შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო ბელიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1925 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიურ ფაკულტეტზე, მაგრამ ძალიან მალე არალეგალურად გადაჭრა საქართველო-თურქეთის საზღვარი და გადავიდა თურქეთში, საბოლოოდ კი საფრანგეთში - ჯერ მარსელში, შემდეგ კი პარიზში დაეფუძნა. უსახსრობამ ხელი შეუშალა უმაღლესი განათლების მიღებაში. მან მხოლოდ ფრანგული ენის საგანგებო კურსები დაამთავრა და სრულყოფილად დაეუფლა ფრანგულს, რაც აუცილებელი იყო შრომითი საქმიანობისთვის. მუშაობდა მშენებელ მუშად, მაღლივ მემონტაჟედ დიდ სიმაღლეებზე. ლ. ბელიაშვილს მრავალმხრივი ინტერესები გააჩნდა, მაგრამ მისი ნიჭი სათანადოდ ვერ განვითარდა ემიგრანტული ცხოვრებისათვის სახასიათო სირთულეების გამო. მან თვითგანვითარებას მიჰყო ხელი - საშუალება მიეცა ესარგებლა უმდიდრესი ბიბლიოთეკით, რომელიც ოდესღაც ალ. დიუმას ეკუთვნოდა. წერდა მინიატურებს, ნარკვევებს, თეთრ ლექსებს, რომელთაც აქვეყნებდა ემიგრანტულ პრესაში. ლ. ბელიაშვილმა ფრანგულ ენაზე დაწერა გამოკვლევა: "რუსთაველის და დანტეს იდუმალი" (Les Secrets de Rousthaveli et de Dante Aliguiery. Premier discours), რომელიც რუსთაველის კოსმოგრაფიულ შეხედულებებს (სამყაროს აგებულება, მზის სისტემა, პლანეტების მოძრაობა, მათი გამომწვევი მიზეზები...) ეძღვნება. ეს ნაშრომი თვითონვე თარგმნა ქართულად და თავისი ხარჯით დასტამბა პარიზში. წიგნის გამოცემამდე, 1953 წელს მან "სოსიეტე-დე-სავანის" დარბაზში გააკეთა პირველი საჯარო მოხსენება აღნიშნულ საკითხებზე, მეორე კი - ლასკასის დარბაზში 1954 წელს. სულ განზრახული ჰქონდა ოთხი მოხსენების გაკეთება და ოთხ წიგნად გამოცემა, რაც აღარ დასცალდა. აღნიშნული ნაშრომის პირველი წიგნი ("სიტყვა პირველი") 1956 წელს, ხოლო მეორე ("სიტყვა მეორე") 1957 წელს გამოიცა. 1960 წელს ის ინახულა მისმა ძმამ, მწერალმა აკაკი ბელიაშვილმა, რომელიც კინემატოგრაფისტთა საკავშირო დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმავალი გზად პარიზში გაჩერდა. ძმებს დრამატული შეხვედრა ჰქონდათ. ლადო ბელიაშვილს საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია და არც უშუალო მემკვიდრე დარჩენია. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან საბჭოთა მთავრობისაგან სამშობლოში დაბრუნების ნებართვა ითხოვა და პასუხის მიღებამდე მოულოდნელად, 1961 წლის 1 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა სამუშაოზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო. მას ემიგრანტმა ქართველებმა უჭირისუფლეს და ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს. ლადო ბელიაშვილის ნეკროლოგი დაბეჭდილია პარიზში გამომავალი გაზეთის "ჩვენი დროშა" ("Notre Drapeau") 1961 წლის ოქტომბრის ნომერში. ქართველი ემიგრანტი. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |