრაჟნიკი მოკლა. სოხუმში გუნთაიშვილის დაჭერისათვის ხელისუფლებამ ჯილდო - ხუთი ათასი მანეთი დააწესა. აფხაზეთიდან ის ეპისკოპოსის ანაფორით, პარიკითა და წვერით შენიღბული გაიპარა. მშობლიურ სოფელ კვირიკეთში დაბრუნებისთანავე ის ტერორისტულ საქმიანობაში ჩაება და მონაწილეობდა პოლიციელებზე თავდასხმასა და იარაღის გატაცებაში. მთავრობამ ისევ დაუწყო დევნა, მისი შეპყრობისთვის აქაც ჯილდო დაწესდა. გუნთაიშვილი დიდ ავტორიტეტით სარგებლობდა. მელქისედეკ გუნთაიშვილი რომ ვერ დაიჭირეს, დედამისი და მისი ძმა აპოლონი დააპატიმრეს. განრისხებულმა გუნთაიშვილმა ოზურგეთის მაზრის უფროსის მოკვლა გადაწყვიტა. ერთხელ მაზრის უფროსმა მახარაძემ კრება მოიწვია და მოსახლეობა გააფრთხილა იმ მოსალოდნელ შედეგებზე, რაც ფირალთა მფარველებს ელოდათ. ასევე წარუდგინა ფირალთა ხელშემწყობთა 30 კაციანი სია. გუნთაიშვილი თავის ამხანაგებთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ დათიკო შევარდნაძე, სიმონ ბურჭულაძე, კოლია შავიშვილი, კიკია მამულაიშვილი ღამით მაზრის უფროსს დაადგნენ სახლში. მახარაძეს სუფრა გააშლევინეს, იქეიფეს, შემდეგ გამოატანინეს სია და ბუხარში დაწვეს. გუნთაიშვილი ერთ ხანს გიგო ერქომაიშვილის ოჯახში იმალებოდა. ამ ოჯახს სხვადასხვა დროს სტუმრობდა სისონა დარჩია, დათიკო შევარდნაძე, გოგია ღლონტი. გუნთაიშვილი დღე ოდის სახურავზე იმალებოდა, ღამით კი ჩამოდიოდა და სამზადისში ძმებ ერქომაიშვილებთან ერთად ქეიფობდა და მღეროდა. მას იმდენად კარგი ხმა ჰქონდა, რომ ერთხელ მისთვის არტემ ერქომაიშვილს უთქვამს: "შენ რომ მთავრობა შეგირიგდეს, აუცილებლად ჩემს გუნდში ჩაგრიცხავდიო". არსებობს ცნობა, რომ ერთ კრებაზე, რომელიც გაიმართა ვლადიმერ ერქომაიშვილის ოჯახში, დაახლოებით 1904–1905 წლებში, მელქისდეკ გუნთაიშვილს იქ მიუყვანია სოსო ჯუღაშვილი. კრებას ასევე ესწრებოდნენ ფილიპე მახარაძე, ჭოლა ლომთათიძე, დიომოდე შალიკაძე და სხვები. ერთ საღამოს გიგო ერქომაიშვილს ალფეს თოიძემ შეატყობინა, რომ სტრაჟნიკები მაკვანეთში გუნთაიშვილის მოძებნას აპირებდნენ. ძმებმა ერქომაიშვილებმა მელქისედეკი სოფელ გომში მიიყვანეს თავიანთ მეგობრის ოჯახში. სამშვიდობოს გასულმა გუნთაიშვილმა ძმებ ერქომაიშვილებს მადლობის ნიშნად ლექსი მიუძღვნა (გადმოცემით გუნთაიშვილი ლექსებსაც წერდა). ამ ლექსზე მოგვიანებით არტემ ერქომაიშვილმა სიმღერა შეთხზა. გუნთაიშვილი სხვა ცნობილ ტერორისტებთან ერთად გაერთიანებული იყო წითელ რაზმში და მათთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნასაკირალის ბრძოლაშიც. მას ბევრი ტერორისტული აქტი აქვს მოწყობილი, მათ შორის, გაძარცვა ორი სარკინიგზო ეშელონი და მოკლა პოლკოვნიკი კრილოვი. ირკუტსკში მოკლა გენერალი მიშლევსკი. 1905 წელს რევოლუციურმა კომიტეტმა გუნთაიშვილს ბათუმში ვინმე ალექსეევის მოკვლა დაავალა. მელქისედეკი მას ბაზარში დაესხა თავს, დაჭრა, მაგრამ ალექსეევი ხალხმრავლობამ იხსნა, თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ ის საქართველოში აღარ გამოჩენილა. აზერბაიჯანში  იგი კოლია შავიშვილთან ერთად ტერორისტული აქტის მოწყობას აპირებდა, მაგრამ ისინი გასცეს, დააპატიმრეს და გურიაში გამოაგზავნეს. დაპატიმრებულებმა ნატანების სადგურიდან გაქცევა მოახერხეს. 1905 წლის რევოლუციის ჩახშობის შემდეგ  ის რეპრესიებს გადაურჩა, მაგრამ ფირალობას ისევ განაგრძობდა. 1909 წელს მელქისედეკ გუნთაიშვილმა მოკლულ ფირალ დათიკო შევარდნაძეს ლექსი მიუძღვნა. 1918 წელს თურქეთმა ოზურგეთი და გურიის ნაწილი დაიკავა, ჯარი ძარცვავდა და აწიოკებდა მოსახლეობას. გუნთაიშვილმა სხვებთან ერთად პარტიზანული ბრძოლა გააჩაღა თურქების წინააღმდეგ და როგორც ამბობენ, დიდი ზარალი მიაყენა. გასაბჭოების შემდეგ მელქისედეკ გუნთაიშვილი ქობულეთში კომისრის თანამდებობაზე მუშაობდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ოზურგეთის ბაზარში ჩხუბისას მელქისედეკის ძმას, სამსონს შემოაკვდა ვინმე თავართქილაძის ბიძაშვილი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ თავართქილაძე "ტროიკის" წევრი გახდა და გადაწყვიტა სამაგიეროს გადახდა. სამსონი დაიჭირეს და დახვრიტეს. ამის გამო თავართქილაძე ციხეში ჩასვეს, მაგრამ გავლენიანი ნაცნობ-მეგობრების დახმარებით მან მალე დაიხსნა თავი. გათავისუფლებული თავართქილაძე გუნთაიშვილმა მოკლა, ამის შემდეგ გუნთაიშვილმა ისევ აიღო ხელში თოფი და ფირალობას დაუბრუნდა. მას ამჯერად საბჭოთა მილიცია დასდევდა. გუნთაიშვილი და მისი მეგობარი ფირალები შამილ დარჩია და ჯამბულეთ ღლონტი თურქეთის გავლით საფრანგეთში აპირებდნენ გაქცევას. ისინი ოზურგეთთან ახლოს ერთ ოჯახში აფარებდნენ თავს, მაგრამ ღლონტმა ისინი გასცა. მათ თავს მილიციონერთა დიდი რაზმი დაესხა. ორმხრივი სროლის შედეგად გუნთაიშვილი დაიჭრა. დაჭრილი გუნთაიშვილი ცხენის ძუაზე გამოაბეს და მანამდე ათრიეს, სანამ არ მოკვდა. ეს მოხდა 1929 წელს (სხვა მონაცემებით 1933 წელს).

წყარო: გურული ფირალები / ირაკლი მახარაძე.-თბ.,2008.-გვ.123-129; kvirispalitra.geold.tbiliselebi.ge


Share: