The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხუსრევ მეჰმედ ფაშა

ხუსრევ მეჰმედ ფაშა
დაბადების თარიღი:1765
გარდაცვ. თარიღი:1855  (90 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ეიუბის სასაფლაო, სტამბოლი, თურქეთი
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ხუსრევ ფაშა დაიბადა საქართველოში. ბავშვობაში მომავლის გამოჩენილ პირთან, კაპუდან ფაშა ქუჩუკ ჰუსეინთან ერთად იზრდებოდა. შემდეგში კი პირველი მეორის ხაზინადარი გახდა. 1804 წლიდან იყო ეგვიპტის ფაშა. მას წინ აღუდგა მეპმედ ალი, რომელიც მის მიერ იყო დანიშნული კაიმაკამად და აიძულა უარი ეთქვა ეგვიპტის მმართველობაზე (1806). ხუსრევ ფაშა თურქეთში დაბრუნდა. ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ იყო კაპუდან ფაშა (ამ თანამდებობის ქვეშ, საბერძნეთის განმათავისუფლებელი ომის დროს, დაიპყრო და გაანადგურა ფსარას კუნძული 1824 წლის ივნისში, შემდეგ გაემართა სამოსისაკენ, სადაც მას შეუერთდა ეგვიპტის ფლოტი), ტრაპიზონის გუბერნატორი (შავი ზღვის რეგიონში წარმართავდა ოსმალეთის ცენტრალური ხელისუფლების ბრძოლას ადგილობრივი მმართველი ფეოდალების წინააღმდეგ) და სპარსეთის საზღვრებზე ჩაყენებული ჯარების გენერალსიმუსი. მორეიას ომის დროს მეორედ გახდა დიდი ამირბარი. შემდეგ იყო სრუტეების გენერალური ინსპექტორი (ბოღაზ-ნაზირი) და ბოლოს, 1827 წელს, ოსმალეთის არმიების სერასკირი, ე.ი. გენერალსიმუსი) თან ებოძა სამხედრო მინისტრის პორტფელი. სერასკირად დანიშვნის შემდეგ, გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით მოახდინა არმიის რეორგანიზაცია. 1838 წლიდან იყო დიდვეზირი. მაჰმუდ II-ის სიკვდილის შემდეგ, 1839 წელს, გარკვეული დროის მანძილზე იყო ქვეყნის ფაქტიური მმართველი. ორ წელიწადში თანამდებობა დაატოვებინეს და როდოსტოში გადაასახლეს, შემდეგ შეიწყალეს და ერთხანს უპორტფელო მინისტრი იყო. ხუსრევ ფაშას დამსახურებად ითვლება ტყვეთა ბაზარზე ასამდე ბავშვის ყიდვა, რომლებიც შემდგომში მნიშვნელოვან თანამდებობებზე აღზევდნენ. ხუსრევ მეჰმედ ფაშა ქველმოქმედებით გამოირჩეოდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ოსმალეთის იმპერიაში. მან პირველი სამხედრო სკოლა გახსნა ტაქსიმზე. მის მთავარ დამსახურებად კი სტამბულში, ეიუპ სულთნის უბანში გახსნილ ბიბლიოთეკას ასახელებენ. ფაშამ ბიბლიოთეკას 1015 წიგნი შესწირა. წარმოშობით ქართველი.

წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.184


გააზიარე: